დასავლეთ სირიაში ძალადობის ტალღამ, ერთი მხრივ, გააჩინა კითხვები, თუ რამდენად შეუძლია გარდამავალ მთავრობას გააკონტროლოს მასთან დაკავშირებული ძალები და ამასთანავე, ყურადღება მიაპყრო რუსეთისა და ირანის სავარაუდო ზეგავლენას სირიის საქმეებში.
სხვადასხვა უფლებადამცველმა ჯგუფმა, რომლებიც აკვირდებიან ვითარებას სირიაში, აღნუსხა 800-ზე მეტი მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, მას შემდეგ, რაც 6 მარტს მოხდა შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ჩამოგდებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მომხრეთა შორის.
მეამბოხე დაჯგუფებებმა აჰმად ალ შარაას მეთაურობით, მთავრობა დაამხვეს ელვისებური შეტევით 2024 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა ასადის ოჯახის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა სირიაში.
ასადის მთავრობას მხარს უჭერდნენ რუსეთი და ირანი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს კავშირებს ახალ მთავრობასთან, ირანი მთლიანად გამოირიცხა.
ტყვიით მოკლული კაცები
უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის არის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა არიან ალავიტები, უმცირესობის თემის წევრები.
ალავიტები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები, მამა-შვილი ჰაფეზ და ბაშარ ალ ასადები, რომლებიც სირიას ჯამში 43 წელი მართავდნენ. ასადების მმართველობისას ალავიტებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ, მაშინ, როცა სირიელების თითქმის 75% სუნიტი მუსლიმია.
გაერომ 11 მარტს განაცხადა, რომ ამ ძალადობის დროს მთლიანად მოსპეს ოჯახები - ქალებისა და ბავშვების ჩათვლით.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო განყოფილების, Schemes-ის მიერ გაანალიზებული სოციალური მედიის კადრები ცხადყოფს, რომ ყველაზე სასტიკი ძალადობა მშვიდობიანი ალავიტი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდა საპორტო ქალაქ ლატაკიაში, სადაც მდებარეობს რუსეთის საჰაერო ბაზა.
ზოგიერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო, როგორ კლავენ უიარაღო კაცებს ზურგიდან გასროლით, ზოგიერთი ვიდეო კი ასახავდა მსხვერპლის ფიზიკურ შეურაცხყოფას და დამცირებას, მაგალითად, როგორ აიძულებდნენ მათ ძაღლივით ყეფას და გვამებზე ცოცვას.
ნობილმა, სირიელმა ლატაკიიდან, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს, Schemes-ს უამბო, რომ გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირებული რაზმები შევიდნენ მის მშობლიურ სოფელ მუზაირაში 6 მარტის ღამეს და განურჩევლად ესროდნენ სახლებს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, რომლებიც სატვირთო მანქანებზე იყო დამაგრებული.
მან თქვა, რომ ამ თავდასხმის დროს დაკარგა ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ორი დეიდა და ორი ძმისშვილი, ხოლო მისმა ძმამ გაქცევა მოახერხა.
Schemes-მა მიაგნო ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის ფეისბუკის პროფილს, რომელიც ცნობილია, როგორც აბუბაკრ მორკი, ასევე ცნობილია ტალჰას სახელითაც. მისი გვერდი სავსეა პოსტებით დასავლეთ სირიაში თავდასხმების შესახებ. ერთ-ერთ პოსტში მან მოუწოდა კაცებს, მისულიყვნენ იმ რაიონში, რადგან იქ მცხოვრები ქალები „დაქვრივდნენ და კაცები აღარ დარჩნენ“. მეორეში დაწერა „დაშლილი რეჟიმის ნარჩენებისგან გაწმენდის კამპანიის შესახებ“, რითაც ასადის მთავრობას გულისხმობდა.
ალავიტური სოფლების მცხოვრებლებმა სააგენტო Associated Press-ს უთხრეს, რომ ალავიტებს, განსაკუთრებით კაცებს, ქუჩაში და თავიანთი სახლების ჭიშკრებთან ესროდნენ. გარკვეულ ადგილებში ალავიტების სახლები გაძარცვეს და ცეცხლიც წაუკიდეს.
„აქ საქმე ის აღარაა, ვინ არის ასადის ყოფილი რეჟიმის მომხრე ან მოწინააღმდეგე. ეს "სექტანტური ხოცვა-ჟლეტაა", რომლის მიზანიც ალავიტების სახლიდან გაყრაა“, - ამბობს რამი აბდულ რაჰმანი, სირიის ადამიანის უფლებების დაცვის სამეთვალყურეო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს ასადის მთავრობის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე.
რაჰმანის სამეთვალყურეო ცენტრმა დააფიქსირა მკვლელობის 44 შემთხვევა. არის მცდელობა, განაგრძობს რაჰმანი, რომ „ეს მკვლელობები დაიმალოს, მაგრამ ისინი დოკუმენტირებულია და მორალური თვალსაზრისით, მკვლელები, რომლებმაც ისინი ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ, სანამ ცოცხალი არიან“.
თავშესაფარი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე
Planet Labs-ის მიერ თანამგზავრიდან მიღებული ფოტოების მიხედვით, (ისინი Schemes-მა გააანალიზა) უკვე 7 მარტს რუსეთის სამხედრო ბაზასთან ადამიანების ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებიც, ჩანს, ძალადობას გაექცნენ და ბაზაზე თავის შეფარებას ცდილობენ.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ერთადერთი უსაფრთხო ადგილია ამ ადამიანებისთვის, რადგან არცერთ მხარეს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება ამ ეტაპზე“, - უთხრა Schemes-ს იჰორ სემივოლოსმა, ახლო აღმოსავლეთის კვლევის კიევის ინსტიტუტის დირექტორმა.
აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის 2015 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების მეორე პარაგრაფით, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საავიაციო ნაწილის განთავსებას ეხება, ჰმეიმიმის აეროდრომის ტერიტორიის ერთი ნაწილი რუსეთის მხარეს გადაეცა უსასყიდლოდ.
რუსეთის სირიის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირე იყო. რუსეთის ავიაცია ეხმარებოდა სირიის მთავრობას და სხვა ძალებს, რომლებსაც ირანი უჭერდა მხარს, როცა ისინი არა მხოლოდ ექსტრემისტული „ისლამურ სახელმწიფოს", არამედ ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეებს ებრძოდნენ.
ახლა ეს მეამბოხეები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ მოსკოვმა მოახერხა თავი საჭირო პარტნიორად წარმოედგინა სირიის ახალი მმართველებისთვის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ რუსეთში დააბეჭდვინონ ქვეყნის ვალუტა.
რუსეთი კვლავ რჩება სირიაში, ხსენებულ ჰმეიმიმსა და მეორე, ასევე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე, ტარტუსის საზღვაო ბაზაზე - რუსეთის ერთადერთ საზღვაო ბაზაზე თბილ წყლებში, რომლის მეშვეობითაც მოსკოვს ხმელთაშუაზღვაზე აქვს გასასვლელი და სტრატეგიულ წვდომა აქვს ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იმავე ხმელთაშუა ზღვაში.
Systema-მ, რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტმა, დაადასტურა დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავების სულ მცირე 37 გაფრენა და მოფრენა ავიაბაზაზე. შარშან დეკემბრიდან წელს მარტამდე 22-ჯერ ჩაფრინდა და 15-ჯერ გაფრინდა An-124-ის ტიპის თვითმფრინავი. An-124-ს 150 ტონის მოცულობის აღჭურვილობის გადატანა შეუძლია, რაც ადასტურებს პერსონალის და ტექნიკის სერიოზული რაოდენობის გადაადგილებას.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების ანალიზების შემდეგ, Systema-მა ღმოაჩინა, რომ ამჟამად საჰაერო ბაზაზე იმყოფება გენერალ-მაიორი სერგეი გაშკოვი, შერიგების და სირიაში ლტოლვილთა გადაადგილებისა და სამეთვალყურეო რუსული ცენტრის ხელმძღვანელი.
როგორია ირანის როლი?
არ მოიპოვება სოლიდური დასტური იმის, რომ სირიის დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის გაღვივებაში რუსეთია გარეული, ზოგიერთები თვლიან რომ არ მოიპოვება ნიშანი უცხოური ჩარევისა, სხვები ამაში ირანს ადანაშაულებენ.
ბაშარ ასადის სახით ირანმა საკვანძო მოკავშირე დაკარგა. სირიის საშუალებით ირანს შესაძლებლობა ჰქონდა თავის სხვა მოკავშირეებთან მიმოსვლისთვის ერაყსა და ლიბანში სახმელეთო დერეფნით ესარგებლა.
სირიის სამეთვალყურეო ცენტრის ხელმძღვანელმა, რაჰმანმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ უცხოეთის ჩარევის ნიშნები არ ჩანს. საქმე უფრო ალავიტური შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის სირიის მეზობლებისგან საფინანსო მხარდაჭერას ეხება, ამბობს რაჰმანი და აზუსტებს, რომ ასადის რეჟიმის ნაშთებისთვის რუსეთის მხარდაჭერაც არ ხდება.
„ასადი სირიაში არ არის და ის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პირია ალავიტურ საზოგადოებაში.“ მისი თქმით, „შესაძლებელია, რომ ალავიტურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ახალ მთავრობას წინ აღუდგნენ, ამ ოპერაციის ჩასატარებლად მიიღეს ფინანსური დახმარება მეზობელი ქვეყნიდან.“
როცა სირიელმა მეამბოხეებმა დაამხვეს ასადი, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიელები კვლავ ამბოხდებიან და გაუწევენ წინააღმდეგობას ახალ მთავრობას. ამ ეტაპზე ირანს არ აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს სახსრები ან იარაღი სირიაში მოკავშირეებს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, ასადის მომხრეთა რაზმების მეთაურები, რომლებიც ახალ მთავრობას უწევენ წინააღმდეგობას, თეირანთან ახლოს არიან და მომზადებას გადიან ისლამური რევოლუციის გუშაგთან კორპუსთან.
ფილიპ სმითი, ირანის მოკავშირეებისა და შიიტური დაჯგუფებების ექსპერტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „უამრავი მტკიცებულება“ მიუთითებს სირიაში ძალადობის გაღვივებაში ირანის ჩართულობაზე. სმიტი ამბობს, რომ ირანს სურდა “გადამეტებული რეაქცია და მიიღო კიდეც ის”. სმითის თქმით, თეირანი „კმაყოფილია, რომ ეს მოხდა“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოდის, ირანს ასადის ნაირი მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვის მიუხედავად, მაინც „შეუძლია დიდი არეულობის გამოწვევა“.
ფორუმი