Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია ცის დასასრულისა და რუსეთი-ამერიკა-საქართველოს სამკუთხედის შესახებ


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ერთ-ერთი მთავარი აქცენტია ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მიმართ ბრალდებების ჩამონათვალში. რუსეთის მიერ „ღია ცის“ შეთანხმების მრავალმხრივი დარღვევის გამო, შეერთებული შტატები გეგმავს - საერთოდ გამოეთიშოს ევროპის უსაფრთხოებისთვის გამიზნულ 18-წლიან შეთანხმებას. რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაძაბულობის ახალ ფაზაში გადადის.

კონკრეტულად რა არ მოსწონს ამერიკას რუსეთის ქმედებებში? რა პოზიცია აქვს თბილისს და რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის? რა შუაშია ნატოში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივა და ანაკლიის პორტი?

„ეს ულტიმატუმია. ასეთ საფუძველზე საუბარი შეუძლებელი იქნება“, - ასე ეხმაურება მოსკოვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას „ღია ცის“ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. 22 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერში ამერიკას ადანაშაულებს და ევროპაში ვითარების გაუარესებითაც იმუქრება.

„დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა ეს უნდა იყოს თანასწორუფლებიანი დიალოგი - მიმართული ერთმანეთის ინტერესებისა და წუხილების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ვაშინგტონი ასე არ არის განწყობილი და შეთანხმებიდან გასვლას ირჩევს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ევროპის უსაფრთხოებას დიდი ზარალი მიადგება. ამით არც თავად აშშ-ის უსაფრთხოება განმტკიცდება და ნამდვილად დაზიანდება მისი ავტორიტეტი საერთაშორისო საქმეებში“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს ამზადებს და ეს აშშ-ში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებიდანაც ჩანს - „ჩვენ ტრაგედიას არ ვქმნით ამ საკითხისგან. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ადეკვატური ნაბიჯები ანდა პასუხები ვაშინგტონის მოქმედებებზე“.

რუსეთის მედიას არ გამოჰპარვია, რომ 21 მაისს, როცა „ღია ცის“ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ვაშინგტონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აცხადებდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიც ახსენა.

მაიკ პომპეომ თქვა, რომ „ღია ცის“ საერთაშორისო შეთანხმებას რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად განიხილავს და შერჩევითად, მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს - „რუსეთი სხვადასხვა საშუალებით, მრავალი წლების განმავლობაში, უხეშად და უწყვეტად არღვევდა შეთანხმებას“.

მაიკ პომპეომ საქართველოსთან ერთად, უკრაინაც ახსენა. კერძოდ, მან თქვა:

  • რუსეთი ეწინააღმდეგება სამეთვალყურეო ფრენებს „10-კილომეტრიან დერეფანში თავისი საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან; რითაც რუსეთი ცდილობს განამტკიცოს თავისი ყალბი განაცხადები - რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებს წარმოადგენენ“;
  • რუსეთმა თვითმფრინავების საწვავით შევსებისთვის აეროდრომი გამოყო უკრაინის ყირიმში, „რაც ასევე წარმოადგენს მცდელობას - განამტკიცოს თავისი განაცხადი ნახევარკუნძულის სავარაუდო ანექსიის შესახებ, რასაც შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასდროს არ აღიარებს“.

ამერიკა აცხადებს, რომ, 6-თვიანი ვადის გასვლამდე, ჯერ ისევ შესაძლებელია გადაწყვეტილების გადახედვა. თუმცა ამისათვის რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს „ღია ცის“ შეთანხმება.

როგორც New York Times-ი იუწყება, ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა შესაძლოა მიანიშნებდეს ვაშინგტონის განზრახვაზე, რომ აღარ გაგრძელდეს ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი იარაღის თაობაზე, რომელსაც 2021 წლის თებერვალში ეწურება ვადა.

დაკონკრეტების გარეშე, ახალი შეთანხმების შესაძლებლობა 21 მაისს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ახსენა - „მე კარგი ურთიერთობები მაქვს რუსეთთან, მაგრამ მოსკოვი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. არის დიდი შანსი, რომ ახალ შეთანხმებას მივაღწევთ“.

„ღია ცის“ საერთაშორისო შეთანხმებას 18-წლიანი ისტორია აქვს. ეუთოს ეგიდით 1992 წელს ხელმოწერილი და 2002 წელს ამოქმედებული დოკუმენტი სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ცივი ომის შემდეგ, შეთანხმების ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ გამალებულ შეიარაღება ურთიერთნდობით ჩაენაცვლებინათ.

შეთანხმებას ამ ეტაპზე 34 ქვეყანა აწერს ხელს. ისინი თანხმდებიან, რომ:

  • ხელი შეუწყონ უფრო მეტ გამჭვირვალობას თავიანთი სამხედრო საქმიანობის საჰაერო მეთვალყურეობის დაშვების გზით, რაც განამტკიცებს ნდობასა და შესაბამისად - უსაფრთხოებას;
  • დაიცავენ შეუიარაღებელი სამეთვალყურეო ფრენებისთვის დადგენილ რეჟიმს, ამ ფრენებისთვის განსაზღვრულ კვოტებს, თვითმფრინავების ტექნიკურ დეტალსა და სამეთვალყურეო აპარატურის მკაცრად შემოწმების წესებს;
  • ფრენები დაშვებული იქნება შეთანხმების ხელმომწერი კონკრეტული ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის საჰაერო სივრცეში და არანაირი ზიანი არ მიადგებათ არახელმომწერ ქვეყნებს;
  • სამეთვალყურეო ფრენები შესრულდება წინასწარ შეთანხმებულ დროს, ამა თუ იმ ხელმომწერი ქვეყნის მიერ საგანგებოდ გამოყოფილი აეროპორტებიდან;
  • შეთანხმებიდან გასვლა ნებისმიერ ყველა ხელმომწერ ქვეყანას, სხვა ხელმომწერების არაუგვიანეს 6 თვით ადრე შეტყობინების გზით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ღია ცის“ სამეთვალყურეო ფრენები ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10-კილომეტრიან რადიუსში რუსეთმა 2010 წელს აკრძალა. ხოლო 2012 წელს, უკვე საქართველომ შეაჩერა შეთანხმების ვალდებულება რუსეთთან მიმართებით - „არ ვუშვებთ ფრენებს, რომლებიც უნდა განეხორციელებინა რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებით“.

დავით ზალკალიანმა 22 მაისს ასევე თქვა:

  • „საქართველოს ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული როგორც ვენაში, ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში, ასევე იყო გაკეთებული საჯარო დამგმობი განცხადებები საქართველოს მხრიდან და ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან“;
  • „ამ სიტუაციაშიც, ამჟამად, ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან (აშშ) და ასევე გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ - თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში“;
  • „ეს (მაიკ პომპეოს განცხადება) კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის, საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი“.

„რუსეთი ყველა მიმართულებით ხდება არასანდო პარტნიორი... ევროპული უსაფრთხოების განმსაზღვრელი ყველა შეთანხმება ემყარება უსაფრთხოებისა და ნდობის რეჟიმებს და როცა ნდობა დაიკარგა, ბუნებრივად ირღვევა ყველა ეს (მათ შორის - „ღია ცის“) შეთანხმება...

ძველი ირღვევა და ახლა ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ამ ჭრილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღვას, რადგან რუსეთი ამ რეგიონს იყენებს როგორც პლაცდარმს ახლო აღმოსავლეთში თავისი ინტერესების გასაძლიერებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

რას შეიძლება მოელოდეს საქართველო უსაფრთხოების ახალი წესრიგის ჭრილში?

ბათუ ქუთელია გვპასუხობს, რომ „ამ ახალ წესრიგში საქართველომ თავისი ადგილი თავად უნდა დაიმკვიდროს პროაქტიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გზით“. მოცემულობა და შანსები კი ასეთია:

  • „საქართველო, ფასეულობების დონეზე, ნამდვილად არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის - ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ და მივიღოთ დაცვის გარანტიები შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში“;
  • „შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ნატოში, რადგან შავი ზღვის რეგიონი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპისთვისაც“;
  • „აქ არ გამოგვადგება „ქართული ოცნების“ მიერ თავიდანვე გაჟღერებული მცდარი პრინციპი, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

ნატოსკენ მიმავალი გზის შემოკლების პერსპექტივა უკვე რამდენიმე წელია განიხილება საერთაშორისო წრეებში, თუმცა ამ იდეამ საქართველოს ხელისუფლების სერიოზული ყურადღება ვერ დაიმსახურა.

ბათუ ქუთელიას თქმით, „ახალი წესრიგის“ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლური ინვესტიციებით - „სამხედრო და სტრატეგიული აქცენტებით, დიდწილად შესაძლოა სწორედ „ანაკლიამ“ განსაზღვროს ჩვენი როლი და ფუნქცია ევროპული უსაფრთხოებისთვის“.

2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის შესახებ საუბრისას, მაიკ პომპეომ​ რუსეთისა და ჩინეთის არამეგობრულ ზრახვებს გაუსვა ხაზი:

  • იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს;
  • ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს, განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან;
  • ეს პროექტი საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე სახელმწიფო მდივნის 21 მაისის განცხადებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის დაინტერესების კიდევ ერთ დასტურად განიხილავს.

„ყირიმის ანექსიის შემდეგ, შავ ზღვაზე რუსეთი ქმნის დიდ სამხედრო ფორპოსტს - ყირიმი სერიოზულად გაამაგრა და დასავლეთი შიშობს, რომ ახლა რუსეთი იგივეს აკეთებს აფხაზეთში. ამერიკის ინტერესი რეგიონალურ კონტექსტში არის ის, რომ რუსეთმა ეს არ გააკეთოს... და ეს ჩვენთვის კარგი სიგნალია, რომ ამერიკა საქართველოს საკითხს ასახელებს „ღია ცის“ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად“, - ეუბნება თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლებას.

შარაშენიძის თქმით, ამ ფონზე, როცა მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა რუსეთსა და ამერიკას შორის, და ასევე - ჩინეთის შეკავების პოლიტიკის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს მეტი შანსი უჩნდება

„შავი ზღვის აღმოსავლეთით ამერიკას არ ჰყავს ბევრი კარგი მოკავშირე. რუსეთთან ომში ჩართული უკრაინა ჯერჯერობით ვერ იყენებს თავის პოტენციალს და ფეხზე ვერ დადგა... მართალია, საქართველო უფრო პატარაა, მაგრამ რაღაცნაირად უფრო დგას ფეხზე - აქ სისტემა უფრო მუშაობს, ვიდრე უკრაინაში“.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია ნატოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ შემადგენელ საკითხად იქცა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG