Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიკლო მედიის მდგრადობის ინდექსმა საქართველოში?


IREX-ი საქართველოში მედიის მდგრადობის 2019 წლის ინდექსს აქვეყნებს. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში საქართველო იმ კატეგორიაში მოხვდა, რომელსაც მდგრადობასთან მიახლოებული ეწოდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის წლევანდელი ქულა - 2,25, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2018 წელს საქართველოში მედიის მდგრადობის ინდექსი 2,31 იყო.

ინდექსი ხუთი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით არის გამოთვლილი: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების წყაროების მრავალფეროვნება, ბიზნეს მენეჯმენტი და მხარდამჭერი ინსტიტუტები.

IREX-ის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელი საქართველომ დაიწყო ხმაურიანი კანონპროექტით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ათავისუფლებდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან და კომერციული რეკლამის განთავსების დროს უხანგრძლივებდა. „გასული წელი კი დასრულდა პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციით, რასაც უძღოდა კამპანია, რომელმაც მედია სტანდარტები მძიმედ დააზარალა“- წერია ანგარიშში.

ქვეკატეგორიების განმარტებით ნაწილში ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი და წინასაარჩევნო მედია გარემო აღმოჩნდა ის ორი ძირითადი მიზეზი, რამაც მაჩვენებლების კლება გამოიწვია.

ანგარიშში საუბარია ტელე მედიის პოლარიზაციაზე. „ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში ტელე იმედმა, ქვეყნის ორი ლიდერი არხიდან ერთ-ერთმა, თავისი პოლიტიკური მაუწყებლობა მიმართა გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო. მეორე წამყვანი არხი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე რუსთავი 2-ი კი თავს ესხმოდა ვაშაძის ოპონენტსა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, - წერია მედიის მდგრადობის შესახებ ანგარიშში.

მთელი წლის გამოწვევები ხუთ ქვეკატეგორიაში

საქართველოს მაჩვენებელი მცირედით დაწეულია სიტყვის თავისუფლების ქვეკატეგორიაში. ანგარიშში წერია, რომ ამის მიზეზი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო დროის გახანგრძლივების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და ნაციონალისტური ჯგუფების მიერ რუსთავი 2-ის ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა.

ამ ქვეკატეგორიაში საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზეც. ანგარიშში წერია რომ დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა არხზე კონტროლის მოსაპოვებლად, გასულ წელსაც გრძელდებოდა. აქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, იუსტიციის მინისტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სთხოვა მოეხსნა დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს ვერდიქტზე რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიხედვით, მედია სტანდარტების დონემ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე იკლო. „მედიაში ხდებოდა პროფესიონალური და ეთიკური სტანდარტების აღმაშფოთებელი დარღვევები - ვიზუალური მანიპულაციები და მიკერძოებული გაშუქება“, წერია ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო დროის გაზრდამ კი ბიზნეს მენეჯმენტში ინდექსის კლება გამოიწვია. ამ ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ხედავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, ნატა ძველიშვილი. ის ფიქრობს, რომ საქართველოში მედია, როგორც ბიზნესი, არ არსებობს.

„მედია კომპანიები ვერ ვითარდებიან და ვერ ხდებიან თვითკმარები, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ისინი იძულებულები არიან თანხა მოიძიონ ყველა შესაძლო ხერხებით, იყვნენ მუდმივად დამოკიდებული კონკრეტული ბიზნესმენის შემოსავალზე. სუბსიდია მედიას ყოველთვის სჭირდება და ეს საბოლოო ჯამში აისახება მედიის კონტენტზე. როდესაც დამოკიდებული ხარ ერთ წყაროზე, შენი სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ლოიალურია ამ ერთი წყაროსა და ყველა იმ მოვლენის მიმართ, რაც მას ეხება. ამის ნათელი მაგალითი იყო იბერიის საქმე, როცა ვნახეთ როგორ იყო ეს ტელეკომპანია გამოყენებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად“, - ამბობს ნატა ძველიშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

ანგარიშის მიხედვით, მედიის პოლიტიკური კავშირები და პოლარიზებული გარემო გახდა კიდევ ერთი მაჩვენებლის ვარდნის მიზეზი, ახალი ამბების წყაროების მრავალფეროვნების კატეგორიაში.

რაც შეეხება ინსტიტუტების მხრიდან გამოხატულ მედია მხარდაჭერას, ეს ერთადერთი კატეგორიაა, სადაც საქართველოს წელს შედეგი გაუმჯობესებული აქვს. ანგარიშში წერია რომ ეს არასამთავრობო სექტორის მხრიდან მედიისა და ჟურნალისტების ინტერესებისთვის ბრძოლის დამსახურებაა.

ნატა ძველიშვილი მედიის მდგრადობის ინდექსს ბოლო წლების განმავლობაში აკვირდება და ამბობს რომ 2014 წლიდან მასში ვარდნის ტენდენცია შეინიშნება, რაც პირდაპირ ასახავს მედიის მდგომარეობას საქართველოში.

„ხშირად უცხოელ პარტნიორებთან გვიჭირს იმის ახსნა, რა პრობლემებია ქართულ მედიაში, მაშინ როდესაც, არ გვაქვს მასშტაბური ფიზიკური ზეწოლა ჟურნალისტებზე, ისე როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, არ არის გამოხატვის თავისუფლების მკვეთრი შეზღუდვები და ჯერჯერობით ვახერხებთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივების მოგერიებას, მაგრამ ფართო კონტექსტში თუ შევხედავთ, საფუძვლიანი პრობლემები აშკარაა. მედიის მდგრადობის პირველივე ინდიკატორი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს, მყისიერი უარყოფითი შედეგი კი არ აქვს, არამედ ტენდენციაში აისახება უარყოფითად მედია გარემოზე“, - ამბობს ძველიშვილი.

გასული წლის გამოწვევები მედიაში IREX-მდე ერთი კვირით ადრე ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეაჯამა. 180 ქვეყანას შორის საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG