Accessibility links

რატომაა ტესტირება ასე მნიშვნელოვანი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში


მედიკოსი ცხვირის ნაცხს იღებს გერმანიის ქალაქ კიოლნის საგანგებო სატესტო ცენტრში.

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება პლასტმასის ან ხის 15-სანტიმეტრიან ჩხირს, რომელსაც ერთ ბოლოზე ბამბა აქვს შემოხვეული.

ჩხირი ღრმად შეჰყავთ ცხვირის ღრუში და აღებულ ნაცხს იყენებენ იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს - SARS-CoV-2-ს.

დიდად სასიამოვნო პროცედურა არ გახლავთ. მაგრამ, ექსპერტების თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქმედითი და ეფექტიანი გზა დიდი რაოდენობით ადამიანების შესამოწმებლად და იმის დასადგენად, თუ ვინ უნდა მოთავსდეს კარანტინში, რომელ რეგიონშია ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელებული, ანდა ვის აქვს მის მიმართ იმუნიტეტი.

ზოგმა ქვეყანამ, მაგალითად, სამხრეთმა კორეამ, ქება დაიმსახურა ტესტირების ადრეულ ეტაპზე დაწყებისთვის. ამან მათ საშუალება მისცა, დროზე დაეწყოთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომების მიღება. სხვა ქვეყნები ჩამორჩნენ. მათ რიგს განეკუთვნებიან იტალია და ესპანეთი, რომლებიც ყველაზე მძიმედ დაზარალებულთა შორის არიან. ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ვითარება დღითი დღე უარესდება.

აი, რა უნდა იცოდეთ ტესტირების შესახებ.


როგორ ტარდება ტესტირება?

ამჟამად ორი სახის ტესტი გამოიყენება. უფრო ნაკლებად ცნობილია სისხლის ანალიზზე დამყარებული ე.წ. სეროლოგიური ტესტი. ამ ტესტის მეშვეობით ადგენენ სისხლში ანტისხეულების შემცველობას. ანტისხეულები არის პროტეინები, რომლებიც ადამიანის სხეულში დაავადებაზე საპასუხოდ აქტიურდება - მაგალითად, ფილტვების ანთების, ან ვირუსული დაავადების, მაგალითად, გრიპის შემთხვევაში.

სეროლოგიური ტესტით შეიძლება დადგინდეს, გადატანილი აქვს თუ არა ადამიანს ესა თუ ის დაავადება. ეს, როგორც წესი, ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგაა შესაძლებელი, განურჩევლად იმისა, ავლენს თუ არა ის სიმპტომებს. ამიტომ ეს ტესტი ნაკლებსასარგებლოა ისეთ დროს, როცა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - როცა დაავადება ელვის სისწრაფით ვრცელდება მოსახლეობაში.
ამიტომაცაა, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მეორე ტესტს, რომელიც ცხვირის ღრუს ნაცხის საფუძველზე კეთდება.

ტესტები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არიგებენ, სწორედ ამ მეთოდს ემყარება. ამავე ტესტისთვის საჭირო ელემენტებს აწარმოებენ კერძო ლაბორატორიებიც.

არაბთა გაერთიანებული საამიროები: მედმუშაკი ნაცხს უღებს ავტომანქანის მძღოლს აბუ-დაბიში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები: მედმუშაკი ნაცხს უღებს ავტომანქანის მძღოლს აბუ-დაბიში.

ცხვირის ღრუდან ნაცხის აღების საკმაოდ უსიამოვნო პროცედურის შემდეგ მასალას ლაბორატორიაში აგზავნიან. იქ მას მოლეკულური ანალიზი უტარდება კორონავირუსის გენომის ფრაგმენტების გამოსავლენად. თუკი ვირუსის შემცველობა დიდია, მისი აღმოჩენა იოლია.

რატომაა ასე მნიშვნელოვანი სწრაფი ტესტირება?

კორონავირუსის სწრაფად და ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ის რამდენიმე დღე არ იწვევს სიმპტომებს. და ამ უსიმპტომო პერიოდში თქვენდა უნებურად მრავალ ადამიანს შეგიძლიათ გადასდოთ ის.
პრობლემა ისაა, რომ ეს კორონავირუსი, SARS-CoV-2, იმდენად ახალია, რომ მსოფლიო მას მოუმზადებელი შეხვდა. არ მოიპოვება ტესტირების და შემდეგ აღებული ნიმუშების გაანალიზების საკმარისი რესურსი. რაც უნდა მოწინავე ჯანდაცვის სისტემები ჰქონდეთ იტალიას, ესპანეთს და - მით უმეტეს - აშშ-ს, ისინი ვერ ერევიან საკმარისი რაოდენობის ტესტის ჩატარებას.

არაფერი რომ არ ვთქვათ ქვეყნებზე, რომლებსაც ისედაც განუვითარებელი ჯანდაცვის სისტემა აქვთ. ამის მაგალითია ირანი.

„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებით გვაქვს, ისაა, რომ ჯერაც არ შეგვიძლია იმის შეფასება, თუ ვინ არის ინფიცირებული და ვინ - არა“, ამბობს ბიოლოგიისა და ბიოქიმიის სპეციალისტი, ინგლისის ბათის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ პრესტონი. „ანუ მხოლოდ სიმპტომებს ვერ დავემყარებით, ვინაიდან გარკვეული დროა საჭირო, სანამ ეს სიმპტომები გამოვლენას დაიწყებს, მაშინაც კი, როცა ადამიანს ვირუსი შეეყრება“. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ტესტირება იმის დასადგენად, თუ ვინაა ინფიცირებული.

ეპიდემიოლოგები ჩივიან, რომ სწრაფი ტესტების ნაკლებობის პირობებში ზოგიერთი ქვეყანა სერიოზულად ბრკოლდება ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

29 მარტის მონაცემებით, აშშ-მა, რომლის მოსახლეობა 330 მილიონია, 366 ადამიანზე საშუალოდ ერთი ტესტი ჩაატარა. იტალიამ, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 60 მილიონია, ერთი ტესტი ჩაატარა დაახლოებით 133 ადამიანზე.

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი: პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს თანაშრომელი ნაცხს უღებს ისრაელიდან დაბრუნებულ მუშას თარგუმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში.
მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი: პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს თანაშრომელი ნაცხს უღებს ისრაელიდან დაბრუნებულ მუშას თარგუმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში.

რუსეთმა 30 მარტისთვის 343500 ტესტი ჩაატარა. 144-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ნიშნავს ერთ ტესტს 419 ადამიანზე.

ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, გამალებული ცდილობენ სწრაფი ტესტების რიცხვის გაზრდას.

რატომ ახერხებს ზოგი ქვეყანა ამის სხვაზე უფრო სწრაფად გაკეთებას?

მართალია, ითვლება, რომ ნაცხით ტესტირების სიზუსტის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ მას ბევრი დრო სჭირდება: ნაცხს აღება უნდა, მერე ლაბორატორიამ უნდა მოახერხოს მისი ანალიზი და საბოლოოდ პაციენტს შეატყობინოს შედეგი.

ზოგმა ქვეყანამ დაჩქარებული წესი შემოიღო: მაგალითად, ადამიანს საკუთარი მანქანიდან გადმოუსვლელად უტარდება ტესტი.

სამხრეთ კორეაში წარმატებით იყენებენ ტელეფონის ჯიხურის ტიპის სისტემას: ხალხი შედის შუშის ჯიხურში და იქ უსაფრთხოდ იკეთებს ტესტს. ამ სისტემის უპირატესობა იმაშიცაა, რომ მედპერსონალი მაქსიმალურად დაცულია ინფიცირებისგან.
პრესტონის თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ, რომელმაც საშუალოდ 250 ადამიანიდან ერთის ტესტირება მოახერხა, ასევე გამოიყენა 2000-იანი წლების დამდეგს ჩინეთიდან გავრცელებული კიდევ ერთი მძიმე დაავადების, SARS-ის ეპიდემიის დროს მოპოვებული გამოცდილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, SARS-ით მსოფლიოში 8500 ადამიანი იყო ინფიცირებული, ლეტალურად დასრულდა 774 შემთხვევა.

„ჩემი აზრით, სამხრეთ კორეას ადრეული ტესტირებისთვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდა“, ამბობს ის. „მათ ასევე ძალიან ენერგიულად გაატარეს კვალის გამოვლენის ზომები. პირველი შემთხვევები ძალზე სწრაფად დაადგინეს“.

აშშ-ს, რომელსაც კარგად დაფინანსებული თანამედროვე სამედიცინო სისტემა და მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტები მოეპოვება, თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა სწრაფი და ფართო მასშტაბის ტესტირება.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ექსპერტების თქმით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორისაა დაყოვნება რეგულაციებში და პრობლემის სერიოზულობის შესახებ წინააღმდეგობრივი მესიჯები თეთრი სახლიდან და სხვა მხრიდან.

„ტესტირება არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ“, ამბობს ბოსტონის Massachusetts General Hospital-ის პრეზიდენტი პიტერ სლავინი.

ტესტი Abbott ID NOW COVID-19
ტესტი Abbott ID NOW COVID-19

მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანია დაჩქარებული ტემპით მუშაობს ლაბორატორიული ტესტისთვის საჭირო დროის შემოკლებაზე.

ერთ-ერთია აშშ-ის კომპანია Abbott Laboratories-ი. მან გასულ კვირაში მოიპოვა რეგულატორის ლიცენზია კორონავირუსის ტესტის სისტემისთვის, რომელსაც რამდენიმე წუთში შეუძლია დაადგინოს, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი. ამავე დროს, სისტემა პატარა და პორტატიულია.

სწრაფი ტესტის შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მაც მოიპოვა აშშ-ის ლიცენზია, თუმცა მისი ტესტი შედეგს სამ საათში იძლევა.

პრობლემას წარმოადგენს ტესტის სანდოობა. ესპანეთი, საქართველო, თურქეთი და ჩეხეთი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ჩინური კომპანიისგან შეიძინეს კორონავირუსის სწრაფი ტესტები. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტესტები დეფექტური იყო, მათ მხოლოდ 30-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდათ.

„დიდი კითხვები ჩნდება იმაზე, თუ... რამდენად გვაქვს საკუთარი თავის დაცვის უნარი“, ამბობს პრესტონი. მისი თქმით, აუცილებელია, ახლებურად გავიაზროთ ჩვენი გლობალური ინფრასტრუქტურა, რათა პრობლემებთან გამკლავება შევძლოთ.

„რამდენიმე წელია ამას ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ ეს ძირითადად თეორიულ სფეროში რჩებოდა. ცხადია, აწი ასე აღარ იქნება“, დასძინა მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG