Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მუშაობს თელავის სპორტის სასახლე


„კახეთში აშენდება სპორტის სასახლე, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც ახალგაზრდა სპორტსმენებს დაოსტატდნენ და თავიანთი ნიჭი გამოავლინონ, ასევე კახეთის რეგიონს, რომ უმასპინძლოს არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას“ - ეს განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, 2016 წლის სექტემბრის ბოლოს თელავში ყოფნის დროს გააკეთა, როცა სპორტის სასახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდა, თუმცა ობიექტს ამ დრომდე არც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის უმასპინძლია და ვერც სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები დაოსტატდნენ, რადგან სპორტის სასახლეს არც ერთი დღე არ უმუშავია და კარს ამ დრომდე ბოქლომი ადევს.

რა ეტაპზეა ლონდონის არბიტრაჟში მიმდინარე დავა სახელმწიფო შეპესესა და მშენებელ კომპანიას შორის, ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისად, უცნობია, როდის დასრულდება თელავის სპორტის სასახლის სრული მშენებლობა.


რატომ არ მუშაობს თელავის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე? ამ შეკითხვაზე პასუხი ვთხოვეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს და შეკითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხეს. როგორც ირკვევა, თელავის სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ შენობაში კვლავ შესასრულებელია გარკვეული სამუშაოები, მშენებელ კანადურ კომპანიას კი სახელმწიფო შპს „სპორტმშენსერვისმა“, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

„ხელშეკრულების მიხედვით, თელავის სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2017 წელს, მაგრამ მოცემულ ვადაში მიმწოდებელი კომპანიის მიერ სამუშაოები არ იქნა შესრულებული. ვადის დარღვევით სამუშაოთა ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვაც არ იყო შესაბამისი ფაქტობრვად შესრულებული სამუშაოების ხარჯებთან მიმართებით. ასევე სხვა არაერთი ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 მარტის განკარგულების საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყვეტილა და შემსყიდველების მიერ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და ამ ობიექტის ფუნქციონირებისათვის დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით. მას შემდეგ, რაც დადგინდება დარჩენილი სამუშაოების მოცულობა და მის საფუძველზე განხორციელდება სამუშაოები, შესაძლებელი გახდება ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირება დანიშნულებისამებრ”, - ნათქვამია წერილში, რომელიც სპორტის სამინისტროდან ჩვენს შეკითხვებზე პასუხად გამოგვიგზავნეს.

თუმცა სამინისტრო ამ წერილში არაფერს წერს იმის შესახებ, რომ მას სამშენებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა აქვს. თელავში, გორსა და ბათუმში მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეებს კანადური კომპანია „ბეჰლენი“ აშენებდა. საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი ნატალია ჩიკვილაძე ამბობს, რომ მათ სპორტის სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისთან“ ლონდონის არბიტრაჟში სამართლებრივი დავა აქვთ დაწყებული. ჩიკვილაძე დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ კომპანია ცდილობდა სამინისტროს მიერ წამოყენებული პრეტენზიები მოლაპარაკებისა და მუშაობის შედეგად მოეგვარებინა, მაგრამ სამინისტროსგან უარი მიიღეს:

„კომპანია „ბეჰლენი“ ედავება საქართველოს მთავრობასთან და შპს „სპორტმშენსერვისთან“ სამივე სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონტრაქტის თანახმად, „ბეჰლენმა“ საქმე გადასცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს და, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე აღნიშნული საქმე საარბიტრაჟო სასამართლოს იურისდიქციაშია, დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“.

თელავის ანალოგიური პრობლემებია გორსა და ბათუმში, სადაც კანადური კომპანია „ბეჰლენი“ სახელმწიფოს დაკვეთით მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეებს აშენებდა. პროექტისთვის, ჯამში, 33 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო, თუმცა კანადურ კომპანიას ამ თანხის, დაახლოებით, 60 პროცენტი აქვს მიღებული. ჩვენ გავარკვიეთ, რომ თელავის სპორტის სასახლის გარე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით კიდევ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით ქსოვრელიშვილმა.

„2 მილიონ-ნახევარზე მეტი დაიხარჯა სპორტის სასახლემდე მისასვლელი გზებისთვის და 400 ათასი კომუნიკაციების მოსაწყობად. ჩვენი მხრიდან რაც გაკეთდა, ყველაფერი მუშაობს. ჩვენთვისაც ძალიან ცუდია, როცა ამხელა შენობა უფუნქციოდ არის და არ მუშაობს, ეს ძალიან ცუდია“. რა ეტაპზეა ლონდონის არბიტრაჟში მიმდინარე დავა სახელმწიფო შეპესესა და მშენებელ კომპანიას შორის, ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისად, უცნობია, როდის დასრულდება თელავის სპორტის სასახლის სრული მშენებლობა. პროექტის მიხედვით, თელავის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე 2000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს თელავის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა ხელბურთში ევროპისა და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატების გამართვა, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებელობა ვერ დასრულდა, სპორტული ღონისძიებები თელავის ნაცვლად თბილისში ჩატარდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG