Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რატომ არ გაცვალეს?“ 


ხურვალეთი
ხურვალეთი

„რატომ არ გაცვალეს ცხინვალის ციხის ქართველ პატიმრებში?“ - ეს კითხვა ხურვალეთის მცხოვრებლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 7 მარტს საოკუპაციო ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის ჯერ დაკავების და შემდეგ გათავისუფლების შესახებ შეიტყვეს.   

პატარა ლიახვის ხეობიდან 2008 წლის ომის დროს დევნილი რამაზ ჩალაური ახლა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 7 მარტს ის სოფლის განაპირას მიწას ტრაქტორით ამუშავებდა, როცა საოკუპაციო ძალების მანქანა შენიშნა. სამხედრო მანქანიდან ორი შეიარაღებული პირი გადმოვიდა და მისკენ გამოემართა. რამაზი მაშინვე მიხვდა, რომ მის გასატაცებლად მოდიოდნენ და გაიქცა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. რამაზი ამბობს, რომ ქართველმა პოლიციელებმა სწრაფად იმოქმედეს და რუსი ჯარისკაცები განაიარაღეს.

„გამოიქცა ეს რუსი დიდი მანქანით და დამედევნა. მე დავაგდე ეს ტრაქტორი და გამოვიქეცი პიკაპისკენა, ჩვენებისკენა. მდიეს, მდიეს, ვერ დამიჭირეს. ორნი იყვნენ. ისროდნენ, ჰაერში ისროდნენ. გაჩერდი, გაჩერდიო, მეძახდნენ. მე მაინც არ გავჩერდებოდი, რომ ესროლათ“.

7 მარტის საღამოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა დაკავების შესახებ არ იუწყებოდა. უწყების განმარტებით, ქართულმა პოლიციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხელი შეუშალა საქართველოს მოქალაქის გატაცებაში, მაგრამ მათ დაკავებას უარყოფდა.

„7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განხორციელდა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“, - გვითხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გუშინ, მართლაც, გააქტიურდა. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ხურვალეთიდან არაერთი წყარო უდასტურებდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პოლიციელებმა ჯერ ალყაში მოაქციეს, შემდეგ განაიარაღეს და სოფლიდან სწრაფადვე გაიყვანეს. თან წაიყვანეს მათი კუთვნილი სამხედრო მანქანაც.

ხურვალეთელები დარწმუნებული არიან, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ქართველ სამართალდამცავებს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დაკავებული ჰყავდათ, ამიტომ, მათი აზრით, ეს ჯარისკაცები ქართველ პატიმრებში უნდა გაეცვალათ.

„ჩვენმა სამართალდამცავებმა დააკავეს რუსი ოკუპანტები. არ უნდა გაეთავისუფლებინათ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი რამდენია დაკავებული. ეს მომენტი უნდა გამოეყენებინათ“.

„გაცვალონ, აბა, რატომ არ ცვლიან? რატომ უნდა გაეთავისუფლებინათ, ჩვენები ხომ არიან იქით დაჭერილები და გაეცვალათ“.

„პოლიციას უნდა აეყვანა ესენი (რუსები) და უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რომ ესენი ზაზა გახელაძეში გაეცვალათ“, - აცხადებენ ხურვალეთელები.

ქართველ სამართალდამცავებსა და საოკუპაციო ძალებს შორის კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით 7 მარტის საღამოსვე შედგა. მოლაპარაკების დეტალებს არც ერთი მხარე არ ასაჯაროებს, მთავარი კითხვა კი ახლა ისაა, რის სანაცვლოდ გაუშვეს პოლიციელებმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ზაზა გახელაძის ოჯახში ამ ინციდენტის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ მეტი ოპტიმიზმი გაჩნდა. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი მოლაპარაკების შემდეგ ცხინვალის ციხის ქართველი პატიმრების საკითხიც შეიძლება დადებითად გადაწყდეს და მალე გაათავისუფლონ.

XS
SM
MD
LG