Accessibility links

რას გულისხმობს მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი წესი


ლაგოდეხის მერია

საქართველოში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ახალი წლიდან, შესაძლოა, ახლებურად შეივსოს. პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, თვითმმართველობებს კი დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19 % დარჩებათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაიონების დაფინანსება გაიზრდება, ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ ახალი სისტემა, რეალურად, მუნიციპალიტეტებს კვლავ დამოკიდებულს ტოვებს ცენტრალურ ბიუჯეტზე და ადგილებზე დიდი ეკონომიკური ძვრები არ მოხდება.

2019 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტებმა, შესაძლოა, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემით აღარ მიიღონ. ამის ნაცვლად თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19 % დარჩებათ, თუმცა საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა.

ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ახალი ხედვა ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხში, თუ როგორ გავზარდოთ თვითმმართველობის წვდომა ბიუჯეტზე, როგორ გავზარდოთ მათი რესურსი იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ იმ ფუნქციების შესრულება.
მაია ცქიტიშვილი

ასეთია მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებული ცვლილებები. ირკვევა, რომ ახალი სისტემით არის შედგენილი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

იმის გამო, რომ რაიონებში ადგილობრივი შემოსავლები ნაკლებია, ცენტრალური ბიუჯეტიდან დღემდე თითოეულ მუნიციპალიტეტს გარკვეული რაოდენობის თანხა ერიცხება. თანხის რაოდენობა იმის მიხედვით იცვლება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს კონკრეტულ რაიონში და რა საჭიროებები არსებობს.

მაგალითად, ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. აქედან ადგილობრივ შემოსავლებს წარმოადგენს 3,5 მლ, 7 მილიონამდე გათანაბრებითი ტრანსფერია და დანარჩენი - რეგიონალური განვითარების ფონდის თანხა, რომელიც ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ გვითხრა, თუკი მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დამტკიცდა, ლაგოდეხი მიიღებს დამატებით, სავარაუდოდ, 2 მილიონ ლარს, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

კახა ჯამბურია
კახა ჯამბურია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია იმასაც ამბობს, რომ თუკი ბიუჯეტის შევსების ახალი სისტემა დაინერგება, ადგილობრივ ხელისუფლებას სტიმული მიეცემა მის რაიონში ბიზნესსუბიექტების რაოდენობა გაიზარდოს, რათა უფრო მეტი იყოს დღგ-ს გადასახადი.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტი, რომელიც ახალი წლიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19 %-ის მუნიციპალიტეტებზე განაწილებას გულისხმობს, ხელს შეუწყობს რეგიონების გაძლიერებას. ცქიტიშვილმა ამ თემაზე კომენტარი მისცა ახალი ამბების სააგენტო „აიპიენს“:

„ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ახალი ხედვა ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხში, თუ როგორ გავზარდოთ თვითმმართველობის წვდომა ბიუჯეტზე, როგორ გავზარდოთ მათი რესურსი იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც მათ დღეს აქვთ. ჩვენ ვსაუბრობთ, რათა გადასახადების უფრო მეტი წილი დარჩეს რეგიონებში, რაც მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.

ლაგოდეხის საკრებულო
ლაგოდეხის საკრებულო

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი გვეუბნება, რომ რეალურად ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებს კვლავ დამოკიდებულს ტოვებს ცენტრალურ ბიუჯეტზე. ექსპერტიიმასაც ამბობს, რომ რაც უნდა იაქტიურონ ცალკეულმა თვითმმართველობებმა, მომავალ წლებში მათი ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იმუშავებს მთლიანად ქვეყნის მთავრობა და გაიზრდება თუ არა მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა. ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობას ალტერნატიულ პროექტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც ადგილზე, მუნიციპალიტეტებში,უნდა დარჩეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მომავალში მზარდი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებული ცვლილებები ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ახალი სისტემით აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG