Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვეუბნება ქართული გაზაფხული და რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ?


გია ნოდია
გია ნოდია

სასწაული არ მოხდა, ხელისუფლებამ რუსული კანონი მაინც მიიღო. პრეზიდენტმა მოსალოდნელი ვეტოც დაადო და მისი გადალახვა ჯერ წინ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება უკანდახევას არ აპირებს.  

მიუხედავად ამისა, ნაადრევი იქნება თქმა, რომ ივანიშვილი ამ პროცესით მოგებული დარჩა. ეს ბრძოლის მხოლოდ ერთი ეტაპია.

რა არის მისი ძირითადი შინაარსი?

ქვეყანა გზაგასაყარზეა: ერთ მხარესაა თავისუფლება, ეროვნული სუვერენიტეტი და ევროპული ცივილიზაციის წევრობა, მეორე მხარეს - ავტორიტარიზმი და სატელიტის სტატუსი რუსულ სამყაროში.

ასეთი სიცხადე დიდი ხანია, არ გვქონია (შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გვქონდა თუ არა ოდესმე).

რაც შეეხება მომავალს, ის განუსაზღვრელია და, არსებითად, ჩვენზეა დამოკიდებული. კი, უკრაინაზეც, დასავლეთზეც, რუსეთზეც, მაგრამ პირველ რიგში მაინც ჩვენზე.

ვისია ეს ქვეყანა?

ბრძოლის ძირითადი თემა უფრო მოკლედაც შეგვიძლია განვსაზღვროთ: ვისია ეს ქვეყანა? პროტესტის ახალგაზრდა მონაწილეებმა აბსოლუტურად ზუსტად გაიგეს მისი შინაარსი, როცა პარლამენტის შენობას დააწერეს: „ეს ქვეყანა ჩვენია“. მაგრამ ხელისუფლებასაც იგივე პრეტენზია აქვს. რომელია მართალი?

რის მიხედვით უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვას?

ეს, საბოლოო ჯამში, მორალური ბრძოლაა, ან ბრძოლაა საქართველოს სულისთვის. მასში ორივე მხარე იბრალებს მორალურ უპირატესობას და ძნელია, შედეგი ობიექტური კრიტერიუმებით შეაფასო. მაგრამ მაინც მგონია, რომ არსებობს ნიშნები, რომ რეჟიმი ამ ბრძოლას აგებს.

რუსთაველზე ან რიყეზე გამოსული ხალხის დათვლა არ არის საკმარისი გადამწყვეტი დასკვნის გამოსატანად. მაგრამ 29 აპრილის აქციის ორგანიზებით ხელისუფლება თავად შევიდა ამ შეჯიბრში. რუსთაველზე მანაც ბევრი ხალხი მოიყვანა, მაგრამ პრობლემა ისაა, როს ეს სწორედ მოყვანილი ადამიანები იყვნენ. ზოგს მართლა რწმენა ან ოპონენტების გულწრფელი სიძულვილი ამოძრავებდა, მაგრამ ისინი ჩაიკარგნენ სოფლის თუ ქალაქის ბირჟებიდან ავტობუსებით მობილიზებულ მასაში.

ამ ფონზე მოპროტესტე საზოგადოების - პირველ რიგში, ახალგაზრდების, მაგრამ არა მარტო მათი - პრეტენზია იმაზე, რომ რომ „ეს ქვეყანა ჩვენია“, გაცილებით უფრო დამაჯერებელია. შემართება, შეუპოვრობა, სიმამაცე, სილაღე, თავისუფლება - ეს ის თვისებებია, რაც „რუსული კანონის“ (და, შესაბამისად, „რუსული რეჟიმის“) მომხრეებს პრინციპულად არ გააჩნიათ. ამის იმიტირება და დადგმა შეუძლებელია.

წარმოდგენა, რომ ხელისუფლება მასობრივად ებრძვის საკუთარ ახალგაზრდობას, მას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. გამოთქმა, რომ ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია, ბანალურია, მაგრამ მასთან კამათი ძნელია.

საპროტესტო მოძრაობა ნათელი და ლოგიკურია თავის მოთხოვნებში, ის სათქმელს პირდაპირ ამბობს და დასამალი არაფერი აქვს. რეჟიმი კი ღიად ვერ ამბობს იმას, რაც უნდა, და თვალსაჩინო წინააღმდეგობებში იჩხირება. ივანიშვილის ასისტენტები გვარწმუნებენ, რომ კანონი „გამჭვირვალობაზეა“, მაგრამ შემდეგ თავად მათი უფროსი საჯაროდ გვიხსნის, რომ ის „გლობალურ ომის პარტიასთან“, ანუ დასავლეთთან ბრძოლაზეა. ამით ის ირიბად ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობაზე“ ზრუნვა მხოლოდ ნიღაბია.

ივანიშვილი ამბობს, რომ დასავლეთი, მათ შორის ევროკავშირი, მტერია, მაგრამ მასში წევრად მაინც შევალთ. მაგრამ რატომ გვინდა მტრული ორგანიზაციის წევრობა? ან როგორ შევალთ, თუ ისინი გვეუბნებიან, ასეთებს არ მიგიღებთო? შეუძლებელია, ამ ორი ურთიერთგამომრიცხველი პოზიციის მომხრე რაღაცას არ გატყუებდეს.

„ქართული ოცნების“ მომხრეებსაც გაუჭირდებათ, გაამართლონ ცალკეული ადამიანების ჯგუფური უმოწყალო ცემა, რაც რეჟიმის სისტემურ მეთოდად იქცა. გარდა სიმხეცისა, ეს მისი სისუსტის ნიშანიცაა: როცა მორალურ და ინტელექტუალურ დონეზე აგებ, კომპენსაცია ძალადობით უნდა მოახდინო. თან უტიფრობის, თან სისუსტის ნიშანია, რომ ხელისუფლება საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მის „გამოძიებას“ გვპირდება.

რომ შევაჯამოთ, მოპროტესტე საზოგადოება ასხივებს, ერთი მხრივ, გულწრფელობას და რწმენას, მეორე მხრივ კი - თავგანწირვას და შეუდრეკელობას. თუ ხელისუფლება რაიმეს ასხივებს, ეს არის სიყალბე, სიჯიუტე და ძალადობრიობა.

მდუმარე უმრავლესობა

შეიძლება ამ ყველაფერზე მითხრან: ეს მიკერძოებული ადამიანის შეფასებაა, რომელსაც უკვე გამოკვეთილი პოზიცია აქვს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მიმართ, საიდანაც ეს კანონი ამოიზარდა. უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს რეალობას ხალხი, რომელსაც წინასწარ ასეთი მკაფიო პოზიცია არ გააჩნია.

სხვა სიტყვებით, უნდა ვიკითხოთ, რა გავლენას ახდენს ეს მოვლენები „მდუმარე უმრავლესობის“ განწყობაზე. ამაში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც „არ ჩანან“, საჯაროდ ნაკლებად გამოხატავენ პოლიტიკურ პოზიციებს და მიმდინარე საქმეებით არიან დაკავებული. მაგრამ არა მარტო არჩევნების ბედს, არამედ საზოგადოების მორალურ კლიმატსაც საბოლოოდ ისინი წყვეტენ.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ: ხელისუფლებას ჰყავს ნამდვილი და არა მხოლოდ ნაყიდი ან დაშინებული მომხრეები და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. აქ ვერ შევყვები იმ მიზეზების ანალიზს, თუ რას ემყარება ეს მხარდაჭერა. მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, თუ არა უმრავლესობას, მერყევი ადამიანები შეადგენენ. ბევრი მათგანი ხშირად ხელისუფლებას ემხრობა, რაკი სტაბილობა ურჩევნია ან უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს.

საპროტესტო მოძრაობის წარმატების მთავარი საზომი შეიძლება იყოს არა ის, იღებს თუ არა ხელისუფლება კონკრეტულ კანონს, არამედ ის, რამდენად ახდენს ის გავლენას „მდუმარე უმრავლესობის“ განწყობაზე.

ასეთი გავლენის ძირითადი მექანიზმი ორია: ეს არის სიმართლე და ძალა. არა მაქვს ილუზია, რომ ყველა დაინახავს ამ პროტესტების უკან მდგომ სიმართლეს, მაგრამ დიახ, მგონია, რომ ის მეტისმეტად კაშკაშაა, რომ მისი იგნორირება ადვილი იყოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ - ცხადია, უპირველესად ახალგაზრდობამ - ძალაც აჩვენა. ეს ძალაა მოპროტესტეთა რაოდენობაშიც, შეუპოვრობაშიც, ფიზიკურ სიმამაცეშიც, გამოკვეთილი ლიდერების გარეშე თვითორგანიზების უნარშიც.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე მდუმარე უმრავლესობა მეორე მხარეს სწორედ ძალას ვერ ხედავდა. ძალას კი ის ყოველთვის პატივს სცემს, და არც გაემტყუნება. გამარჯვების ფორმულა სიმართლეზე დამყარებული ძალაა: ასეთ კომბინაციას ეს ხელისუფლება ვერ გაუძლებს.

რამ შეიძლება მოიტანოს პოზიტიური შედეგი?

ეს არ ნიშნავს, რომ ძალა, რაც საზოგადოებამ პროტესტების სახით აჩვენა, საკმარისია საბოლოო შედეგის მისაღწევად. მეტია საჭირო. ეს არ არის მხოლოდ მეტი ადამიანი ქუჩაში: მნიშვნელოვანია თვისობრივი ცვლილება.

გარდუვალი იყო, რომ ლოზუნგი „არა რუსულ მთავრობას“ შეიცვლებოდა ახლით: „არა რუსულ რეჟიმს“. ლოგიკურად, ეს შარშანაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ დროული უკანდახევით შეინარჩუნა ილუზია, რომ ის რაღაცნაირად ახამებდა რუსეთის გულის მოგებას და ევროპული ინტეგრაციის კურსს. მოპროტესტე საზოგადოებამ მიიჩნია, რომ შეუძლია, მთავრობას რაღაც წითელი ხაზები არ გადაალახინოს. აგერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. კი, ცუდი მთავრობაა, მაგრამ შეიძლება მის ხელშიც ძველებურად გავაგრძელოთ ცხოვრება. თან, დამაჯერებელი ალტერნატივაც დიდად არ ჩანს.

კანონის მეორედ შემოტანამ ეს ილუზია მოკლა. რეჟიმის რეალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ჩრდილიდან გამოვიდა და თავისი პირით ნათლად აგვიხსნა, რომ ის დემოკრატიულ დასავლეთს მტრად მიიჩნევს და კანონი მისგან გასამიჯნად სჭირდება. მას ღიად აღარ უთქვამს, რომ ქვეყანა ავტორიტარულ რუსულ სამყაროში შეჰყავს, მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება.

ასეთი სტრატეგიის მქონე მთავრობის ხელში პატრიოტული საზოგადოების ნებისმიერი მიღწევა დროებითია და მხოლოდ მანამდე მოქმედებს, სანამ მთავრობას ქუჩაში მდგომი ბევრი ხალხის ეშინია. როგორც კი უშუალო საფრთხე ჩაივლის, ხელისუფლებას ნებისმიერი დათმობა უკან მიაქვს.

ეს უკვე საკმარისად ბევრჯერ ვნახეთ, რომ ერთადერთი შესაძლებელი დასკვნა გამოგვეტანა: რეჟიმის შეცვლის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

მაგრამ ერთი ლოზუნგის მეორით შეცვლა საკმარისი ვერ იქნება: მიდგომაც გადასახედია.

„არა რუსულ კანონს“ სამართლიანი, მაგრამ მხოლოდ ნეგატიური მოთხოვნაა: მის შესასრულებლად კანონის გაწვევა კმარა. „არა რუსულ რეჟიმს“ ასეთი ვერ იქნება: არსებული რეჟიმი სხვით უნდა ჩანაცვლდეს.

ეს სხვა, დღევანდელ ეტაპზე მაინც, ვერ იქნება ვერავინ, გარდა არსებული ოპოზიციისა. აქ ჩნდება არსებული საპროტესტო მოძრაობის აქილევსის ქუსლი და, შესაბამისად, რუსული რეჟიმის მხრიდან თვითშენარჩუნების საუკეთესო შანსი: გაუცხოება საპროტესტო მოძრაობასა და ოპოზიციას შორის. თუ ეს გაუცხოება დღევანდელი სახით შენარჩუნდა, არაფერი შეიცვლება.

ეს პრობლემა დღეს არ გაჩენილა და არც საქართველოსთვისაა სპეციფიკური. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა განვითარებულ დასავლურ ქვეყნებშიც ეცემა. ეს იქაც დემოკრატიის კრიზისის ნიშანია, მაგრამ ღრმა ძირების მქონე დასავლური დემოკრატიები მას ჯერჯერობით უმკლავდებიან. ჩვენ კი ეს პრობლემა დემოკრატიის პერსპექტივას გვიკლავს.

მესმის, რომ ბევრი, ვინც ახალი თაობის საუკეთესო ნაწილს მიეკუთვნება, არსებულ ოპოზიციაზე (ან ზოგადად პოლიტიკურ პარტიებზე) „იქრინჯება“. არ ვაპირებ, ისინი ამისთვის განვსაჯო: ჩვენი პოლიტიკური კლასით არც მე ვარ აღფრთოვანებული. მეტიც: ყოველთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდიდან მოყოლებული, უაღრესად კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ჩვენი პოლიტიკური კლასის მიმართ.

მაგრამ ეს პოლიტიკური კლასი ჩვენი საზოგადოების სახეა: ამაზე უკეთესს ვერ ვქმნით. სხვა პერიოდებში კიდევ უფრო სუსტი ოპოზიცია გვყავდა. ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც 35 წლის განმავლობაში სრულფასოვანი დემოკრატია ვერ შევქმენით.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული მიღწევებიც გვაქვს. ახალი თაობა აღიზარდა პირობებში, როცა რეალური პოლიტიკური ოპოზიციის, თავისუფალი მედიის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, მასობრივი პროტესტის შესაძლებლობები თავისთავად ცხადადაა მიჩნეული. ეს ყველაფერი თავისთავად არ მოსულა: ესეც პოლიტიკურმა კლასმა მოიტანა. დღევანდელ რეჟიმს კი ამ ყველაფრის წართმევა უნდა.

თუ ამის თავიდან აცილება გვინდა, თანამშრომლობას პოლიტიკურ კლასსა და იდეალისტ მეამბოხე ახალგაზრდობას შორის ალტერნატივა არა აქვს. ამისთვის ორივეს მოუწევს მიდგომების და განწყობის შეცვლა. ან ეს თანამშრომლობა შედგება, ან ჩვენი ადგილი რუსული ავტორიტარიზმის ჭაობშია. საკითხი ასე დგას.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG