Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე აქცენტი მამუკა ბახტაძის გამოსვლიდან


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინაშე 50-წუთიანი სიტყვით წარდგა და დეპუტატებს მთავრობის პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - ძირითადი აქცენტები გააცნო. აი, რამდენიმე მათგანი:

ნატო და ევროკავშირი

„მთავრობა გამოიყენებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. ჩვენ უფრო სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი ამოცანა და წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარებისთვის. ჩვენი საგარეო პრიორიტეტია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“.

„ტოტალური თავდაცვის კონცეფცია“

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სიახლე იქნება „ტოტალური თავდაცვის კონცეფცია“, რომელიც გულისხმობს სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი დაიწყება წელს. ზოგადად თავდაცვის სფეროს დაფინანსება კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს უნდა შეადგენდეს. შემოდგომაზე მთავრობა მიიღებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით.

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ანაკლიის პორტი

პრემიერის განცხადებით, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რაც, მისი სიტყვებით, გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში. მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვისაკენ, - აცხადებს მამუკა ბახტაძე. მისივე თქმით, საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტი, ამიტომ ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა.

კომერციული პალატა

ბახტაძე გამოდის ინიციატივით, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდეს კომერციული პალატები: „ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ ეს ძირეული რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ დავები ბიზნესსუბიექტებს შორის, მე მხედველობაში მაქვს დავები საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის".

დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამ წუთებში მამუკა ბახტაძეს პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG