13 დეკემბერს ბელარუსის ხელისუფლებამ, აშშ-ის სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, ციხიდან გაათავისუფლა 123 პოლიტპატიმრისგან შემდგარი დიდი ჯგუფი. გათავისუფლებულთა შორის იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკავა.
კოლესნიკავა, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა გათავისუფლებული პოლიტპატიმარი, რამდენიმე წლის განმავლობაში წამებასთან გათანაბრებულ პირობებში იმყოფებოდა: ძირითადად სამარტოო საკანში, ოჯახთან კონტაქტის გარეშე. თუმცა ამან ის ვერ გატეხა. გათავისუფლებისთანავე გადაღებულ ფოტოებზე მარია კოლესნიკავა იღიმის და ხელისგულებით გულის ნიშანს აკეთებს:
ასევე გათავისუფლებისთანავე, კოლესნიკავას სახეზე გაჩნდა მისივე „საფირმო“ კაშკაშა წითელი პომადა, რომელსაც 2020 წლის ყველა საპროტესტო აქციაზე იყენებდა:
მარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სასიხარულო მოვლენა იყო ბევრი ბელარუსელისთვის როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პოლიტიკური პატიმრის მხარდაჭერის გამოსახატავად, ბევრმა ბელარუსმა ქალმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა კაშკაშა წითელი პომადით შეღებილი თავისი ტუჩების ფოტო. მოგვიანებით „ქალების ფლეშმობს“ არაერთი მამაკაცი შეუერთდა. მათ ასევე გამოაქვეყნეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც წითელი პომადა უსვიათ როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ სურათში.
ფლეშმობმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბელარუსის ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ბელარუსის უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულმა ტელეარხმა გამოაქვეყნა აქციის რამდენიმე ფოტო მინაწერით „ვინ გვარცხვენს“.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური ესაუბრა რამდენიმე მამაკაცს, რომლებიც შეუერთდნენ პომადის ფლეშმობს, მაგრამ თავს „სამარცხვინოებად“ არ მიიჩნევენ. „მე ამას მამაკაცურობის ღალატად არ მივიჩნევ. მაგარი და სახალისო იყო“, - თქვა ფლეშმობის ერთ-ერთმა მონაწილემ. „ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. არანაირი პრობლემა არ მაქვს წითელ პომადასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელმაც პომადა ცოლისგან „ითხოვა“.
პაველ ლაუცევიჩი მონაწილეობს მარია კოლესნიკავას მხარდამჭერ ფლეშმობში.
პაველ ლაუცევიჩმა თქვა, რომ მას არ უყოყმანია გადაწყვეტილების მიღებისას. ChatGPT-ის დახმარებით საკუთარ ძველ ფოტოზე კაშკაშა წითელი ტუჩები დაიხატა და ფოტო ინტერნეტში განათავსა.
„მინდოდა სოლიდარობის გამოხატვა, მინდოდა ღიად მეჩვენებინა ჩემი სიხარული მომხდარის გამო. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე ბელარუსელი კარგ ამბებს ელოდება. ბოლო დროს ძალიან იშვიათად ხდება. ეს იყო სიახლე, რომლის უყურადღებოდ გატარება არ შეიძლებოდა“, - თქვა მან პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
პაველი აღნიშნავს, რომ მის „პომადიან ფოტოზე“ გამოხმაურებების 97%-ზე მეტი დადებითი იყო:
„დიდი მხარდაჭერა დავინახე იმის მიმართ, რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, არანაირი გმირული საქციელი ეს არ არის. ჩემთვის ბუნებრივია ვარდისფერი პერანგის ტარება და სულაც არ მიმაჩნია ეს მამაკაცურობის ღალატად. მაგარი და სახალისო იყო. იმედი მაქვს, ყველას, ვინც ეს ნახა, მოეწონა და გაიღიმა, ისევე როგორც მე, როცა საკუთარ თავს ვუყურებდი“.
პაველი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ნახა სხვა წითელპომადიანი მამაკაცის ფოტო და მასაც მოუნდა ფლეშმობში მონაწილეობა, იმავეს გაკეთება. თუმცა იქვე დასძენს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დეკორატიულ კოსმეტიკას არ იყენებს.
„მაგრამ ზოგჯერ ჩემი ცოლი ცდილობს, სახეზე რაღაც წამისვას, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე“, - იცინის პაველი.
მიხალმა, კიდევ ერთმა ბელარუსმა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და IT სფეროში მუშაობს, ასევე გამოაქვეყნა ინტერნეტში ფოტო, რომელზეც კაშკაშა წითელი პომადით არის გადაღებული და რომელიც Gemini-ს ნეირონული ქსელის გამოყენებით შექმნა.
„მე ძალიან მომწონს მარია. გერმანიაში ბევრი ადამიანი იცნობს მას. გერმანია გეგმავს მის აქ მიღებას“, - განმარტავს ის.
„მრავალი წელია აქტივიზმში ვარ ჩართული. ნეგატიური თემები ჩვენთვის დიდად სასარგებლო არ არის. ამიტომ, უნდა ვეძებოთ პოზიტიური მხარეები, - განმარტავს ის ფლეშმობში მონაწილეობის მიზეზებს, - დიდ დროს ვატარებ Threads-ზე. ვიცი, როგორ მუშაობს ალგორითმი. როდესაც ეს ყველაფერი დავინახე, სწრაფი რეაგირება მოვახდინე და გამოვაქვეყნე ფოტო“.
მიხალის თქმით, მისი მეგობრების უმეტესობა დასავლეთ ევროპაში ცხოვრობს და სოციალურ მედიაშიც ინგლისურ ენაზე ურთიერთობს. მისი თქმით, ხალხმა უცბად ვერ გაიგო, თუ რას აღნიშნავდა პომადის ფლეშმობი და მას მოუწია იმის ახსნა, რომ ეს არ იყო ლგბტ ღონისძიება:
„ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ლგბტ თემის ღონისძიება იყო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს“.
მიხალი აღნიშნავს, რომ მის პოსტზე იყო გარკვეული ნეგატიური კომენტარები, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი ძირითადად ბოტებმა დატოვეს. ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად იყენებს მაკიაჟს - მხოლოდ ჰიგიენურ ტუჩსაცხსა და სახის კრემს.
დენისის თქმით, მისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების ყოველი დღე ბედნიერი დღეა. ამბობს, რომ პირადად იცნობდა მარია კოლესნიკავას, სანამ ის 2020 წელს ვიქტორ ბაბარიკას გუნდს შეუერთდებოდა. დენისი კოლესნიკავას 2020 წლის საპროტესტო აქციების სიმბოლოდ მიიჩნევს.
„როდესაც მარია გაათავისუფლეს, ბევრმა მის ხალისიან განწყობაზე გაამახვილა ყურადღება. პატიმრობის ხუთმა წელმა ვერ გატეხა ვერც მისი შინაგანი სული, ვერც მისი ადამიანობა და ვერც მისი სახიდან, თვალებიდან და ღიმილიდან გამომავალი სინათლე. ციხიდან გამოვიდა შთაგონებული, სამყაროს სიყვარულით სავსე. ეს ენერგიით გმუხტავს, უფრო ბედნიერსა და შთაგონებულს გხდის“, - ამბობს დენისი, რომლის თქმითაც, არაერთმა მისმა მეგობარმა, ფლეშმობის ფარგლებში, წაისვა წითელი პომადა, რის გამოც მასაც მოუნდა ამ ფორმით მარიას მხარდაჭერის გამოხატვა.
„ეს სოლიდარობისა და სიხარულის ნიშანია“, - ამბობს ის. თუმცა იქვე შენიშნავს, რომ დაძლია გარკვეული შინაგანი დისკომფორტი, რადგან მოუწია მამაკაცის გარეგნობის შესახებ სტერეოტიპების დაძლევა:
„მაგრამ ფლეშმობში მონაწილეობის სურვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ყველა ეს სტერეოტიპი“.
დენისის თქმით, ნამდვილი წითელი პომადის წასმა სურდა, მაგრამ იმის გამო, რომ მის გარშემო არავის აღმოაჩნდა, მოუწია ვიდეოს გადაღება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ტუჩების „შეღებვა“. მისი თქმით, რეაქციაც ძირითადად უაღრესად დადებითი იყო.
„ვიღაცამ თქვა: „ვახ, ეს შენ გიხდება!“ არავის უთქვამს „გეი“ ხარ ან მსგავსი რამ“, - აღნიშნავს დენისი, რომლის თქმითაც, ყველა მამაკაცს აქვს უფლება გამოიყურებოდეს ისე, როგორც სურს.
ანდრეი ჟუკი, კიდევ ერთი ბელარუსი და ვარშავაში ბარ Buns&Bottles-ის მფლობელი, ამბობს, რომ Threads-ზე ნახა წითელი პომადის ფლეშმობი, მათ შორის ნახა ტელეწამყვან იაუგენ ბულკასა და სხვების ფოტოები.
„მაშა გმირია. წითელი პომადა ერთგვარი სიმბოლოა. მხარი დაუჭირეთ მას. ეს შესანიშნავი ამბავია, - ამბობს ის, - მეშინოდა, რომ მაშა იტყოდა, ბელარუსის დატოვება არ მინდაო. ძალიან მიხარია მის გამო. იმედი მაქვს, მალე ნახავს საყვარელ ადამიანებს. იქნებ ვარშავაში შევხვდეთ ერთმანეთს. ეს შესანიშნავი იქნებოდა!“
ანდრეის თქმით, არც კი დაფიქრებულა, ისე გამოაქვეყნა პომადიანი ვიდეო. წითელი პომადა სახლში იპოვა, რადგან ცოლი და ორი მოზარდი ქალიშვილი ჰყავს. რადიო თავისუფლების სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, მან ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი მიიღო.
„რაც ჩემს პოსტზე დაწერეს, ისეთი საშინელებაა, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. არ მაქვს პრობლემები წითელ პომადასთან დაკავშირებით“, - ღიმილით ამბობს ანდრეი.
ოჯახიდან ფლეშმობს მხოლოდ ანდრეი შეუერთდა, თუმცა ამბობს, რომ ოჯახის დანარჩენი წევრებიც მხარს უჭერდნენ.
სერგეი ლოსევი წარმოშობით რუსეთიდანაა და არა ბელარუსიდან, თუმცა ფლეშმობში მაინც მიიღო მონაწილეობა. სამარაში დაბადებული, 2004 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და კიბოს კვლევის ცენტრში მუშაობს ექიმად.
ლოსევმა, როგორც თვითონ ამბობს, Threads-ზე ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ შეტყობინებების მთელი სერია ნახა. ასევე ნახა მარია კოლესნიკავას მხარდასაჭერად კაშკაშა წითელპომადიანი ქალების ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ლოსევის თქმით, ფლეშმობმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომაც გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა თავისი ფოტო, რომელზეც წითელი პომადითა და სამი გულით იყო გამოსახული. გულები ბელარუსის ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული დროშის ფერების შესაბამისი იყო: თეთრი, წითელი, თეთრი. ბელარუსის ხელისუფლება თეთრ-წითელ-თეთრ სიმბოლოს „ექსტრემისტულად“ მიიჩნევს და მისი გამოყენების გამო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს.
ლოსევს სახლში პომადა არ ჰქონდა, ამიტომ სელფი გადაიღო და ფოტოს კონტრასტი გაზარდა, რის შედეგადაც მისი ტუჩები კაშკაშა წითელი გახდა.
„ეს იყო მნიშვნელოვანი მონაწილეობა ყველაზე ენერგიულ და შესანიშნავ ფლეშმობში, რაც კი ოდესმე მინახავს. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფლეშმობის მასშტაბმა“, - ამბობს სერგეი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც ამ ფლეშმობს ხედავს, „იცოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ გარემომცველი სიბნელის მიუხედავად, სადღაც არის ნაპერწკლები, არის იმედი“.
„ბელარუსი გოგონები, რომლებსაც ვიცნობ, მიმოფანტული არიან მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეგრევე დაიწყეს თავიანთი ფოტოების გამოქვეყნება. იმავე საღამოს ასევე ვნახე ბელარუსი ბიჭები და კაცები, რომლებმაც ასევე დაუჭირეს მხარი ფლეშმობს. ვიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი იყო, რადგან საუბარი იყო სიყვარულზე და არა ვულგარულობაზე. დიახ, ეს იყო გამოწვევა, ეს იყო პროვოკაცია. მაგრამ ეს იმდენად გულწრფელი იყო, რომ ვუთხარი ჩემს თავს: მე უნდა მივიღო მონაწილეობა“, - ამბობს სერგეი.
ლოსევი აღიარებს, რომ მისმა ფოტომ ინტერნეტში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ ეს დიდად არ აწუხებს, რადგან გახარებულია იმით, რომ ხალხი დაინტერესდა ფლეშმობით, მისი შინაარსითა და ბელარუსების პრობლემებით.
ფორუმი