Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვენ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ქართველებისგან აფხაზური პასპორტის სანაცვლოდ


ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პასპორტის ასაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ. ამ დოკუმენტის გარეშე კი „დროებით ბინადრებად“ ჩაითვლებიან. აფხაზური კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ეს აკრძალვა არ ვრცელდება.

გალის რაიონში, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური დევნილი მთავრობის მონაცემებით, 50 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, უმეტესობას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად „აფხაზური პასპორტიც“ ჰქონდა. ქართველებისთვის ამ „დოკუმენტის“ მოქმედების ვადა 2019 წლის იანვარში ამოიწურა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ვადა მხოლოდ პენსიონერებისთვის გააგრძელა.

ეროვნება უნდა გამოიცვალოო და ასე ხომ არ არის ეროვნების გამოცვლა?! ეროვნება აფხაზი უნდა ჩაიწერო და ხიდზე გადასვლის გამო ადამიანობას ხომ არ გაყიდი?! ჩემი ხედვით, ერთადერთი გამოსავალია, რომ გაძლიერდეს საქართველოს მთავრობა და უშველოს ხალხს, თორემ სხვანაირად ძნელია...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. აფხაზური პასპორტით გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს ბოლო დრომდე ატარებდნენ დანარჩენ საქართველოსთან საზღვარზე, რომელიც ენგურის ხიდთან გადის. ბოლო 25 დღის განმავლობაში ეს „საზღვარი“ დაკეტილი იყო „ღორის გრიპის“საბაბით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო.

4 თებერვალს გახსნილი „საზღვარი“ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა ორი „საბუთით“ გადაკვეთეს - „ბინადრობის მოწმობით“ და „ფორმა ნომერი ცხრით.“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივ ქართველებს „აფხაზური პასპორტი“ ამ საბუთებით შეუცვალა.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც უსაფრთხოების მიზეზით ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ „ბინადრობის მოწმობის“ აღება 100 ლარამდე დაუჯდა. „გვეუბნებიან, რომ ხუთი წლის ვადა აქვსო, მაგრამ რა იქნება არ ვიცით, იქ სულ რაღაცას ცვლიან“, - ამბობს რესპონდენტი, რომელიც ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ენგურის ხიდის გავლით გადმოვიდა.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილს „აფხაზური პასპორტის“ სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არ სურს, ამიტომ „ბინადრობის მოწმობის“ აღებას ამჯობინებს. „ეროვნება უნდა გამოიცვალოო და ასე ხომ არ არის ეროვნების გამოცვლა?! ეროვნება აფხაზი უნდა ჩაიწერო და ხიდზე გადასვლის გამო ადამიანობას ხომ არ გაყიდი?! ჩემი ხედვით, ერთადერთი გამოსავალია, რომ გაძლიერდეს საქართველოს მთავრობა და უშველოს ხალხს, თორემ სხვანაირად ძნელია“, - გვეუბნება ქალაქ გალის მცხოვრები, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა საჯაროდ არ დავასახელოთ.

ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა ქართველებმა 23 იანვარს საპროტესტო აქციაც გამართეს და მათთვის ე.წ. პასპორტების გაცემა მოითხოვეს. საპასუხოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ „საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას“ არ დაუშვებენ. „აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად ორი პირობა არსებობს - 1994-1999 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრება და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის არქონა, გარდა რუსეთის ფედერაციისა“, - განაცხადა ნადარაიამ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, ძირითადად, გალის რაიონიდან ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად კვეთს რამდენიმე ასეული ადამიანი. ისინი დანარჩენ საქართველოში პროდუქტის შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ნათესავების მოსანახულებლად, ან სასწავლებლად გადმოდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG