Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ყიდის ჩეხური ფირმა ავეჯს სეპარატისტების მიერ მართულ დონეცკში, უკრაინაში?


დონეცკში Hanak-ის მაღაზიის მფლობელი ვალერი ვორობიოვი
დონეცკში Hanak-ის მაღაზიის მფლობელი ვალერი ვორობიოვი

ლურჯ ქსოვილგადაკრული ხის სკამი და ქრომითა და პლასტმასით ნაკეთი ბარის სკამი დგას სადად მოწყობილ ვიტრინაში იმ დროშის ქვეშ, რომელსაც უკრაინის დონეცკის რეგიონში იყენებენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მის მიმდებარე ვიტრინაში, ფირმის სახელის, Hanak-ისა, და მისი ოფიციალური ლოგოს თავზე რუსული წარწერაა: „ავეჯი ჩეხეთის რესპუბლიკიდან“.

მაღაზია მდებარეობს დონეცკის მთავარ მაგისტრალზე. ეს ქალაქი სეპარატისტებს 2014 წლის აპრილიდან აქვთ დაკავებული, ანუ, დაახლოებით, ომის დასაწყისიდანვე. შეიარაღებულ კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა აღმოსავლეთ უკრაინაში და 1 მილიონზე მეტის იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდა.

ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს მოქმედებებისთვის ამ რეგიონში, რომელიც დონბასის სახელითაა ცნობილი, და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცებისთვის 2014 წლის მარტში, რაც მოჰყვა ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლებს, რის შედეგადაც მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ძალაუფლებას ჩამოაშორეს კიევში.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩეხური ფირმა შეიძლება არღვევდეს ან არც არღვევდეს ევროპის კავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომლებითაც იკრძალება ინვესტიციები ყირიმში, თუმცა არა იმდენადვე ცხადად - დონბასში.

ეს ასევე შესაძლებელია არღვევდეს უკრაინის კანონმდებლობასაც და შეიძლება Hanak-ს პრობლემები შეექმნას საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივაც, განსაკუთრებით მას მერე, რაც ინფორმაცია ამ მაღაზიის შესახებ გარე სამყაროს ყურადღების ქვეშ მოექცა.

ორმა ჩეხმა ყოფილმა დაქირავებულმა მებრძოლმა, რომლებიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან ერთად იბრძოდნენ მოხალისეებად, გადაიღეს ვიდეო Hanak-ის საგამოფენო ოთახში დონეცკში და შემდეგ განაცხადეს, რომ ამ ფირმის რუსი მფლობელი მათი მეგობარია.

გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ ორ ადამიანს ამ მაღაზიასთან, ან აქვს თუ არა, საერთოდ, რამე კავშირი, მაგრამ, როგორც ზოგიერთი ჩეხური მედიასააგენტო იუწყება, ეს ორი მებრძოლი შემდგომში ავეჯის გამყიდველი გახდა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩომ ფრთხილი განცხადება გააკეთა - მათ თქვეს, რომ პასუხს პრაღისგან მოელიან.

Hanak-თან დაკავშირების მცდელობა კომენტარისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. კომპანიის ვებსაიტზე დონეცკის მაღაზია 23 ივნისს ჯერ კიდევ სიაში იყო.

რომან მაცამ ერთ-ერთმა პირველმა დაწერა Hanak-ის მაღაზიის შესახებ დონეცკში ჩეხეთის „ახალი ამბების“ ვებსაიტისთვის, სახელწოდებით Hlidaci Pes (მოდარაჯე ძაღლი), რომელმაც 9 ივნისს გამოაქვეყნა ეს ამბავი.

რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას მან განუცხადა, რომ მისი ინტერესი აღძრა ვიდეომ, რომელიც ორმა ჩეხმა, სეპარატისტების მხარეს ყოფილმა დაქირავებულმა მებრძოლმა, გადაიღო Hanak-ის მაღაზიაში.

ირჟი ურბანეკი (მარჯცნივ) და პაველ ბოტკა
ირჟი ურბანეკი (მარჯცნივ) და პაველ ბოტკა

42 წლის ირჟი ურბანეკი და 29 წლის პაველ ბოტკა, აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წელს გაემგზავრნენ. Hlidaci Pes-ის თანახმად, 2019 წლის აგვისტოში ბოტკას, რომლის საბრძოლო მეტსახელია „კავკაზ“, რაც კავკასიას ნიშნავს რუსულად, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ნაღმის აფეთქების გამო. ამ ორმა (ურბანეკმა და ბოტკამ) ვიდეოში განაცხადეს, რომ დაქირავებული ჯარისკაცების ცხოვრებას თავი დაანებეს და ისლამი მიიღეს, თუმცა დასძინეს, რომ "საჭიროების შემთხვევაში" კვლავ იბრძოლებენ.

ტომას ფარო, სლოვაკი ჟურნალისტი, რომელმაც 2016 წელს აიღო ბოტკასგან ინტერვიუ, ამბობს, რომ ბოტკა, სხვა ცრუ მტკიცებებთან ერთად, ამტკიცებს იმასაც, რომ Malaysia Airlines -ის თვითმფრინავი MH17 2014 წლის ივლისში უკრაინულმა რეაქტიულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო და არა რუსულმა რაკეტამ, რომელიც სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიიდან იქნა გასროლილი, როგორც ამას საერთაშორისო გამომძიებლები ამბობდნენ, და რომ ევრომაიდნის მოძრაობა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს ) მიერ იყო ორგანიზებული.

დონეცკში ჰანაკის მაღაზიის მფლობელი, ჩეხეთის მედიის თანახმად, ვალერი ვორობიოვია, რუსეთის მოქალაქე, რომელიც, საფიქრებელია, წლების განმავლობაში ცხოვრობდა დონეცკში.

მაცას თქმით, ურბანეკი ვორობიოვის „კარგი მეგობარია“.

„როცა ირჟი ურბანეკს ველაპარაკე, მითხრა, რომ ვორობიოვი მისი კარგი მეგობარია და რომ მას აქვს მაღაზიის გასაღები. მაგრამ ურბანეკს არ დაუზუსტებია, რას აპირებს ახლო მომავალში“, ამბობს მაცა.

არის თუ არა მაღაზია უკრაინის კანონის დარღვევა, ამ საკითხს ახლა პრაღაში უკრაინის საელჩო იკვლევს.

„საქმე მთლიანად უნდა იქნეს შესწავლილი, სანამ დასკვნებს გამოვიტანდეთ, რადგან ეს გარემოებებზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ უკრაინის კანონი ირღვევა. ვარკვევთ დარღვევის მასშტაბებს. ამისთვის მივმართეთ ამ ფირმას, ასევე ჩეხეთის მთავრობის შესაბამის უწყებებს და ბიზნესჯგუფებს, რათა შევიქმნათ სრული სურათი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარვუდგენთ შესაბამის დასკვნას უკრაინის მთავრობას“, უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უკრაინის ელჩმა, იევჰენი პერებინისმა.

Hanak-ის მაღაზია დონეცკში
Hanak-ის მაღაზია დონეცკში

Hanak-ს პრობლემები გაუჩნდება, თუ დონეცკში გაყიდული პროდუქტი ან მასალები უკრაინისა და რუსეთის იმ საზღვარს გადაკვეთს, რომელსაც არ აკონტროლებს უკრაინის სასაზღვრო სამსახური, ამბობს უკრაინელი ეკონომისტი, ოლექსეი კუშჩი, და განაგრძობს, რომ იგივე პრობლემა ექნება ფირმას, თუ ის „გადასახადს“ გადაუხდის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ობიექტებს, რომლებიც დონეცკს აკონტროლებენ.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ისაა, რომ საზღვარს რუსეთი და სეპარატისტები აკონტროლებენ, განმარტავს უკრაინელი ეკონომისტი, კუშჩი:

„საჭიროა შევხედოთ ფირმების საქმიანობის მთელ ჯაჭვს: ვინ იხდის გადასახადს, როგორ ჩამოაქვთ საქონელი, როგორ ხდება ანგარიშსწორება, როგორ ხდება შეთანხმებების შედგენა. თითოეულ ამ ელემენტს ცალ-ცალკე უნდა შევხედოთ. შეიძლება გაირკვეს, რომ ზოგიერთი მათგანი უკანონოა უკრაინის კანონმდებლობით, მაგრამ საკუთრივ ფირმის არსებობა დონეცკში არ წარმოადგენს უკრაინის რომელიმე კანონის დარღვევას“.

მაშინ, როცა სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ უკრაინაში ბიზნესის კეთება შეიძლება გაურკვევლობასთან იყოს დაკავშირებული, დასავლეთის ქვეყნები შემჩნეული არიან საქმიანობაში ყირიმში, სადაც, ბიზნესის მართვის წესები უფრო ნათელია.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ქსელის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, ასევე ანტიკორუფციული პროექტის, Municipal Scanner-ის, 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, ევროპის კავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებული არაერთი ფირმა - ძირითადად ოფშორული კომპანიები - მოქმედებს ყირიმში მას მერეც, რაც ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ანექსირების შემდეგ.

XS
SM
MD
LG