Accessibility links

რატომ ასრულებს კასრისწყლის სკოლაში ტუალეტის ფუნქციას სარდაფი


სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დატბორილი საპირფარეშო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილი საპირფარეშო და სველი წერტილები ამ დრომდე უფუნქციოა. დიდი რაოდენობით მოვარდნილმა წყალმა სკოლის ეზოში განთავსებული საპირფარეშოს შენობა ტალახითა და ქვიშით გაავსო. დაიწვა წყალსაქაჩი მოტო და სკოლას ახლა არც წყალი მიეწოდება. სტიქიის მიუხედავად, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. სკოლის ადმინისტრაციას მოლოდინი ჰქონდა, რომ შესაბამისი სამსახურები პრობლემას მეორე დღესვე მოაგვარებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის, განცხადებით, სკოლის ფინანსური და ადამიანური რესურსით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ბუღრიძე ამბობს, რომ უწყლობის გამო სკოლაში ანტისანიტარიაა შექმნილი, ხოლო მოსწავლეები საპირფარეშოსთვის სკოლის სარდაფს იყენებენ, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ აქვთ.

„საპირფარეშოები ტალახით არის სავსე. არც წყალი მოდის. ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რადგან სკოლას ფინანსები აღარ აქვს. პირველი სტიქიის დროსაც 5 თეთრით არავინ დამხმარებია, ახლაც ასეა. ოფიციალური წერილი მივწერე ინფრასტრუქტურას და რესურსცენტრს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი თვეები უნდა გაიწელოს, კარგს არაფერს მოიტანს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სკოლის დირქტორმა და შეკითხვაზე პასუხად ისიც თქვა, „რადგან საპირფარეშო არ ფუნქციონირებს, ამ მიზნით ბავშვები სკოლის სარდაფს იყენებენო“.

დატბორილი საპირფარეშო
დატბორილი საპირფარეშო

თვითონ დირექტორისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მათ უკვე გაასუფთავეს საპირფარეშო. ან თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, ან მე მომაწოდა არასწორად...
მანანა ნადიბაიძე

კასრისწყლის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა აგვისტოში მოსულმა სტიქიამაც დააზიანა. მაშინაც დაიტბორა საპირფარეშო და სველი წერტილები. სკოლის დირექტორის თქმით, მაშინ პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვარა - გაწმინდა დატბორილი ტერიტორია და სკოლის ეზოში 9 ტონა დამტვრეული ქვა გაშალა, რომ ახალ სასწავლო წელს ტალახი არ ყოფილიყო, თუმცა 16 სექტემბრის ძლიერმა წვიმამ ეზოში გაშლილი მასაც წაიღო და სხვა ზიანიც მიაყენა. ბუღრიძე ამბობს, რომ სკოლის ნაწილის და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლასთან ახლოს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ხელოვნური ტბა გააკეთეს. მისი ინფორმაციით, გაუქმდა სანიაღვრე არხი და ახლა ყოველი წვიმის დროს სკოლა ზარალდება.

„ნება იბოძონ, შემოიყვანონ ტექნიკა და მოხდეს ამ ტერიტორიის გაწმენდა. პარალელურად მოიტანონ ის 9 ტონა ხრეში, რომელიც წყალმა წაიღო... მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამგეობა ამ ყველაფერზე დუმს. ხმას არ იღებენ“.

კასრისწყლის სკოლის დირექტორის წერილი ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიიღეს, მაგრამ უწყებამ ეს წერილი, თავის მხრივ, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაუგზავნა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ნადიბაიძე ამბობს, რომ ჯერ ზარალი უნდა დადგინდეს და ინფრასტრუქტურის აღდგენა ამის შემდეგ დაიგეგმება. მისივე ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება მერიაც, თუმცა ნადიბაიძეს აქვს ინფორმაცია, რომ სკოლას წყალიც აქვს და საპირფარეშოც ფუნქციონირებს:

კასრისწყალში მსგავსი ნალექი საუკუნეა არ მოსულა. სხვა დროს ზამთარშიც და ზაფხულშიც ისე ცხელა, იწვება ყველაფერი. ამ ბოლო ორ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი....
ანო ნასყიდაშვილი

„თქვენც ხომ იცით, რომ ეს სოფელი ახმეტიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული?! მე იქ ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი და ვერ ჩავიდოდი“.

ახმეტის მერია სკოლას მძიმე ტექნიკით დახმარებას 16 სექტემბერსვე დაჰპირდა, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთი ტექნიკა ამ დრომდე არ მისულა. მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიდრე სკოლის ეზოში ტალახი არ გაშრება, სამუშაოები ვერ დაიწყება. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სკოლის დატბორვას ხელოვნური ტბები იწვევს, ვანო ნასყიდაშვილი ამ ცნობას უარყოფს. ამბობს, რომ იმ რაოდენობის წყალს, რაც 16 სექტემბერს მოვიდა, ვერც ერთი არხი ვერ გაატარებდა:

„კასრისწყალში მსგავსი ნალექი საუკუნეა არ მოსულა. სხვა დროს ზამთარშიც და ზაფხულშიც ისე ცხელა, იწვება ყველაფერი. ამ ბოლო ორ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი. მანდ სანიაღვრე არხი არ არის ჩაკეტილი. უბრალოდ, ბევრი წყალი ვერ გაატარა. მე ტრაქტორი ნანახი მყავს და უნდა გავწმინდოთ. უბრალოდ, ველოდებით, როდის გაშრება. ტალახში ტექნიკა ვერ შემყავს. სხვა რა უნდა გავუკეთო?“

კონკრეტულად როდის მოუგვარდება სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლას სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები, ამას დაზუსტებით ვერც ახმეტის მერიაში ამბობენ და ვერც საგანმანათლებლო რესურსცენტრში. იმ შემთხვევაში კი, თუ სოფელში კვლავ წვიმა მოვიდა, დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა 55 მოსწავლეს და 10 პედაგოგს გაუსაძლის პირობებში ყოფნა კიდევ დიდხანს მოუხდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG