Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუსრულებელი დაპირება: ვინ დაარწმუნებს პარტნიორებს?


„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ორ დღეში თორმეტმა წევრმა დატოვა. იმედგაცრუებული კიდევ ბევრია. გაჩნდა შეკითხვები - საერთოდ ხომ არ დაკარგავს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას და რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში? თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უარესია ის, რაც დღეს ხდება - 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირების არშესრულებამ მკვეთრად შეარყია მის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „ძალის მოკრებასა“ და უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას გეგმავს.

წასულებისა და დარჩენილების არითმეტიკა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მშვიდად რჩება 40 დეპუტატი (ძირითადად მაჟორიტარები), რომელთა ძალისხმევითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება.

  • პარტიის ლიდერებს მათთვის არც საჯარო საყვედური უთქვამთ და არც განსაკუთრებული გულისწყრომა გამოუხატავთ მათი მისამართით;
  • ლაპარაკიც არ ყოფილა პასუხის მოთხოვნაზე მოულოდნელი „ამბოხის“ იმ მოთავეთათვის, რომლებმაც სულ რაღაც 2 დღეში შეძლეს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 24 ივნისის დაპირების განულება.

პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა რიგებში ვხვდებით იმ დეპუტატებსაც, რომლებიც თავად იყვნენ კანონპროექტის ინიციატორები (მაგალითად: დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია და სხვები). შესაბამისად, ამ ყველაფრის უკან ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილ სცენარს.

სამაგიეროდ, ჩავარდნილი კანონპროექტის გამო „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უკვე დატოვა 12-მა სხვა დეპუტატმა: 14 ნოემბერს - ჯერ რვამ და მერე - ერთმა, ხოლო 15 ნოემბერს კიდევ სამმა. სია ასეთია: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინე ფრუიძე, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გუგა ბუკია.

თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობის დატოვების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უმრავლესობის სხდომებზე მან 13 ნოემბერსაც თქვა და 14 ნოემბერსაც გაიმეორა, რომ - პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდების შემთხვევაში, ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა იგივე იცოდნენ სხვებზეც.

  • „უმრავლესობაში ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე აღარავინ დარჩა... ალბათ კომპიუტერული ტექნიკა გააქვთ და პარლამენტში ხინკლის, ლუდისა და ნარდის შეტანას აპირებენ“ - ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი;
  • „ამ დეპუტატების გადაწყვეტილება მისასალმებელია - ქართულ პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება ადამიანები, რომლებიც რაღაც მომენტში იტყვიან უარს მორჩილებაზე“ - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა 15 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ წასული დეპუტატები, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამ ფაქტს თალაკვაძემ „სამწუხარო“ უწოდა, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს უმრავლესობიდან წასულების გადაწყვეტილებას.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების თვალში

ფაქტია, რომ მომხდარმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო: 14 ნოემბერს გულის დაწყვეტა გამოხატა აშშ-ის საელჩომ საქართველოში; ხოლო 15 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მივიდა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ჰარცელმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება და პოლარიზაციის გაზრდის რისკებზე ილაპარაკა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ყველაფერი გამოსწორდება: საქართველოში 2020 წლის არჩევნები მართალია პროპორციული სისტემით არა, მაგრამ მაღალი სტანდარტებით ჩატარდება და საერთაშორისო პარტნიორებთანაც საერთო ენა გამოინახება. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ასახსნელი ჯერ ისევ ბევრია:

  • „ჩვენ აუცილებლად მივაწვდით მათ მეტ არგუმენტს... ჩვენ აუცილებლად გვექნება მეტი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან“;
  • „გვექნება მეტი საუბარი - თუ როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ პოზიციის ჩამოყალიბება“;
  • „ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი და დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან არჩეული“.

საქმე იოლად გამოსასწორებლად არ მიაჩნია ანალიტიკოს ზვიად აბაშიძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:

„საერთაშორისო პარტნიორების თვალში მთავრობის ლეგიტიმაცია და ნდობა თითქმის გამქრალია უკვე... მკვეთრად შერყეულია... ელჩები პარტიის ოფისებში ტყუილად არ დადიან...

მთავრობებს ხშირად ესაჭიროებათ საერთაშორისო მხარდაჭერა და თუ მხარდაჭერას დაკარგავენ, ამ მთავრობების საქმე მერე კარგად არ არის ხოლმე... ეს ალბათ პარტიის მეთაურს ესმოდა, და თუ არ ესმოდა, მაშინ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვყოფილვართ... არ ვიცი, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან“.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა უმრავლესობიდან იმ წევრების გასვლით, რომლებიც თავიანთი საქმიანობით პირდაპირ კავშირში იყვნენ ევროკავშირისა თუ ნატოს სტრუქტურებთან.

უმრავლესობიდან წასულებმა პოსტების დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. მათ შორის არიან:

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირინე ფრუიძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო ქაცარავა;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ფაქტია, რომ უმრავლესობაში მტკიცედ პროდასავლურად განწყობილი დეპუტატების რიცხვი შეცოტავდა... თუ ეს შეგნებულად ხდება, მაშინ საერთოდ დავღუპულვართ...“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზვიად აბაშიძე.

გია ხუხაშვილს დეპუტატების გადაწყვეტილება არ უკვირს, რადგან უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გათვალისწინებით, ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„ეს ადამიანები დადიოდნენ უცხოეთში, ხელისუფლების სახელით პირობას იძლეოდნენ - 2020 წლის არჩევნები საქართველოში პროპორციული სისტემით ჩატარდებაო... ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა... ეს იყო მათთვის რეპუტაციული დარტყმა და ბუნებრივია, ძნელი ასატანია... ხელისუფლების დაპირებების მიმართ ნდობა კი განულდა, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე“.

დაიშლება თუ არა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა?

კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს, მასში შემავალი დეპუტატების რიცხვი 76-ზე ნაკლები უნდა იყოს.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, კენჭისყრის შედეგებმა ბევრი გაანაწყენა, მაგრამ გასვლის გადაწყვეტილება სხვას ჯერ არავის გამოუცხადებია. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, უმრავლესობის დაშლის მოლოდინი არ არსებობს.

  • 14 ნოემბრამდე უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების რიცხვი 104-ს შეადგენდა;
  • მას შემდეგ, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, დეპუტატების რაოდენობა 92-ს გაუტოლდა;
  • იმისათვის, რომ დაშლილად გამოცხადდეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კიდევ 16-მა დეპუტატმა უნდა დატოვოს.

„უმრავლესობა არ დაიშლება... ხვალ (16 ნოემბერს) გვექნება უმრავლესობის სხდომა - ჩვენ მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

14 ნოემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღეს, უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ეს უმრავლესობის გუნდის შესანარჩუნებლად გაკეთდა. მაჟორიტარების ნაწილი უმრავლესობის დატოვებით იმუქრებოდა. თუკი პროპორციული არჩევნების მოწინააღმდეგე 40-ვე დეპუტატი ასე მოიქცეოდა, სულ 64 დეპუტატი დარჩებოდა და უმრავლესობა დაიშლებოდა.

როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში ავტომატურად არ დადგება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი. ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც, ვთქვათ, ბიუჯეტის კანონის ჩაგდების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG