Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის დასავლური სიგნალი მინსკის პოლიტიკურ დღის წესრიგში


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

ევროპის პარლამენტის კვალად, რომელმაც 12 მაისს მოიწონა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები, „ბელარუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას“ განაგრძობს აშშ, რომლისგანაც ნავთობზე წარმოქმნილი დეფიციტის დასაფარავად მინსკმა 15 მაისს ნედლი ნავთობის პირველი პარტია შეიძინა.

არის თუ არა ამ ორ მოვლენას შორის რაიმე კავშირი? მზად არის თუ არა ალექსანდრ ლუკაშენკო, შეარბილოს ავტორიტარული რეჟიმი დასავლეთის დახმარების სანაცვლოდ და კიდევ უფრო შორს წავიდეს მოსკოვთან დაპირისპირებაში?

საკითხი არც ისე მარტივი და ერთმნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

„ლუკაშენკო კუდიდან აჯანჯღარებს რუსულ დათვს“

ბელარუსმა, რომელიც ძალიან შორს არის ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისაგან, გასულ კვირაში საკმაოდ კარგი სიგნალი მიიღო ბრიუსელისგან. ევროპის პარლამენტმა მოიწონა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სავიზო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისიდან - დაიწყება პროცედურების ორმხრივი გამარტივება და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებლის 80 ევროდან 35 ევრომდე შემცირება. გარდა ამისა, გაიზრდება არაკომერციული მიზნებით უფასო ვიზების გაცემის მიზეზების სია.

ამას გარდა, 15 მაისს მინსკმა პირველად შეიძინა ნავთობი აშშ-ისგან, რომელიც მომავალში მზად არის სავაჭრო შესაძლებლობები შესთავაზოს იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან „ბელარუსის ბაზარზე შესვლით“.

„როგორც ჩანს, ეს (მოვლენები) ერთმანეთს დაემთხვა. ეს პროცესი - ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი - საკმაოდ გაიწელა, მრავალი წელი გრძელდებოდა და ახლა დადგა დრო, რატიფიკაცია მომხდარიყო. თუმცა გარკვეულ ფილოსოფიურ კავშირებზე შეგვეძლო ლაპარაკი, რადგან ამ 80 ათასი ტონა ამერიკული [ნედლი ნავთობის] შესყიდვა მრავალშრიანია“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი.

ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს მინსკსა და ვაშინგტონს შორის საფუძველი ჩაეყარა თებერვალში, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მინსკში ვიზიტის დროს.

აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს „ასი პროცენტით კონკურენტუნარიან ფასებში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 1 თებერვალს მინსკში, ბელარუსის ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის მიერ მინსკში თავისი ელჩის ხელახალი გაგზავნა.

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც ოპონენტებისა და დასავლეთის დამკვირვებლების მიერ არადემოკრატიულად შეფასებული 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მინსკში სასტიკად იქნა დარბეული ოპოზიციის ანტისამთავრობო აქცია.

დასავლეთის სანქციების პასუხად, ლუკაშენკომ, რომელმაც არჩევნებში ხმათა 84 პროცენტი მიიღო, 2008 წელს აშშ-დან გამოიწვია თავისი ელჩი, ხოლო ამის შემდეგ მინსკი მალევე დატოვა აშშ-ის ელჩმა ბელარუსში.

მიუხედავად სეზონური უთანხმოებისა, რუსეთი ბელარუსის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. რუსეთის ნავთობის ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია ბელარუსის მიერ ნაყიდ ნავთობში. მაისში მინსკი რუსეთიდან 1,1 მილიონ ტონა ნავთობს შეიძენს, თუმცა, ამის მიუხედავად, აშშ-დან მცირე რაოდენობის ნავთობის შეძენას შესაძლოა უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს.

იური დრაკახრუსტი: „შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტის შეძენა აზერბაიჯანისგან, არაბებისგნ შეიძლებოდა უფრო მეტი ნავთობის ყიდვა, მაგრამ იყიდეს ამერიკელებისგან. და არა უბრალოდ იყიდეს ამერიკელებისგან, არამედ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, [ვლადიმირ] მაკეიმ, დააზუსტა, განმარტა განსაკუთრებულად გაუგებართათვის, რომ ეს [გარიგება] სწორედ მაიკ პომპეოს ამ პოლიტიკური დისკურსის ფარგლებშია და ჩვენ ამას ვასრულებთ. და ვინაიდან ცნობილია, თუ როგორ არის მომართული რუსი პოლიტიკოსების ტვინები, გასაგებია, რომ ისინი გაცოფებულები არიან“.

კობა ლიკლიკაძე: ანუ მინსკი მიდის ღია დაპირისპირებაზე რუსეთთან?

იური დრაკახრუსტი: დიახ, დიახ, დიახ! ის კუდზე ქაჩავს რუსულ დათვს“.

აპირებს თუ არა ლუკაშენკო, გადახედოს პოლიტიკურ დღის წესრიგს?

ამერიკული ნავთობის პირველი პარტია, რომელსაც ტანკერით 17 მაისს წაიღებენ ტეხასის შტატიდან ლიეტუვის პორტ კლაიპედაში, რამდენიმე დღეში მიაღწევს მინსკში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე.

და ვიდრე ამერიკული ნავთობი გზაშია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა მინსკს, ისარგებლოს ამ პროგრესით და გაატაროს საბაზრო რეფორმები ვაჭრობის ლიბერალიზების სფეროში, რაც აუცილებელია ქვეყნისათვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.

აპირებს თუ არა ლუკაშენკო, შეარბილოს რეჟიმი, თუ ეს მხოლოდ მისი ე.წ. დაბალანსების პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა?

იური დრაკახრუსტი: „ეს ძალიან პარადოქსულია. ვინაიდან ლუკაშენკო იყო და რჩება დიქტატორად. და, მოკლედ თუ ვიტყვით, ბელარუსის დღის წესრიგზე ეს არ აისახება. უფრო პირიქით. რადგან ახლა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რეპრესიები სწორედაც რომ გაძლიერდა: ადამიანებს ციხეში სვამენ, ბლოგერებს აპატიმრებენ, არ არეგისტრირებენ ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, აგრესიულ კანდიდატებს. და, რა თქმა უნდა, პარადოქსია, რომ ლუკაშენკო, რომელსაც, ჩვენ ყველამ ვიცით, საშინლად უყვარს რუსები, ამ არჩევნებზე ანტირუსული კარტით თამაშობს. ეს პარადოქსია, მაგრამ ეს ასეა. უფრო სწორად, მის სქემას წარმოადგენს ბელარუსის განაკუთრებული გზა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გზა კორონავირუსთან ბრძოლაში. ჩვენ ყველაფერი ვიცით. დასავლეთი სულელია, რუსეთი სულელია, ჩინეთი სულელია და მხოლოდ ჩვენ ვიცით, თუ როგორ ვიმოქმედოთ სწორად“.

კობა ლიკლიკაძე: დავუბრუნდები თქვენს მეტაფორას თუ ფრთიან ფრაზას, რომ ბელარუსი კუდზე ქაჩავს რუსულ დათვს. რას უქადის რუსეთთან ასეთი კინკლაობა ბელარუსის ხელისუფლებას?

იური დრაკახრუსტი: „იმას, რომ მას იმედი აქვს, რომ გახდება პრეზიდენტი და თავს დაანებებს დათვის გაღიზიანებას. უბრალოდ, ფიქრობს, რომ დათვის კუდზე მოქაჩვა კარგი კარტია არჩევნებზე. ეს არის პოლიტოლოგიაში კარგად ცნობილი მექანიზმი: „გაერთიანება დროშის გარშემო“. რუსები ჩვენ გვემუქრებიან, რუსები ჩვენ გვაჯავრებენ, რუსები არ ასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს, ესე იგი, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავერთიანდეთ დროშის გარშემო. ხოლო ვინ არის დროშა? მას ჩვენთან ალექსანდრ გრიგორის ძე [ლუკაშენკო] ჰქვია“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

  • იმ დროს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა, რომ Covid-19 - ეს არის „ფსიქოზი“, რამაც მსოფლიო საზოგადოება მოიცვა.
  • და მაშინაც კი, როცა მოსკოვმაც კი უარი თქვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ჩაიბარა 9 მაისის სამხედრო აღლუმი.
  • ბელარუსში მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკომ, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, განაცხადა, რომ ვერ ხედავს კორონავირუსის ეპიდემიის გამო არჩევნების გადატანის საჭიროებას.
  • ალექსანდრ ლუკაშენკო 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში მისი მმართველობის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG