Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე გაურკვევლობა „ნენსკრა ჰესთან“ დაკავშირებით


„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ამსახველი ილუსტრაცია
„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ამსახველი ილუსტრაცია

„მწვანე ალტერნატივამ“ შეისწავლა კონტრაქტი, რომელიც მთავრობამ „ნენსკრა ჰესთან“ რამდენიმე წლის წინ დადო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტარიფი კაბალურია, საშუალოდ - 10.6 აშშ ცენტი, როცა დღეს ელექტროენერგია მხოლოდ 4,9 აშშ ცენტი ღირს.

კონტრაქტის ის ნაწილი, სადაც ტარიფზეა საუბარი, საჯარო არ არის. ის „რუსთავი 2“-მა მოიპოვა და შემდეგ „მწვანე ალტერნატივას“ გადასცა.

„ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთია იმ ჰესებიდან, რომლის აშენებასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. მისი მშენებლობა სვანეთში, მდინარე ნენსკრაზეა დაგეგმილი. ჰესი მასშტაბურია - 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, 125 მ სიმაღლის კაშხლითა და 176 მილიონი მ³ მოცულობის წყალსაცავით. პროექტის თანახმად, მან უნდა გამოიმუშაოს1200 გიგავატ საათი ელექტროენერგია, რომელიც მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება. პროექტის ავტორები გვპირდებიან, რომ ჰესი ზამთრის პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტის შევსებაში დაეხმარება, 36 წლის შემდეგ კი სახელმწიფოს გადაეცემა უსასყიდლოდ.

„მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ მოცემული კონტრაქტით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს „ნენსკრასგან“ 36 წლის განმავლობაში მუდმივად შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად (კილოვატსაათი, საშუალოდ, 10.6 აშშ ცენტად, ანუ 29.6 თეთრად) და ეს მაშინ, როცა დღეს არსებული ღირებულება მხოლოდ 4,9 აშშ ცენტს შეადგენს.

თეიმურაზ კოპაძე
თეიმურაზ კოპაძე

ნამდვილია თუ არა ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ამას „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, ტარიფის ნაწილი კონფიდენციალურად რჩება. ტარიფს მხოლოდ მაშინ გაამხელენ, როცა სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან - მათ შორის სამშენებლო კომპანიასთან - მოლაპარაკება დასრულდება. თუმცა კოპაძე აცხადებს, რომ თუ ტარიფი ვინმესთვისაა კაბალური, ისევ კომპანიისთვის და არა სახელმწიფოსთვის.

„ინვესტორი არის კორეის სახელმწიფო კომპანია, რომლის ძირითადი მიზანი ამ სფეროში სხვა ქვეყნების დახმარებაა. ის გეუბნებათ, მე თქვენ ამ დარგის განვითარებაში ინვესტიციის სახით დაგეხმარებით, მაგრამ მოგება იქნება სიმბოლური, რადგან მე, კორეის სახელმწიფოს, არ მაქვს მიზანი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ვიშოვო მოგება“, - ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

ტარიფს არ ამხელენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდშიც, მაგრამ აცხადებენ, რომ რადგანაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ის შეიძლება შეიცვალოს.

„ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიხურება პროექტი ფინანსურად. ის ასევე დამოკიდებულია სესხის საბოლოოდ განსაზღვრასა და მოძიებაზე. ამიტომ, ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაც გაჟღერდა ის ტარიფები სწორია და მომავალშიც იგივე დარჩება“, - ამბობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყაბაძე.

„ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთია იმ ჰესებიდან, რომლის აშენებასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.
„ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთია იმ ჰესებიდან, რომლის აშენებასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

„მწვანე ალტერნატივის“ გამოთვლებით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო შეხვედრებზე სულ სხვა დაპირებები ისმოდა, „ნენსკრა ჰესი“ ზამთრის დეფიციტის მხოლოდ 43 %-ს დაფარავს.

თეიმურაზ კოპაძე აცხადებს, რომ „ნენსკრას“ არასდროს ჰქონია მიზნად და ვერც ახლა შეძლებს ენერგოდეფიციტის მთლიანად შევსებას, მაგრამ ამ კუთხით მდგომარეობას ნამდვილად გააუმჯობესებს.

კითხვას, თუ რატომ უნდა მოუნდეს ქვეყანას ძვირად ღირებული ელექტროენერგიის ადგილზე შესყიდვა, მაშინ როცა შეუძლია იაფად საზღვარგარეთიდან შემოიტანოს, თეიმურაზ კოპაძე უპასუხებს, რომ ჰესი მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამასთან, მომავალში მოხმარება გაიზრდება და საქართველო ვერ შეძლებს მუდმივად იმპორტზე დაყრდნობას, რადგან, შესაძლოა, ამასობაში სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს ტარიფი. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ქვეყანაში შემოსატანად ინფრასტრუქტურის განახლებაა საჭირო, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია.

გვალვიანი და წვიმიანი წლები

„მწვანე ალტერნატივა“ ლაპარაკობს იმაზეც, რომ, ხელშეკრულების ერთ-ერთი კაბალური პირობით, თუ არასაკმარისი წყლის გამო ჰესმა ნაკლები დენი გამოიმუშავა, სახელმწიფომ მას დანაკლისი უნდა აუნაზღაუროს.

თეიმურაზ კოპაძე: „აქ სახელმწიფო და კომპანია შეთახმდნენ: შეიძლება იყოს მშრალი წელი, მას მოჰყვება ნალექიანი. მშრალ წელიწადში რაც დამაკლდება, მომდევნოში გამოვიმუშავებ უფრო მეტს და სახელმწიფო ამ მეტს იყიდის კომპენსირებისთვის. მეორეს მხრივ, [სახელმწიფო მეუბნება] თუ უფრო მეტს გამოიმუშავებ ზედიზედ სამ წელს, მაშინ ტარიფის 10 პროცენტად უნდა მომცეო. ანუ თუ დავუშვებთ, რომ ტარიფი 8 ცენტია, ამ ელექტროენერგიის ფასი ცენტიც არ იქნება“.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ხუთი წელი გაგრძელდება.
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ხუთი წელი გაგრძელდება.

არამატერიალური ჰესი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ნენსკრა ჰესი“ არამატერიალურ აქტივად აღიარა, მიზეზი კი ის იყო, რომ უნდოდა მასზე საგადასახადო შეღავათები გავრცელებულიყო.

„2016 წელს შემოსავლების სამსახურმა მისწერა სახელმწიფოსაც და კომპანიასაც, რომ არ შეიძლებოდა ჰესი არამატერიალურ აქტივად ჩათვლილიყო. და რა მოხდა ამის შემდეგ? კომპანია „ქეი ვოთერსმა“ ჩათვალა, რომ ეს არის საგადასახადო ცვლილება, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას იქონიებს კომპანიის შემოსავლებზე და, შესაბამისად, სახელმწიფოსგან მოითხოვა ამ ზიანის კომპენსაცია. მთავრობა დათანხმდა. ფაქტობრივად, რა გამოდის? კომპანია გადაიხდის გადასახადს, მაგრამ სახელმწიფო მას უკან დაუბრუნებს“, - ამბობს ჭიპაშვილი.

თუმცა თეიმურაზ კოპაძე ამ განცხადებას არ ეთანხმება. „უკვე 2 მილიონი დოლარი გვაქვს გადახდილი მარტო ქონების გადასახადი. მშენებლობის პერიოდში 23 მილიონი იქნება გადასახდელი და შემდეგ ყოველ წელს 10 მილიონი დოლარი. ჯერ არაფერი დაუბრუნებიათ“, - აცხადებს ის.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ხუთი წელი გაგრძელდება. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი, დაახლოებით, 2024-2025 წლებში დაიწყებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG