Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიძლება თითქმის დანამდვილებით იმის თქმა, რომ სპეცრაზმელებს არ დასჯიან?


ნიღბიანი სამართალდამცავები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან განლაგებული , 13 მაისი, 2024 წელი
ნიღბიანი სამართალდამცავები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან განლაგებული , 13 მაისი, 2024 წელი

მოახერხა თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმ ნიღბიანი სპეცრაზმელებიდან თუნდაც ერთის იდენტიფიცირება მაინც, რომელმაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტზე იძალადა? რადიო თავისუფლება ეცადა, პასუხი ეპოვა ამ და ძალადობასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე,

  • ვერც იმას გვეტყვიან, რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება უწყებამ;
  • ვერც იმას, გამოავლინეს თუ არა სავარაუდო ბრალდებულები;
  • და ვერც იმას, დაწყებული აქვს თუ არა პროკურატურას იმ სამართალდამცავების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებსაც აქციის მონაწილეები სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.


ამ ინფორმაციას ვერ გვაწვდის ვერც პროკურატურა: „ამ საქმეებს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მათ ჰკითხეთ, დევნის ნაწილზე ჯერ ვერაფერს გეტყვით“, - ამბობენ პროკურატურაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური რადიო თავისუფლებას ურჩევს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ იმ მონაცემებით, რომელიც მათ 7 მაისს გამოაქვეყნეს.

ამ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 2024 წლის აპრილსა და მაისში, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს 80 შეტყობინება იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 ადამიანი, მათ შორის, 9 ჟურნალისტი, ხოლო 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

თუმცა, 7 მაისის შემდეგ იყო 13 მაისის ადრიანი დილა, როდესაც სპეცრაზმელებმა კიდევ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს და ამ მოვლენის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებიან.

იმ საღამოს, სახალხო დამცველი წერდა, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანს ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები და ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდნენ:

„კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს“.

ვინ შეძლებს ნიღბიანების ამოცნობას?

13 მაისს დაკავებულების ნაწილს, იზოლატორებისა თუ კლინიკის დატოვების შემდეგ, რადიო თავისუფლება ელაპარაკა.

მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუ გუკა რჩეულიშვილთან, რომლის დაკავებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები რადიო თავისუფლებამაც გადაიღო.

ეს კი ინტერვიუა გურამ ადამიასთან. ის იმდენად იყო ნაცემი, რომ დაკავების შემდეგ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების ნაწილს ძალადობის კვალი ისევ ეტყობა სახესა და ტანზე. ჰყვებიან, რომ ყველას, ვინც მათ უსწორდებოდათ, სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. უმეტესობა ამბობს, რომ მათი ამოცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიუხედავად ნიღბით დაფარული სახისა, მოძალადე სპეცრაზმელის ამოცნობას მაინც შეძლებენ.

ერთ-ერთი ასეთია კახაბერ კვეკვესკირი. სპეცრაზმელების ჯგუფი მას პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაუსწორდა. მისი ცემის კადრები მალე გავრცელდა სოციალურ ქსელში. სპეცრაზმელებს ის და კიდევ ერთი დაკავებული ასფალტზე ჰყავთ დაყრილი და მუშტებს და წიხლებს ურტყამენ.

კახაბერ კვეკვესკირი რადიო თავისუფლებას უყვება:

“როცა წინ ვიდექი, მათგან, ვინც მითხრა, ჩემს მინისტრს რატომ აგინებო, არადა, არ მიგინებია და ვინც მერე მეცა, ეკეთა უცხო ოქროს ბეჭედი, საქორწინო და მისი ხმა დღესაც მესმის და მისი თვალებიც მახსოვს. მას ნიღაბი კი არა, არაფერი უშველის”.

მისი სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ აქ:

შემდეგ იყო 14 მაისი, შუადღე. სპეცრაზმელებმა სწორედ იმ დღეს დააკავეს პარლამენტთან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელსაც პოლიციის შენობაში გადაყვანამდე სასტიკად გაუსწორდნენ. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

დავით ქაცარავამ ინგოროყვას კლინიკა 20 მაისს დატოვა: „მანქანაში, სადაც ჩამსვეს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ. რამდენიმე წუთით მასვენებდნენ და შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ. ხელზე ე.წ. კასტეტის მსგავსი ხელთათმანი ეკეთათ და იმით მიმტვრევდნენ სახის ძვლებს... მართალია იმ მთავარ ჯალათსაც ნიღაბი ეკეთა, მაგრამ მის ამოცნობას შევძლებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ქაცარავამ. მას ცემის დროს ხელები შეკრული ჰქონდა და თავს ვერ იცავდა.

ამ აბზაცის ქვევით შეგიძლიათ იხილოთ დავით ქაცარავას სრული ინტერვიუ, რომელიც მან რადიო თავისუფლებას 21 მაისს მისცა. მასთან სახლში მივედით, რადგან მძიმე ტვინის შერყევის გამო, მოძრაობა უჭირდა. ყელზე ეტყობა სისხლჩაქცევა, რომელიც მისი მონათხრობის თანახმად, „გაგუდვის მცდელობის“ შემდეგ დარჩა. მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს დაქვეითებული.

ცემა ნიღბის გარეშე

სხვა სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, ნიღბის გარეშე, ფაქტობრივად, ტელეფონის კამერების წინ გაუსწორდა 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სამართალდამცავი ირაკლი წიგნაძეს. კადრებში, რომლებიც თვითმხილველებმა სხვადასხვა რაკურსით გადაიღეს, კარგად ჩანს იმ ადამიანის სახე, რომელიც მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა კაცს სცემს.

ირაკლი წიგნაძეზე ძალადობას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იკვლევს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აღიძრა. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ირაკლი წიგნაძეს რადიო თავისუფლება 21 მაისს ელაპარაკა. ამბობს, რომ გაიგო, რომ ადამიანი, რომელიც მას სცემდა, სამართალდამცავ სტრუქტურაში „აღარ მუშაობს“.

რადიო თავისუფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

  • შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
  • რას ნიშნავს „აღარ მუშაობს“?
  • ეს პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან თუ დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება?

ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ ვერც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობაზე რადიო თავისუფლებას ეუბნება:

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

„ეს იყო შემთხვევა, როცა აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა. პირველ რიგში, ეს იყო ძალადობრივი დანაშაული. გარდა ამისა, აქციები გრძელდება და ამგვარი დაუსჯელობის სინდრომის გაჩენით, ძალიან მაღალია რისკები, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა წახალისებული იქნება“.

თუკი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშებს ჩავხედავთ, ფაქტობრივად, არ მოიძებნება საქმე, რომელიც აქციების დაშლისას, სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო, გამოძიება ბოლომდე მივიდა, დამნაშავე გამოვლინდა და მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამ ტიპის საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველი მარტიდან იძიებს.

თუმცა, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის სხვა ფაქტებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 სამართალდამცავის მიმართ; 2022 წელს - 8 პირის მიმართ, 2021 წელს - 6 პირის მიმართ, ხოლო 2020 წელს - 4 პირის მიმართ.

2023 წლის ანგარიშში სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერს, რომ გენერალურმა პროკურატურამ 2020-2023 წლებში გამოძიება შეწყვიტა 74 სისხლის სამართლის საქმეზე კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამ საქმეებიდან 67-ზე გამოძიება მიმდინარეობდა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რას ეუბნება სტრასბურგის სასამართლო საქართველოს?

ორი კვირის წინ, 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სასამართლომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად ცნო, იმ ვალდებულებაზეც მიუთითა, რომელიც სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი საპოლიციო სპეცოპერაციის ჩატარებისას აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების 223-ე პარაგრაფში წერს:

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი“.

თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამების დირექტორი, ერთ-ერთია, რომელმაც 20 ივნისის საქმე სტრასბურგში აწარმოა.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ღირებულება იყო სწორედ ის, რომ სასამართლოს შეეფასებინა ქართული კანონმდებლობა და ეთქვა: „რომ ჩვენ გვჭირდება, პოლიციელები აღვჭურვოთ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, რადგან დემონსტრაციების დროს, როდესაც სამართალდამცავი შენიღბულია და არ არსებობს მისი ამოცნობის რაიმე ობიექტური შესაძლებლობა, რთულდება მისი იდენტიფიცირება“.

საერთაშორისო სამართლის სტანდარტები ხელისუფლებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პირველი - დემონსტრაციების მართვის ოპერაციების დროს მიიღოს სიფრთხილის ყველა ზომა, რომელიც დაიცავს დემონსტრანტთა უფლებებს და მეორე, თუკი ეს უფლებები დაირღვევა, დამნაშავე დაისაჯოს:

თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამების დირექტორი
თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამების დირექტორი

როდესაც სპეცრაზმელმა იცის, რომ შენიღბულია, არ აქვს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, შესაბამისად, მას არც იმის განცდა აქვს, რომ დაისჯება და პრაქტიკაც ამაში უწყობს ხელს, რადგან არავინ გვინახავს თუნდაც 20 ივნისის საქმეზე, რომ რომელიმე სპეცრაზმელის მიმართ აღსრულდა მართლმსაჯულება“.

იურისტი ამბობს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიების პროცესში მხოლოდ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობის პრობლემა არ დგას და ეს ერთ-ერთი საბაბია ითქვას, რომ დამნაშავეების დადგენა ვერ ხერხდება.

თამარ ონიანის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გამოძიების პროცესში, უფლებამოსილია მოითხოვოს ის საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება დემონსტრაციების მართვის ოპერაცია და სადაც დეტალურადაა გაწერილი ინფორმაცია როგორც აქციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების, ისე სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ:

„ამგვარი დემონსტრაციების დროს, 1002-ე ბრძანების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშავდება უსაფრთხოების გეგმა. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს, ვინ არის აქციის მართვაზე პასუხისმგებელი პირველი პირი, ვინ არიან კონკრეტული დანაყოფების ქმედებაზე, მათ ორგანიზებაზე, განლაგებაზე პასუხისმგებელი პირები. რომელი დანაყოფი სად დგება, რომელი დანაყოფი როგორაა აღჭურვილი. ყველა ამ ტექნიკურ დეტალს, თავისი პასუხისმგებელი პირებით, ეს დოკუმენტი უნდა აწესრიგებდეს. ეს დოკუმენტი ითვლება სახელმწიფო საიდუმლოებად.

თუმცა, ეს გეგმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ხელმისაწვდომია. და ამ გეგმის მიხედვით უნდა გამოკვეთოს გამოძიებამ მაღალი რანგის სუბიექტები და დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები.

მარტო იმის თქმა, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არქონა აბრკოლებს გამოძიებას, არასწორია, რადგან ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა, ამის მიღმა არის უამრავი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მათ შეუძლიათ ჩაატარონ, მაგრამ ან არ ატარებენ, ან ამის შესახებ საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ონიანი და კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - რიგ შემთხვევებში, არასწორი მუხლით დაწყებული გამოძიებები. ამის მაგალითად კი მას დავით ქაცარავას საქმე მოჰყავს:

„ყველა გამოძიება იწყება 333-ე მუხლით. ქაცარავა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას კი არა, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა. სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არასწორი კვალიფიკაციისას გამოძიების ფარგლები შემოსაზღვრულია, რადგან ყველა მუხლს თავისი საგამოძიებო ფარგლები აქვს.

ამას გარდა, წამების მუხლს, 333-ე მუხლისგან განსხვავებით, არ აქვს ხანდაზმულობის ვადა. წამების მუხლი არ მოიაზრებს ამნისტიას. ამიტომ არასწორი კვალიფიკაციით დაწყებული საქმეები არის მუდმივი გამოწვევა და ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ ასეთ გამოძიებებს ეს მუხლი არ მიუსადაგოს“, - ამბობს თამარ ონიანი.

ერთ თვეზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, 14 მაისს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 193 ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ, 17 მაისს გაავრცელა განცხადება სახალხო დამცველმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG