Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია კანონპროექტი, რომელიც ექსკურსიების ჩატარებას დაარეგულირებს?


„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებისა და სკოლების ღონისძიებების დროს სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხებს კანონი დაარეგულირებს.

კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

რა ცვლილებებს გულისხმობს კანონპროექტი?

  • მოსწავლეების გადაყვანისას მძღოლი ვალდებულია იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების ცნობა ( ცნობა აღებული უნდა იყოს ბავშვების გადაყვანამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე);
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

  • იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი, შესაბამისი საბუთებით (მოსწავლეების გადაყვანამდე მართვის უფლება აღებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლით ადრე);
  • მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს 10 დღით ადრე აღებული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 400 ლარი იქნება.

კანონპროექტის გაცნობის შემდეგ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კანონპროექტის დადებით მხარესთან ერთად მის მინუსებსაც აღნიშნავს. მისი თქმით, ბევრია ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ ნორმებს - ან კამერა არ აქვთ, ან ღვედი. უფრო კერძო პირებს აქვთ ამ სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომელიც შედარებით ძვირი ღირს. შეიძლება სკოლამ გვერდი აუაროს მას და დაიქირაოს უფრო იაფი ტრანსპორტი, ამიტომ კანონის დარღვევის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი:

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

„მივესალმები იმ რეგულაციებს, რომლებიც არის ჩადებული კანონპროექტში, თუმცა აქ გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის პასუხისმგებლობაც, რომელიც კანონის არცოდნის ან არასაკმარისი რესურსის გამო, დაიქირავებს უფრო დაბალბიუჯეტიან ტრანსპორტს.კანონპროექტში გაწერილია ჯარიმა მძღოლის მხრიდან წესების დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არ არის საუბარი სკოლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქირაობს ტრანსპორტს. თუ არ გამოიკვეთა დამქირავებლის პასუხისმგებლობა, კანონი არ იმუშავებს“.

კანონპროექტის მიმართ მსგავსი შენიშვნები აქვს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრ შალვა ოგბაიძესაც. მისი თქმით, ის დაესწრება კანონპროექტის მეორე განხილვას და ექნება საქმიანი შენიშვნები:

შალვა ოგბაიძე
შალვა ოგბაიძე

„კარგია, რომ ხდება ისეთი დოკუმენტის ინიცირება, რომელიც უფრო უსაფრთხოს გახდის ბავშვების საექსკურსიო გადაყვანებს.თუმცა მიჩნდება კითხვებიც. არსებობს მგზავრთა გადაყვანის რეგლამენტი, ბავშვების შემთხვევაში საერთოდ ვაკუუმია, გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებითაც უნდა მოხდეს“.

ოგბაიძის თქმით, ევროპული გამოცდილების მიხედვით, ორგანიზებულად გადაყვანის დროს რეგლამენტირებული უნდა იყოს მარშრუტი, გაჩერება. სპეციალური საცნობი ნიშნებით უნდა ხდებოდეს ბავშვების გადაყვანა (ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა). გარდა ამისა, პასუხისმგებლობას ინაწილებს სკოლა, რომ მინიმუმ ექიმი თუ არა, ისეთი ადამიანი უნდა ახლდეთ, რომელსაც შეუძლია პირველადი დახმარების გაწევა.

23-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ხატია ხატიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი აქამდეც იცავდნენ უსაფრთხოების წესებს და სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ითხოვდნენ სატრანსპორტო კომპანიებისგან დაზღვევას და ისეთ კერძო კომპანიებს ირჩევდნენ, რომელთაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ.

ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი,რომელიც თავისი ტრანსპორტით ემსახურება ტურისტულ ჯგუფებსა და სკოლებს, ამბობს, რომ უცხოელების მხრიდან ისედაც არის სტანდარტების დაცვის მოთხოვნა, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტი კამერებით აღჭურვილია, ღვედი კი ყველა მანქანას აქვს. მისი თქმით, უბრალოდ, ქართველი დამქირავებლები იშვიათად იკეთებენ ღვედს.

სკოლების მხრიდან დოკუმენტაციისა და დაზღვევის მოთხოვნაზე ისიც ლაპარაკობს, მიზეზი კი ექსკურსიის დროს მომხდარი უბედური შემთხვევებია:

„შარშანაც და წელსაც ღვედებს უკვე ითხოვდნენ. ექსკურსიაზე ისე ვეღარ წახვალ, თუ დაზღვევა არ გაქვს, ასევე ტექდათვალიერება და მძღოლის პირადობა. ბოლო 1-2 წელია ეს ცვლილებებია - მას შემდეგ, რაც ის ავარია მოხდა კახეთში“.

კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ, შემდეგ კიდევ იმსჯელებენ და, თანხმობის შემთხვევაში, მესამე მოსმენით დამტკიცდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG