Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტო ინტერნეტში რომ არ „ეთრიათ“ - რა თქვეს „4 ოქტომბრის“ საქმის დაზარალებულმა პოლიციელებმა სასამართლოში

კადრში ჩანს პოლიციელი ირაკლი ლურსმანაშვილი. ის 4 ოქტომბრის აქციის დაზარალებულია.
კადრში ჩანს პოლიციელი ირაკლი ლურსმანაშვილი. ის 4 ოქტომბრის აქციის დაზარალებულია.

ამ სტატიაში წაიკითხავთ, პოლიციელების ვერსიას, რატომ ეკეთათ ნიღაბი აქციაზე. ამ თემით „4 ოქტომბრის საქმის“ ადვოკატები დაინტერესდნენ. დღეს დაკითხულ სამივე პოლიციელს დაზარალებულის სტატუსი აქვს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტებმა დაზიანებები მიაყენეს. 

მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი

პროკურორები: თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია

ბრალდებულები: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

ბრალდება: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა - ჩადენილი ჯგუფურად -სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა.; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა -მუხლი 225.2.

4 ოქტომბრის საქმის სხდომაზე მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა ბევრჯერ აუწია ხმას და ბევრჯერ მოუწოდა მხარეებს წესრიგისკენ. გააფრთხილა კიდეც, რომ დღეს შენიშვნას იყენებს, სამომავლოდ კი ჯარიმაც არაა გამორიცხული.

ყველაფერი სხდომაზე ადვოკატების დაგვიანებით დაიწყო და მოწმეების ჩვენებებზე კამათით გაგრძელდა.

„შესაძლოა, დავაჯარიმო კიდეც ადვოკატები, რომლებიც არ მოდიან, არც გვატყობინებენ მოსვლა/არმოსვლის შესახებ და ამავდროულად საქმის განხილვის გრაფიკი წინასწარ იციან“, - თქვა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

სხდომა ხუთი საათი მიმდინარეობდა, მოსამართლეს შესვენება არ გამოუცხადებია. მხოლოდ მხარეებსა და ბრალდებულებს შეეძლოთ რამდენიმე წუთით გასვლა. გამონაკლისი დამსწრეებს არ შეხებიათ.

„ნუ ეპასუხებით ნურავის“, „არარსებულში ეძებთ პრობლემას“, „ჟესტიკულაცია აკონტროლეთ“, „პირი გამოითავისუფლეთ საღეჭი რეზინისგან“, „დაემორჩილეთ საბადრაგო სამსახურს“, „ფეხზე ნუ დგებით, დაჯექით“, - ისმოდა მოსამართლე ტყეშელაშვილის ხმა სხდომათა დარბაზში.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.

4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს - ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად მიიჩნევს, დანარჩენებს - მონაწილეებად.

4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია.

„მარცხენა დუნდულასთან ვიგრძენი ძლიერი ტკივილი“

დღევანდელ სხდომაზე პირველი დაზარალებული პოლიციელი ირაკლი ლურსმანაშვილი დაიკითხა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივი.

ის ამბობს, რომ 2020 წლიდან პოლიციელია და 2025 წლის 4 ოქტომბერი იყო მისთვის პირველი ისეთი აქცია, სადაც დემოსტრანტები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ლურსმანაშვილის მონათხრობის თანახმად, ჭოველიძის ქუჩიდან ათონელის რეზიდენციისკენ სხვა პოლიციელებთან ერთად მას შემდეგ დაიძრა, რაც დემონსტრანტებმა „სასახლის პირველი ღობე დააზიანეს“. ამბობს, რომ იქამდე აქციაზე მოვლენების განვითარებას ტელეფონით ადევნებდა თვალს.

„ჩვენი მიზანი იყო შევსულიყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა ტეროტირიაზე და დავხმარებოდით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და გდდ-ს თანამშრომლებს“, - ამბობს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, „აქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ, ხელკეტებს და ქვებს ისროდნენ, რამაც მათი სვლა შეაფერხა“.

„მოვიხედე უკანა მხარეს და პოლიციის თანამშრომელი ამოვიცანი. აქციის მონაწილეებს ძირს ჰყავდათ დაგდებული და ფეხებით, ხელკეტებით, რაც ჰქონდათ, ყველაფრით ურტყამდნენ. მისკენ დავიძარი, დახმარებისთვის. მეც ხელების, ფეხების, მუშტების რტყმა და სროლა დამიწყეს... ფორმა შემომახიეს, საწინააღმდეგო მიმართულებით გამათრიეს და აზრზე, რომ მოვედი ვიყავი გვერდით ქუჩაზე“, - იხსენებს ის.

მისი ამბავი ორეპიზოდიანია - პირველი, როცა სამოსი შემოახიეს და დააზიანეს და მეორე, როცა აქციის ორმა მონაწილემ ხალხის მასიდან გაიყვანა და ამ დროს უკნიდან თავში ხელი ჩაარტყეს.

ძალადობის პირველი ეპიზოდის დროს მას ეკეთა შავი ნიღაბი და ეცვა პოლიციის ჟილეტი, რომელიც მისივე თქმით, ტანზე შემოახიეს, ცდილობდნენ ნიღბის მოხსნას, თუმცა ვერ ახერხებდნენ. „ეს ნიღაბი თვალებზე ეფარებოდა და ამიტომ ვერ შეძლო მოძალადეების ამოცნობა“. ასეც რომ არ ყოფილიყო, ამბობს, რომ „თავდამსხმელთა ჯგუფი კარგად აღჭურვილი იყო, ეცვათ ტაქტიკური სამოსი, არ უჩანდათ სახეები, ეკეთათ აირწინაღი, ნიღბები, იფარავდნენ სახეს, ჰქონდათ სპორტული აღნაგობა, ხელში ეჭირათ ბლაგვი საგნები და კარგად მომზადებულები ჩანდნენ“.

„მექაჩებოდნენ ნიღაბზე, რის გამოც ვერ ვხედავდი გარშემო ვითარებას, თუმცა ვხვდებოდი, რომ პოლიციელის გადაადგილების საპირისპირო მიმართულებით მივდიოდი, აღნიშნულ დროს უკანა ტანში მარცხენა დუნდულასთან ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი „წვა“, სავარაუდოდ ბასრი საგნის დარტყმის შედეგად გამოწვეული“, - ამბობს ის.

სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ შარვლის ჯიბე, სადაც საფულე ედო, დაზიანებული ჰქონდა.„სავარაუდოდ იმ ბასრი საგნით, რომლითაც მომაყენეს დაზიანება დუნდულზე“.

ტანისამოსის გახდის შემდეგ კი ამბობს, რომ გულმკერდის არეში შეამჩნია ნაკაწრი. „სავარაუდოდ ტანისამოსმა დამიცვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგანო“.

ძალადობის მეორე ეპიზოდი კი მას შემდეგ ხდება, რაც აქციის ორმა მონაწილემ, გოგომ და ბიჭმა ის ადმინისტრაციის გვერდით ქუჩაზე გაათრიეს. პოლიციელს უკვე აღარ უკეთია ნიღაბი. ამ მომენტს ერთ-ერთი მედია იღებს. ვიდეო საქმეში დევს და მტკიცებულებაა. ამ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ლურსმანაშვილს უკნიდან თავში ხელს ერთ-ერთი დემონსტრანტი ურტყამს. პროკურატურას ის იდენტიცირებული ჰყავს - ის ოთხი ოქტომბრის სხვა ჯგუფშია ბრალდებულია.

ამის მიუხედავად, მოწმე პოლიციელმა ხელი სხვა ბრალდებულს - გენადი კუპრეიშვილს დაადო.

მალევე კატეგორიული ტონი შეცვალა და მტკიცებითი ფრაზებიდან სავარაუდოზე გადავიდა.

„შეარჩია ერთი ადამიანი, არ მიუმგვანებია, გამიზნულად გააკეთა, მოსული იყო იმ განწყობით, რომ დარბაზში მყოფი პირებიდან ერთზე უნდა ეძია შური. მე ვიტყვი დასკვნით სიტყვაში, რომ მან იცრუა. შეცდომები დაუშვა აღწერისას, თქვა, რომ მელოტი იყოო, არადა კუპრეიშვილს აქციაზე ქუდი ეხურა. მოწმე კი ამტკიცებდა, რომ თმებით და სახის მოყვანილობით იცნო“, - ასე შეაფასა გენადი კუპრეიშვილის ადვოკატმა, თემო ბენიძემ სხდომაზე მოსმენილი.

თემო ბენიძე, ადვოკატი
თემო ბენიძე, ადვოკატი

პროკურორი თამარ იაკობიძე ამტკიცებს, რომ „მოწმემ მრავალჯერად ძალადობაზე ისაუბრა და ერთ-ერთ ეპიზოდში, სავარაუდოდ, ამოიცნო გენადი კუპრეიშვილი და ეს მონათხრობი არ ეხება ძალადობის იმ ეპიზოდს, სადაც ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია“.

ამასთან კი აცხადებს, რომ დაზარალებულ მოწმეს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მოწმე კატეგორიული არ ყოფილა გენადი კუპრეიშვილთან დაკავშირებით, უნდა ითქვას“, - ამბობს ის.

ადვოკატის თქმით, პროკურორმა ამ პასუხით დაადასტურა, რომ გამოძიება არასრულყოფილადაა ჩატარებული.

„მაშინ ჯერ საქმე გამოეძიებინათ, გამოეკვეთათ ბრალდებულები და მერე წამოეღოთ სასამართლოში, ანუ რა გამოდის, არ მოუსმინეს მოწმეს? არ გამოიძიეს? ამოცნობა არ შესთავაზეს? თავად პოლიციელი არ დაინტერესდა, რომ მე ამოცნობა შემიძლია და ვეტყვი გამომძიებლებს?“, - სვამს კითხვებს ადვოკატი.

დაზარალებული პოლიციელი მოითხოვს, „მკაცრად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში“. მისი თქმით, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორი კვირა რეაბილიტაციას გადიოდა, თუმცა მომხდარმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

„თავის ქალაზე ბზარი მქონდა, სისხლმა გაჟონა“

ლურსმანაშვილის მსგავსად, მკაცრი მართლმსაჯულების განხორციელებას მოითხოვს რატი ალადაშვილი, რადგან „შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩახედა თვალებში“.

ისიც წინა მოწმის მსგავსად პოლიციის 100-150-კაციან ჯგუფთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებოდა, როცა „ბლაგვი საგანი ესროლეს“.

„ე.წ. ქვაფენილიდან ამოღებული ფილები მომხვდა. ძლიერი ტკივილი განვიცადე, დამეწყო სისხლდენა, გონება დამებინდა, მაგრამ არ დამიკარგავს. კოლეგებმა აღმომიჩინეს დახმარება, ამომიდგნენ გვერდით და გამიყვანეს სამშვიდობოს, მიმიყვანეს სასწრაფოს ეკიპაჟთან. კლინიკაში გავატარე რამდენიმე დღე. 8 თუ 9 ნაკერი დამადეს. ბზარი მქონდა თავის ქალაზე და სისხლის გაჟონვაც დაფიქსირდა“, - თქვა მან დაკითხვისას.

რატი ალადაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

რა საერთო აქვთ პოლიციელების ჩვენებებს?

  • ორივე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მისასვლელად ათონელის ქუჩაზე შეკრებილ აქტივისტებს შორის გაიარეს;
  • ორივე ამბობს, რომ თავდამსხმელები კარგად ეკიპირებულები იყვნენ და სახეები დაფარული ჰქონდათ;
  • ორივე უმკაცრეს მართლმაჯულებას ითხოვს;
  • ორივეს ეკეთა ნიღაბი, რომელიც თავისი ხარჯით შეიძინეს.

რატომ ეკეთათ ნიღბები პოლიციელებს?

ეს კითხვა ორივე მოწმეს ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა დაუსვა.

ორივე მათგანმა მიზეზად სოციალურ ქსელში პოლიციელების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის დაწყების საფრთხე დაასახელა.

ირაკლი ლურსმანაშვილის თქმით, ნიღაბი თავად იყიდა და გაიკეთა, რატი ალადაშვილის თქმით, კი მართალია თავად შეიძინა, თუმცა ტარებს ბრძანება ზემდგომისგან მიიღო.

„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელისთვის ფოტოსურათი გადაუღიათ და შემდეგ ეს ფოტო ბოროტად გამოუყენებიათ. დაუდიათ ინტერნეტსივრცეში და დაუწერიათ, რომ ესენი არიან ძაღლები და რუსები...“, - თქვა ირაკლი ლურსმანაშვილმა.

„მოტივი ამ ნიღბის გაკეთების არის ის, რომ მე ოპერატიული მუშაკი ვარ და ვასრულებ ოპერატიულ დავალებებს, აქედან გამომდინარე მარტივია, პირის იდენტიფიცირება იერსახით მოხდეს. ამას გარდა, ყველას აქვს სოციალური პლატფორმები, შემდგომში მისი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი და იქნეს გამოყენებული ეს ფოტოები და ვიდეოები შეიძლება ბოროტად გამოიყნენონ. ბევრი ტროლი და ბოტია და შეიძლება „ათრიონ“ ეს ფოტოები და ამიტომ გვიკეთია ნიღბები“, - თქვა რატი ალადაშვილმა.

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილისთვის კი „როცა პოლიციელი ატარებს ნიღაბს და შეუძლებელია იდენტიფიცირება ხდება მისი დეჰუმანიზაცია და ასეთ შემთხვევაში საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარეს აგრესია ბუნებრივად იზრდება“.

ამას გარდა, „პოლიციის იმ დანაყოფმა, რომელთა წარმომადგენლები დავკითხეთ დღევანდელ სხდომაზე მომიტინეებს შორის გაიარა, რაც ასევე პროვოკაციული მოქმედებაა, რაც აჩენს ხელოვნურ რისკებს ფიზიკური დაპირისპირების“, -ამბობს საძაგლიშვილი.

დიტო საძაგლიშვილი, ადვოკატი
დიტო საძაგლიშვილი, ადვოკატი

დღევანდელ სხდომაზე პროკურორ თამარ იაკობიძეს შესასრულებელი ჰქონდა წინა კვირას გაცემული დაპირება, რომ ვიდეოებზე ბრალდებულების მითითებას მომდევნო სასამართლოზე შეძლებდა.

ეს მოსამართლესაც ახსოვდა, თუმცა მოწმეების დაკითხვა დროში გაიწელა და ამ სხდომისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა. რომეო ტყეშელაშვილმა სხდომა გადადო.

ვიდეომტკიცებულებებს მომავალ სხდომაზე გამოიკვლევენ. ცალკე გამოიკვლევენ და შეაფასებენ მოწმეების მონათხრობსაც, რაზეც ბრალდების მხარეს ვიდეომტკიცებულებები აქვს მოპოვებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG