Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იზრდება ფასები? პრემიერი „გონივრულ მარჟებს“ ითხოვს 


საილუსტრაციო ფოტო" პროდუქტების საბითუმო მაღაზია. 2020
საილუსტრაციო ფოტო" პროდუქტების საბითუმო მაღაზია. 2020

კატეგორიულად მიუღებელია“, - ასე შეაფასა სასურსათო ფასები პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ საკითხს გადახედავს. ფასები საქართველოში ბოლო წლებია განუხრელად იზრდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პროცესს განცხადებები კი არა, ჯანსაღი ეკონომიკა და ისეთი ბაზარი სჭირდება, რომელსაც კლანები არ გააკონტროლებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფასების ზრდას სურსათის იმპორტიორების და კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობად განიხილავს. ბოლო მთავრობის სხდომაზე, 6 თებერვალს მან თქვა, რომ შეისწავლა და აღმოაჩინა - ხალხამდე პროდუქტები 100%-იანი ფასნამატით მიდის:

„ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი. საბითუმო ფასებზე. ამას შემდეგ ემატება საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფასები საქართველოში უკვე დიდი ხანია იზრდება და ხალხიც უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. პრემიერმა ამ თემაზე ილაპარაკა მაშინ, როდესაც ბოლოს საზოგადოებრივმა კვლევამ, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა, პირველად აჩვენა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა აწუხებს. ეროვნული პრობლემების სამეულში ფასებს სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსდევს.

„ყოველდღე ფასი ასე იზრდებოდეს… და ამაზე არაფერი რეაქცია არ იყოს, ამნაირი არაფერი მინახავს. ერთ ცალს თუ შეჭამენ რაღაცას, ერთ ცალ პომიდორს. 2 ლარის ყველი ჩამომიჭერიო, რომ გეტყვის, რა გული უნდა გქონდეს, არ ჩამოუჭრა?! იმ 2 ლარით მთელი ოჯახი უნდა შეინახოს, ტუალეტში შესვლა არ ღირს დღეს 2 ლარი“, - უთხრა მოვაჭრე ზოია ზარქუამ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ აგვისტოში.

NDI-ის კვლევის მონაწილეების უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა. ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ ქვეყანაში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს.

„საქსტატის“ თანახმად, ფასი გაზრდილია 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტსა და სერვისზე. 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფასები 9,8 პროცენტით გაიზარდა. ანუ რასაც 2021 წელს 100 ლარად ვყიდულობდით, იმას 2022 წელს 120 ლარამდე დასჭირდა.

2023 წლის იანვარში კი წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ყველაზე მეტად გაძვირდა პური და ბოსტნეული.

მეთონე შოთებს აცხობს, 2022 წელი.
მეთონე შოთებს აცხობს, 2022 წელი.

„ფასები არანორმალურად იზრდება. ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ატარებს, კლანებზეა აწყობილი, იმპორტი კლანურია, სახელმწიფო შესყიდვები კლანურია. ფული გაიაფებულია, იმპორტი გაიაფებულია ამ კლანებისთვის, მაგრამ შემოტანილი პროდუქტები მყიდველისთვის ძვირია, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, - რაც შეეხება მთავრობის მეთაურის განცხადებას, რომ ამდენი პროცენტი უნდა იყოს და ამდენი არ უნდა იყოს, ეს ძალიან საშიში განცხადებაა, ესე იგი გეგმიურ ეკონომიკაზე გადადიხარ და აწესებ ფასებს. უკვე ვიცით, ეს რაც არის“.

დემურ გიორხელიძის აზრით, პრემიერის განცხადება უფრო იმას მოასწავებს, რომ ისევ წვრილ ბიზნესს „წაუჭერენ ყელში“.

„ხელისუფლების ფრთის ქვეშ არსებული ბიზნესები კი კიდევ უფრო გაშლიან ფრთებს. ამ გზით არაფერი შეიცვლება, ფასები ისევ გაიზრდება, შანსი არ არის, არ გაიზარდოს, რადგან თავად პოლიტიკაა არასწორი“, - მიაჩნია გიორხელიძეს.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარა, რომ არის მიმართულებები ბიზნესში, რომელიც მთავრობის მიერაა მონოპოლიზებული.

„თუ ასე არ არის, მაშინ სახელმწიფო ფასწარმოქმნას არ უნდა ეხებოდეს, რადგან არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რეალიზატორს ეს პროდუქტი რეალურად რა უჯდება. არ შეიძლება მხოლოდ დეკლარირებული ფასებით ვიმსჯელოთ. უნდა გავითვალისწინოთ ტრანსპორტირება, გადასახადი და ასე შემდეგ. საბოლოოდ მივიღებთ იმ ფასს, რა ფასიც არის ბაზარზე და თუ იმპორტიორი მონოპოლისტი არ არის, მაშინ ეს რეალური ფასია“, - ამბობს რამაზ გერლიანი. ის მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ კონკურენტული გარემო უნდა შექმნას, - „სახელმწიფომ უნდა მიხედოს ფისკალურ საკითხებს, მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკას, რაც მთავარია, კონკურენციის პოლიტიკას, რომ ბაზარი ყველასთვის ერთნაირად იყოს ხელმისაწვდომი“.

პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო სტრუქტურებს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა მაქსიმუმ ორ კვირაში მოსთხოვა. ორი კვირა მისი განცხადებიდან 20 თებერვალს გავა.

„მე ვხედავ, რომ აქ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამ დროს საჭიროა მათთან საუბარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა შექმნან სამუშაო ჯგუფი, დაიბარონ მსხვილი იმპორტიორები და საკითხი შეისწავლონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG