Accessibility links

რატომ მაინცდამაინც თბილისში


მაისში თბილისში, შესაძლოა, სერგეი ლავროვი ვიხილოთ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი - ამ თემაზე მწვავე დისკუსიაა. ცნობა ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ვინ შეაჩერებს მას, თუკი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე, თბილისში ჩამოსვლას დააპირებს? საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, PACE-ს ტრიბუნიდან დადო პირობა, რომ მაისში, საქართველო გვერდს აუვლის „კანონს ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ. 29 იანვარს გამოჩნდა, რომ თბილისს ერთიანი პოზიცია არა აქვს.

რა შეიძლება მოჰყვეს სერგეი ლავროვის თბილისში ხილვას, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ? ვისთვის რა სიგნალი იქნება რუსეთის გავლენიანი მინისტრის თბილისში ჩამოსვლა? შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთის დელეგაციის მასპინძლობა აერიდებინა თავიდან?

პრეზიდენტის დაპირება

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვებიც დაუსვეს. შეკითხვა დასვა რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმაც. მან სერგეი გავრილოვის საქართველოდან გაძევების ხმაურიანი ფაქტი გაიხსენა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში დაგეგმილი სესიაც ახსენა და ზურაბიშვილის მიმართ შეკითხვა რიტორიკულად ჩამოაყალიბა - „არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ქვეყანა სახიფათო გახდა?!“

სალომე ზურაბიშვილის დაპირება რუსეთის დელეგაციას
please wait

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსი დეპუტატისთვის დაპირების მიცემით ეპასუხა.

კერძოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ:

  • რუსეთის დელეგაციას თბილისში სტუმრობის პრობლემები არ შეექმნება მაისში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში;
  • საქართველო გვერდს აუვლის კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და არ მიაქცევს ყურადღებას - აქვთ თუ არა დარღვეული ეს კანონი დელეგაციის წევრებს;
  • ეს გადაწყვეტილება იოლად აღსაქმელი არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას მაინც გააკეთებს.

მართალია, ლავროვი არ უხსენებია, ხოლო მაისის ღონისძიება ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომად მოიხსენია (სინამდვილეში ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაა), მაგრამ, ბევრის აზრით, ეს არ ცვლის პრეზიდენტის დაპირების მთავარ არსს - თუკი საქართველო ზოგადად მზად არის გვერდი აუაროს კანონს, ე.ი. ამ პრივილეგიით ისარგებლებს სერგეი ლავროვიც.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სწორედ ლავროვის ვიზიტს დაუკავშირა რუსეთის მედიამ.

29 იანვარს, სალომე ზურაბიშვილის გამართლება სცადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ზოგადად ილაპარაკა საქართველოს (როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის) ვალდებულებებზე და ეს კომიტეტის სხდომის თბილისში გამართვასაც გულისხმობს.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ - „რისკებზე ნამდვილად არის სამსჯელო და საფიქრალი“ მინისტერიალის მომზადების პროცესში.

პრემიერი გახარია პრეზიდენტის დაპირების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

პრეზიდენტის დაპირების მიმართ უფრო კატეგორიული იყო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. 29 იანვარს მან თქვა, რომ კანონი არავისთვის დაირღვევა:

  • „ყველა შემთხვევაში და აი, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კანონის შესაბამისად“;
  • „ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს კანონმდებლობას“;
  • „მოვა ის დროც და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით“.

ოპოზიციონერები და ანალიტიკოსები „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ სრულ დაბნეულობაზე და ქაოტურ, არაკორდინირებულ მუშაობაზე ლაპარაკობენ.

„მინიმუმ იმედი მინდოდა მქონოდა, რომ ეს საკითხი უკვე განხილული იქნებოდა თბილისში და ერთიანი პოზიციაც იქნებოდა შეჯერებული... მაგრამ ეს ასე არ არის... მთავრობას აქვს უფლება, დაუშვას გამონაკლისებიც (მათ შორის - ლავროვის შემთხვევაშიც), მაგრამ ეს საკითხი კარგად უნდა იყოს გააზრებული, დასაბუთებული და შეჯერებული, მათ შორის - ოპოზიციასთანაც... არსებობს მრავალი ფორმატი... არსებობს უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ იყენებს... თავს თავად იგდებენ სასაცილოდ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი.

რა დგას რისკის ქვეშ და იყო თუ არა სხვა გზა

ოპონენტები ფიქრობენ, რომ მინისტრთა კომიტეტის სხდომის თბილისში გამართვაზე თანხმობის მიცემისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა უმწვავესი პროცესები, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა:

  • ხალხს არ დავიწყებია რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ნახა;
  • ხალხს არ დავიწყებია ე.წ. „გავრილოვის ღამე“ - სისხლი რუსთაველის გამზირზე;
  • ახლა, მით უმეტეს - ლავროვის თბილისში ჩამოსვლას აუცილებლად მოჰყვება ხალხის მღელვარება.

რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის შემთხვევაში ხალხისგან „სამართლიანი პროტესტის გამოხატვას“ მოელის მეუფე მელქისედეკიც (ხაჩიძე) - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ სამხედრო აგრესიაზეც ლაპარაკობს.

როგორც მეუფე მელქისედეკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ სიტუაციაში „ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა (ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიისთვის) გეოგრაფიული ადგილის შეცვლა“.

შესაძლებელია თუ არა ეს?

„სავსებით შესაძლებელია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოში ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ორგანიზაციაში ორგვარი პრაქტიკა არსებობს:

  • არსებობს პრაქტიკა, როცა (ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე) ქვეყანა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი ჩაატაროს თავის დედაქალაქში“;
  • „... და არის პრაქტიკა, როცა ეს ქვეყანა მინისტერიალის ჩასატარებლად სტრასბურგს შეარჩევს“.

„ჩემი თვალთახედვით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ჩვენს შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულიყო სტრასბურგის სასარგებლოდ... საქართველოს ხელისუფლებას წინასწარ უნდა ეფიქრა... თუმცა მე არ გამკვირვებია, მინისტერიალის თბილისში გამართვა რომ გადაწყვიტეს - ეს არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიის ნაწილი, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი... ამ კონკრეტული ღონისძიებით კი, "ქართულ ოცნებას" უნდა ბოდიში მოუხადოს მოსკოვს, გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 130-ე სესია თბილისში, 15 მაისს გაიმართება. ღონისძიების ადგილი ამ ეტაპზეც რომ უცვლელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის 29 იანვარს მიცემულ კომენტარშიც ჩანს:

საქართველო როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მაისში უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას. ორგანიზაციას აქვს თავისი წესდება მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარების და საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, კოორდინაციაშია მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან ყველა საკითზე. დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია“.

დისკუსია მწვავეა.

  • ნაწილი თავს იმით იმშვიდებს, რომ სერგეი ლავროვი თბილისში მაინც არ ჩამოვა;
  • ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი მინისტერიალი თბილისში გაიმართება, ლავროვი გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას და არ შემოუშვებენ, ეს დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს;
  • სხვები კი დარწმუნებული არიან, რომ ლავროვის უპრობლემო დახვედრა კიდევ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს.

„ლავროვის შესაძლო ჩამოსვლა თბილისში, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან ჩვენ ამით გავყვებით რუსულ ხაზს - როდესაც რუსეთი ამტკიცებს, რომ არის ახალი რეალობა, უნდა შევეგუოთ, დავივიწყოთ 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველომ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართ... თან, რუსეთი ამით საერთაშორისო თანამეგობრობას ეტყვის, რომ აი, ქართველებთან ჩვენ პრობლემები აღარ გვაქვს“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG