Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა სახელმწიფო უწყებებზე და მძევლების აყვანა - რას გეგმავს მოსკოვი მოლდოვაში?


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

რუსეთი ძირგამომთხრელი და მადესტაბილიზებელი ქმედებებით მიზნად ისახავს მოლდოვის ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მოლდოვის რესპუბლიკის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მოსკოვიდან მომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოლდოვის ხელისუფლება გასულ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააფრთხილა.

დღესვე პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოუწოდა ქვეყნის პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტები, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და პროკურატურას მოლდოვის წინაშე არსებული საფრთხეების გასამკლავებლად გადამჭრელი ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ასეთი ზომების მიღებას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი მოლდოველი ექსპერტებიც.

გამონაკლისია მხოლოდ პრორუსული საპარლამენტო პარტიები და ცალკეული პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც მაია სანდუ მოლდოვის „პოლიციურ სახელმწიფოდ“ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს.

გამოაშკარავებული „რუსული გეგმის“ რამდენიმე ასპექტი


მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს თანახმად, უკრაინის სპეცსამსახურებისგან მიღებული რუსული გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას მძევლების აყვანის თანხლებით, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით იქნება შენიღბული.

ძალადობრივ ქმედებებში უნდა ჩაერთონ ასევე „სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი, სამხედრო გამოცდილების მქონე დივერსანტები და საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი პირები“. როგორც სანდუ აცხადებს, სპეცსამსახურებს, კერძოდ, აღმოჩენილი აქვთ მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეების შესაგზავნად საჭირო ინსტრუქციები.

„მოსკოვი გათვლას აკეთებს მოლდოვის რესპუბლიკის შიგნით მოქმედი ზოგიერთი ძალის მხარდაჭერაზე, როგორიცაა „შორის“ პარტია, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები და პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ დევნილ ოლიგარქ ვლად პლაჰოტნიუკთან“, - განაცხადა ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტმა.

ამ ძალებზე დაყრდნობით სურს მოსკოვს კიშინიოვში ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლა არალეგიტიმურით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის შეჩერება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მოლდოვის რესპუბლიკის გამოყენება.

„სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მცდელობა გასულ შემოდგომაზეც იყო, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების ოპერატიული მოქმედებების წყალობით, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. შემოდგომაზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ენერგეტიკული კრიზისი, რომელსაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და ძალადობრივი ქმედებები უნდა გამოეწვია“, - აღნიშნა 13 თებერვალს მაია სანდუმ.

რუსეთის და მის მიერ მხარდაჭერილი ძალებისგან მომდინარე საფრთხის არსებობის პირობებში, მოლდოვის პრეზიდენტი აუცილებლად თვლის ახალი ზომების მიღებას და ქვეყნის უშიშროებისა სამსახურისა და პროკურატურის ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით აღჭურვას. კონკრეტულ დეტალებზე მაია სანდუს არ უსაუბრია, მაგრამ ასეთ ნაბიჯებს აუცილებლად მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც.

„მოლდოვისთვის მსგავსი საფრთხე პრაქტიკულად ყოველთვის არსებობს, ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობას ადგილობრივ კრიმინალურ და ოლიგარქიულ წრეებთან კავშირში. ეს გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელებაში, პროპაგანდაში და ასევე პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების არალეგალურ დაფინანსებაში. აქამდე მოლდოველი სამართალდამცველები და მთლიანობაში სახელმწიფო ორგანოები ახერხებდნენ ამ ძირგამომთხრელი მოქმედებების თავიდან არიდებას. ეს, როგორც ჩანს, არის ახალი ეპიზოდი, რაც ჟურნალისტური გამოძიებითაც დასტურდება. და გასაგებია, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ამას ეფექტიანად არ აღუდგებიან წინ საერთაშორისო პარტნიორებსა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით, მაშინ, ადრე თუ გვიან, ეს გეგმები შესაძლოა რეალობად იქცეს. ჩვენ ეს დავინახეთ უკრაინის მაგალითზე, დავინახეთ 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაწყებული დესტაბილიზაციით, რაც საბოლოო ჯამში დონბასში რუსეთის შენიღბული შეჭრით დასრულდა“, - უთხრა დამოუკიდებელმა მოლდოველმა სამხედრო ექსპერტმა, ვალერიუ ფაშამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.


სანდუს „რაციონალური სტრატეგია“ და გამარგინალებული პრორუსული ოპოზიცია


მოლდოვის შემთხვევაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის წყაროს, ექსპერტების თქმით, ორი პრორუსული ძალა წარმოადგენს.

ერთს, „შორის“ პარტიას, სათავეში უდგას ოლიგარქი ილან შორი, რომელსაც 2017 წელს მოლდოვის პირველი ინსტანციის სასამართლომ 7 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მოლდოვის საბანკო სისტემიდან „მილიარდის მოპარვის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ილან შორი, რომელიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქიდან აფინანსებს ანტისამთავრობო გამოსვლებს. მისი სახელის ქვეშ გაერთიანებული პარტია „შორი“ მოლდოვის პარლამენტში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

ასევე ძებნაში იმყოფება მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლების კიდევ ერთი მთავარი ოპონენტი, ოლიგარქი ვლად პლაჰოტნიუკი, რომელიც თავის დროზე მოლდოვური პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა. მისი დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო. რამდენიმე წლის წინ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისმა მომხრეებმა კი გავლენა დაკარგეს.

მაგრამ ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ვლად პლაჰოტნიუკსაც და ილან შორსაც ჯერ კიდევ აქვთ დასაყრდენი სამართალდამცველ სტრუქტურებსა და მართლმსაჯულების სფეროში, და, რაც მთავარია, ორივე პოლიტიკოსი სათავეში უდგას პრორუსულ ძალას, რომელიც მეორე წელია აყენებს პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებს.

როგორც ცნობილია, ილან შორმა და ვლად პლაჰოტნიუკმა საზღვარგარეთიდან დიდი ფული დახარჯეს ყოველკვირეული მასობრივი საპროტესტო აქციების მოსაწყობად, ახდენდნენ სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების პროვოცირებას საპასუხო ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგრამ ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია. დაწყებული საპროტესტო ტალღა მიინავლა. პრორუსული ოპოზიცია გამარგინალდა, რამაც მთელი ოპოზიციური სპექტრის დაკნინება და დასუსტება გამოიწვია.

„2019 წლის შემდეგ ოლიგარქების წინააღმდეგ გამოცხადებული მასშტაბური ბრძოლის შედეგად მათმა უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა და შეიქმნა ვითარება, როდესაც მოლდოვაში აღარ დარჩა წესიერი ოპოზიცია, რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება. ქვეყანაში არსებობს ორი ოპოზიციური პარტია: ერთ-ერთია „შორის“ პარტია, რომელსაც ურთიერთობა აქვს კრიმინალურ სამყაროსთან და, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციასთან. მეორეა სოციალისტების პარტია, რომელსაც არასოდეს დაუმალავს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირი. ანუ ერთ მხარესაა პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი პოლიტიკური ძალა და მეორე მხარეს - პრორუსული ოპოზიცია. ამ ფონზე შეუძლებელი ხდება საზოგადოებაში დაგროვილი სოციალური უკმაყოფილების კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად ქცევა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვის ევროპელმა პარტნიორებმა, აშშ-მა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და, პირველ ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოებამ ძალიან ყურადღებით მიადევნონ თვალი ხელისუფლების ნაბიჯებს, რათა შესაძლო რუსული სცენარების გასამკლავებლად აუცილებელი ზომები არ მივიდეს იქამდე, რომ ქვეყნის ხელისუფლება მართვის გარკვეულ ავტორიტარულ მეთოდებამდე დაეშვას“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას თანაშემწემ ალესანდრუ ფლენკემ.

ნატალია გავრილიცამ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ამის მიზეზი გახდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის უკმაყოფილება, რამაც მთავრობისადმი ნდობა შეარყია.

„საუბარია 1990-იანი წლების შემდეგ ევროპაში ყველაზე მაღალ ინფლაციაზე. გასაგები რომ გახდეს, ენერგომატარებლებსა და გაზზე ფასი განვლილი წლის განმავლობაში 7-ჯერ გაიზარდა, ელექტროენერგიაზე - თითქმის 3-ჯერ და ამან გამოიწვია თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირება. ამას ემატება საკმაოდ მშფოთვარე ვითარება უსაფრთხოების მხრივ, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ იმ საფრთხეს, რაც ჩვენი ქვეყნის უშიშროებას ემუქრება. ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებები ხდება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში. სხვადასხვა მონაცემით, ლაპარაკია ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსული რაკეტების 4 თუ 5 გადაფრენაზე. მთელი ამ შიდაპოლიტიკური პრობლემებით იყო განპირობებული მთავრობის გადადგომა, რათა ძველ შემადგენლობას გაჰყვეს ეს უკმაყოფილება და ახალი მთავრობის დამტკიცებით ამომრჩევლებს ახალი იმედები და მოლოდინი გაუჩნდეთ“, - ამბობს ალესანდრუ ფლენკე.

ვინ არის დორინ რეჩანი?

ახალი იმედებისა და ქვეყანაში სტაბილურობის განცდის გაჩენას პრეზიდენტი მაია სანდუ ახალ პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანთან ერთად შეეცდება. ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თავისი მრჩეველი დორინ რეჩანი მოლდოვის პრეზიდენტმა 10 თებერვალს დანიშნა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად. წარსულში ორი მთავრობის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა მინისტრად ნამუშევარი დორინ რეჩანი გამოცდილ პროფესიონალად და პროდასავლური კურსის ურყევ მიმდევრად ითვლება. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, რეჩანმა უნდა დაასახელოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და შეუდგეს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას, რაც მისგან ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეების ნეიტრალიზებასაც მოითხოვს.

„დორინ რეჩანს დიდი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების სფეროში. და ცხადია, რომ მისი მთავრობა დიდ ყურადღებას გაამახვილებს სწორედ ამ მიმართულებით. მაგრამ, მთავრობის ცვლილება არა მხოლოდ უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებით არის განპირობებული, არამედ იმ პოლიტიკური ნეგატივითაც, რომელიც წინა მთავრობამ დააგროვა ეკონომიკური კრიზისის ხარჯზე. და ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას უნდა მოეხდინა რესტარტი, გადატვირთვა, კარსმომდგარი არჩევნების - ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის, შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. შესაბამისად, წინა მთავრობა, რომელმაც ეს ნეგატიური დარტყმა განიცადა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გამო, - უძლური იყო, რომ ახალი იმედები მიეცა საზოგადოებისთვის. მთავრობა უნდა შეცვლილიყო. არა იმიტომ, რომ ის ცუდი მთავრობა იყო. უბრალოდ ასეთია რაციონალური პოლიტიკური სტრატეგია“, - ამბობს ვალერიუ ფაშა.


მოლდოვის მთავრობის შეცვლას პროდასავლური ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები თავიანთ გამარჯვებად მიიჩნევენ და ცდილობენ, რომ ამ ფონზე კვლავ ააგორონ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა.

13 თებერვალს პარტია „შორის“ წევრმა, პარლამენტარმა მარინა ტაუბერმა, მაია სანდუს მიერ მოსკოვის სცენარით ჩაფიქრებული სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე გაკეთებულ განცხადებას უწოდა „ხელისუფლების უზურპირების“ მცდელობა და ოპოზიციურ პარტიებს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა.

„საკუთარი ძალაუფლებისათვის რომ იბრძვის, მაია სანდუმ მოლდოვის რესპუბლიკა პოლიციურ სახელმწიფოდ გადააქცია“, - წერს თავის ფეისბუკში ირინა ვლაჰი, მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი.

ამავე მოსაზრებას იზიარებს 2019-2020 წლებში მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იონ კიკუ, რომელმაც სანდუს მიერ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხესა და „ახალ ზომებზე“ საუბარს ქვეყანაში „სისხლიანი დიქტატურის დამყარების მცდელობა“ უწოდა.


რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, მოძრაობამ „მოლდოველი ხალხისათვის“, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მათ შორის სოციალისტები და ილან შორის პარტიაა გაერთიანებული, კვირას, მოლდოვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ გამოაცხადა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG