Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი: რა მოხდება პარლამენტთან 26 ნოემბერს?


18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა
18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა

პერმანენტული მწვავე აქციები, პარლამენტისა და სხვა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების მიღწევამდე - ასეთია ოპოზიციური ერთობის გეგმა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პიკეტირებას, დიდი ალბათობით, ისევ ძალით დაუპირისპირდება. ოპოზიციის ლიდერები მზად არიან წინააღმდეგობისთვის.

ოპოზიცია "საუკუნის აფიორის" წინააღმდეგ

25 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე გაიმართება მასშტაბური მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო 26 ნოემბერს - აქციის მონაწილეები მოახდენენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი გუგავა, ოპოზიციური ერთობის შეხვედრების მასპინძელი პარტიის, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი.

პიკეტირება შეგნებულად დაიგეგმა 26 ნოემბერს, როცა პარლამენტში პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.

გუგავას თქმით:

  • პარლამენტის პიკეტირება იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი;
  • აქციის მონაწილეები არ გაცდებიან კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ ჩარჩოებს;
  • აქციებისა და პიკეტირების აკრძალვის უფლება არავის აქვს, მით უმეტეს - იმ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც თავად ხელისუფლებამ შექმნა.

„ჩვენ გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ ის უმსგავსობა, ამორალობა, საუკუნის აფიორა, რომელიც ჩაატარა (ბიძინა) ივანიშვილმა და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას... კონსტიტუციის ჩარჩოდან სწორედ ისინი („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები) გავიდნენ“, - ამბობს გუგავა.

ადმინისტრაციული შენობებისა და მათ შორის - პარლამენტის პიკეტირების პროცესს უერთდება თითქმის ყველა ცნობილი პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, მცირედი გამონაკლისით.

18 ნოემბერს, როცა ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია სპეცრაზმელების ძალითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, აქციის მონაწილეები მაშინვე ამბობდნენ, რომ - პიკეტირების პროცესი გაგრძელდებოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აქციის მონაწილეებს სრული უფლება აქვთ, მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და იქ დადგნენ. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მან აღნიშნა:

  • „მშვიდობიანი პიკეტირების დროს საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ ადგილზე დგომის უფლება აქვს“;
  • „პოლიციას შეუძლია, რომ მოვიდეს და ძალით გამწიოს, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ მე ჩემს წინააღმდეგობას გამოვხატავ“.

20 ნოემბერს, ბრიფინგზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია „კოორდინირებულად“ მოქმედებს და უკან დახევას არ აპირებს. გეგმა ასეთია:

  • „პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა ყველა იმ პოლიტიკური სამიზნისთვის - იქნებიან ესენი მაჟორიტარები... პარლამენტის სხდომა, მთავრობის სხდომა, სხვადასხვა დროს... სხვადასხვა ადგილას - შეუძლებელი იქნება მათთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება“
  • „მოუწევთ ისევ ასეულობით და მეტი სპეცრაზმელის გამოყვანა, თუ სურთ, რომ მოიპოვონ ბიუროს ჩატარების უფლება...“;
  • „ვნახოთ, რამდენს გაუძლებენ და გაქაჩავენ“.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, იოლად წარმოსადგენია, რომ 26 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან საზოგადოებამ შესაძლოა ისევ სპეცრაზმელები, სპეცტექნიკა და აქციის ძალისმიერი დაშლის პროცესი იხილოს. ამ ეტაპზე შედეგების პროგნოზირება ყველას უჭირს.

18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს არც მომავალში მისცემს პარლამენტის შენობის ბლოკირებისა და დეპუტატების საქმიანობისთვის ხელის შეშლის საშუალებას.

„პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

რას ამბობს კონსტიტუცია და კანონი

საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, შეკრების თავისუფლებას 21-ე მუხლი ეთმობა. კონსტიტუციის მოთხოვნა ასეთია:

  • ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
  • კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
  • ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

უფრო კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი საქართველოს კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“. ტექსტში არ არის ნახსენები სიტყვები „პიკეტირება“ და „პარლამენტი“. თუმცა ნახსენებია სიტყვა „ბლოკირება“, რაც იურისტების თქმით - არსით იგივეა.

კანონის მე-9 მუხლში ნათქვამია:

  • მე-3 პუნქტი: „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება“;
  • მე-4 პუნქტი: „ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა“.

მე-4 პუნქტის მიხედვით, "გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" და ისე, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი“.

იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება ფორმალურად კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. თუმცა საკითხზე მსჯელობას აუცილებლად მოჰყვება განმარტება - რომ დაწყებულ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შეუსრულებელი დაპირების გამო.

პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება

„ხელისუფლება, რომელმაც მოქალაქეებს წაართვა უფლება, მათი წარმომადგენლები შესულიყვნენ პარლამენტში, არ უნდა იყენებდეს საპოლიციო ძალას იმის გამო, რომ შემდგომ თავად ეს მოქალაქეები პარლამენტის წევრებს სამუშაო ოთახებში ერთი დღით არ უშვებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ.

პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

კონსტიტუციონალისტ ალიკა კუპრავას თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია უმნიშვნელოვანესი კონტექსტი:

  • პარლამენტის შენობა არის ხალხის ძალაუფლების სიმბოლური გამოხატულება;
  • ამ შენობაში მომუშავე დეპუტატები, ანუ ხალხის წარმომადგენლები, არ გამოხატავენ ხალხის ნებას - არ შესრულდა ხალხისთვის მიცემული დაპირება პროპორციული არჩევნების შესახებ;
  • შესაბამისად, კონსტიტუციური უფლების ფარგლებში ჯდება პარლამენტის შენობის პიკეტირება თუ მოწოდება - დეპუტატების იმ შენობაში არშეშვების შესახებ, რომელიც ხალხის ძალაუფლების სიმბოლური გამოხატულებაა.

„ხელისუფლებას აქვს მცდელობა, რომ მიითვისოს ხალხის ძალაუფლება... თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაიტანა პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოდან მაშინ, როდესაც არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირება... ყველაფერზე, რაც ქუჩაში ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, - უთხრა ალიკა კუპრავამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG