Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“ - რაში სჭირდება ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 


ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ანაკლიის პორტით დაინტერესებას უკავშირდებაო, ამბობენ ექსპერტები. ფოტომონტაჟი: პრეზიდენტი სი ძინპინი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩი ჭოუ ციენი
ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ანაკლიის პორტით დაინტერესებას უკავშირდებაო, ამბობენ ექსპერტები. ფოტომონტაჟი: პრეზიდენტი სი ძინპინი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩი ჭოუ ციენი

ჩინეთის ელჩმა საჯაროდ პირველად დაადასტურა ანაკლიის პორტით დაინტერესება. ჩინეთის პერსპექტივით, ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე, - რომლის მშენებლობა 2020 წლის შემდეგ შეჩერებულია, - ერთ-ერთი რგოლი იქნება ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ გრძელ ჯაჭვში.

ეს ინტერესი - სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასთან ერთად, - შესაძლოა, მიანიშნებდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდ ამბიციაზე, ფეხი მოიკიდოს შავ ზღვაში - დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ტრადიციულ არეალში.

საქართველოს ძველი პარტნიორები ვაშინგტონსა და ბრიუსელში ერთ დროს რეგიონის ყველაზე პროდასავლური ქვეყნის ჩინეთთან დაახლოებას „ყურადღებით აკვირდებიან“ და თბილისს პეკინთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ.

როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა მას შემდეგ, რაც საქართველომ მოულოდნელად დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.

პორტი და „ერთი სარტყელი“

„თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში“, - აცხადებს საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი.

ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი საქართველოში
ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი საქართველოში
„ზოგადად, ჩინური კომპანიები და ჩინური საწარმოები დაინტერესებულნი იქნებიან „სარტყლისა და გზის“ მთელ გაყოლებაზე, „შუა დერეფანში“, ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 6 სექტემბერს თბილისში გამართულ კონფერენციაზე.

ამ კონფერენციით საელჩომ თბილისში აღნიშნა ზუსტად 10 წელი იმ დღიდან, როდესაც ყაზახეთში მყოფმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა „ახალი აბრეშუმის გზის“, - „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივა გააცნო მსოფლიოს.

„სარტყელი და გზა“ (BRI) იქცა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი გლობალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

BRI ათ წელიწადში ჩამოყალიბდა ტრანსკონტინენტურ ქსელად, რომელიც, ძველთაძველ „აბრეშუმის დიდი გზის“ მსგავსად, მჭიდროდ აკავშირებს აზიას, ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას.

იმის ფონზე, რომ ევროკავშირი და ჩინეთი სულ უფრო და უფრო მეტს ვაჭრობენ ერთმანეთში, ამ ქსელის მნიშვნელოვანი წილი მოდის ევროპის კონტინენტთან ჩინეთის კავშირზე.

ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ძირითადი სახმელეთო ხაზი რუსეთის ფედერაციაზე გადის და მისი გამწევი ძალა რკინიგზაა. ამ მარშრუტს „ჩრდილოეთის დერეფანს“ უწოდებენ. ამასთან, არსებობს საჰაერო და საზღვაო გზებიც (ყველაზე ხშირად საოკეანო მარშრუტს იყენებენ).

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღების ცენტრში ექცევა „შუა დერეფანი“, რომელიც ჩინეთს ევროპას უკავშირებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით. ამ პროექტის სახელია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“ (TITR).

„შუა დერეფანი“

ჩინეთისთვის, მისი გიგანტური ეკონომიკის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან მცირე ბაზარია. შავი ზღვის ქვეყანა ჩინეთის დაინტერესებას უფრო გეოგრაფიული მდებარეობის გამო იწვევს.

ერთი მხრივ, საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ექსპერტების ნაწილი ბოლო პერიოდში ცენტრალურ აზიასთან ერთად განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს, - მიუხედავად ამ (ორი) რეგიონის ქვეყნების საგარეო-პოლიტიკურ ვექტორებს თუ შიდა პოლიტიკურ ვითარებებს შორის რადიკალური განსხვავებებისა.

სწორედ ეს ტერიტორიაა საკვანძო „შუა დერეფანში“ - ის აკავშირებს ევროპასა და ჩინეთს ისე, რომ გვერდს უქცევს რუსეთის ფედერაციასა და მასზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფანს“, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სანქციების ტალღების შემდეგ, ნაკლებად პოპულარულია.

„შუა დერეფნის“ გამოყენება 2022 წლიდან წამყვანმა ევროპულმა გადამზიდავებმა - დანიურმა Maersk-მა, ავსტრიულმა Rail Cargo Group-მა, ფინეთის Nurminen Logistics-მა, გერმანულმა CEVA Logistic-მა და ნიდერლანდურმა Rail Bridge Cargo-მ დაიწყეს.

შედეგად, 2022 წელს გადაზიდული ტვირთის მოცულობა წინა წელთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა - 3.2 მილიონი ტონა გახდა. ასე გადაიქცა ევრაზიის „შუა ბილიკი“ „გზატ­კე­ცი­ლად“. სხვადასხვა პროგნოზით, - და მონაწილე ქვეყნების სურვილის თანახმად, - 2025 წელს დერეფნის გამტარობამ 10 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.

საქართველო, - მართალია, ნაკლებად ფორმალურად, მაგრამ - „სარტყლისა და გზის“ ამ პერსპექტივის ნაწილია. „საქართველო საკვანძო ქვეყანაა ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის ეკონომიკურ დერეფანში“, - თქვა 6 სექტემბერს ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟა ვენმა თბილისში BRI-ის 10 წლისთავისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე.

პირველი ნაბიჯები შავ ზღვაში?

მეორე მხრივ, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ბათუმის, ფოთისა და, პოტენციურად, ანაკლიის პორტები, განვითარებად სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან ერთად, კარგ პერსპექტივას ქმნის ვაჭრობისა და ტრანზიტისათვის, რუსეთის უკრაინაში 2022 წლის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს რეგიონი გეოპოლიტიკურად უკიდურესად მნიშვნელოვანია.

შავიზღვისპირეთში ჩინეთის სავაჭრო, სატრანზიტო, საინვესტიციო და თუ სხვა აქტივობები ამ დრომდე უფრო ნაკლებად შეიმჩნეოდა, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის რეგიონი აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების ტრადიციულ არეალს წარმოადგენს და ეს დაპირისპირება ნაკლებ სივრცეს ტოვებდა ალტერნატიული ძალებისათვის.

აშშ-ის წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებდა, რუსეთსა და ჩინეთთან ახლო ეკონომიკური კავშირები არ გაებათ - პოლიტიკური რისკების გამო. ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდა: როდესაც 2019 წელს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიღო ვაშინგტონში, მასთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე „საქართველოს ვითომ-მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი დაიცავდა საქართველოს ამ ორი ქვეყნის „მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან“.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვაშინგტონში იღებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვაშინგტონში იღებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელსაც ქართულ-ამერიკული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ედგა სათავეში, საქართველოს მთავრობამ 2020 წელს, პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ჩააგდო. მიზეზად მთავრობა ინვესტორის მხრიდან „ვალდებულებების შეუსრულებლობას“ ასახელებდა, თუმცა ექსპერტების თქმით, რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური იყო - რუსეთი პროექტს, - ამერიკული ინვესტიციებით - ეწინააღმდეგებოდა.

„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“ - კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას ჯერ კიდევ 2017 წელს უთხრა; ივანიშვილს ან მის გარემოცვას ამ სიტყვების ნამდვილობა არ დაუდასტურებია. ხაზარაძემ კი თქვა, რომ მაშინ გაიგო ივანიშვილისგან, რომ ანაკლიის ინვესტორი, მისი აზრით, „ჩინური სახელმწიფო კომპანია“ უნდა ყოფილიყო. პროექტი ჩავარდა.

სცილას და ქარიბდას შორის

2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროექტზე საუბარი კვლავ წამოიწყო. მთავრობის ცნობით, მშენებელი კონსორციუმის 51% საქართველოს მთავრობისა იქნება, 49%-ზე კი გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი. სატენდერო წინადადებები უკვე მიღებულია და 2023 წლის ივნისიდან განხილვა მიმდინარეობს. პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მედიის ნაწილის აზრით, ჩინეთ-საქართველოსთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ პორტზე იქნება ფოკუსირებული.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ტრადიციულად რუსეთის „უკანა ეზოდ“, მისი გავლენის სფეროდ უყურებდა. თუმცა 2022 წლის ომის შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ შეიცვალაო, ამბობენ პოლიტიკის ანალიტიკოსები.

ჩინეთი რუსეთის ძირითადი პარტნიორია და სანქციების ფონზე, მოსკოვი იმაზე მეტად არის დამოკიდებული პეკინის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და დიპლომატიურ დახმარებაზე, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის ეკონომიკა 10-ჯერ დიდია რუსეთისაზე. ზოგიერთი ანალიტიკოსი შეფასებებში კიდევ უფრო შორს მიდის და რუსეთს „ჩინეთის ვასალად“ მოიხსენიებს.

ჩინეთის ამჟამინდელი დაინტერესება ანაკლიის პორტით, - რაც გასულ კვირას დაადასტურა საქართველოში ელჩმა, ჭოუ ციენმა, - შესაძლოა, მიანიშნებდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდ ამბიციაზე, ფეხი მოიკიდოს შავ ზღვაში.

ვაშინგტონის გზავნილი

ძველი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შეერთებული შტატების აწ უკვე ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, სანამ საქართველოს დატოვებდა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ „საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას“.

შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები 2009 წლიდან არიან.

„ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არა მხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში“, - თქვა ელჩმა დეგნანმა.

ელჩმა დეგნანმა საქართველოს დატოვების წინ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყანა, სიფრთხილე გამოიჩინოს ჩინეთთან ურთიერთობებში
ელჩმა დეგნანმა საქართველოს დატოვების წინ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყანა, სიფრთხილე გამოიჩინოს ჩინეთთან ურთიერთობებში

ვაშინგტონის რჩევას ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გამოეხმაურა ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და თქვა, რომ „ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან“:

„ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა მან.

პარტნიორი, კონკურენტი, მეტოქე - რა გამოეპარა ბრიუსელს?

ოფიციალური შეფასებები ჯერჯერობით უფრო ნაკლებად კრიტიკული იყო, ვიდრე ვაშინგტონიდან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი - მაგალითად, ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი, - ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ფრთხილად ეკიდება პეკინთან ურთიერთობებს, ნაწილი კი, - მათ შორის საფრანგეთი, - კვლავ აგრძელებს მასთან თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თქმით, „საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა“, მაგრამ, ამასთანავე თქვა, რომ ევროკავშირში „ითვალისწინებენ“ საქართველოს ახლად ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან:

„ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უზრუნველყოფს თავისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებსა და პოლიტიკასთან“, - განუცხადა მან გამოცემა civil.ge-ს.

ჟოზეპ ბორელი წინა კვირას თბილისში იმყოფებოდა
ჟოზეპ ბორელი წინა კვირას თბილისში იმყოფებოდა

მეორე მხრივ, ჩინეთის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ჩინეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ევროკავშირის ინტერესებშია, „შუა დერეფანმა“ იმუშაოს:

„მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის. შესაძლოა, პირიქით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს 6 სექტემბერს.

ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს რამდენიმე, ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებელი აქვს. ბრიუსელის ამჟამინდელი ურთიერთობები პეკინთან, ევროკავშირის სტრატეგიული ხედვის შესახებ 2019 წლის 12 მარტის კომუნიკეს თანახმად, სამ პოსტულატზე დგას. ამ პოსტულატების თანახმად, ჩინეთი ევროკავშირისთვის არის:

  • პარტნიორი თანამშრომლობასა და მოლაპარაკებებში,
  • კონკურენტი ეკონომიკაში და
  • სისტემური მეტოქე.

„საქართველოში ჩინეთს დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილავდა რუსეთის გავლენები, და ჩვენც არ მიგვიქცევია დიდი ყურადღება საქართველოში ჩინეთის [ინტერესებისთვის თუ გავლენისთვის], ან [პრემიერ-მინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილის წარსული საქმიანობისთვის ჩინურ კომპანიასთან“, - განუცხადა ევროკავშირის მაღალი დონის დიპლომატმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით.

„თუმცა, დღეს რასაც ვხედავთ, ამის გათვალისწინებით, მგონი რაღაც გამოვტოვეთ“, - გვითხრა მან.

ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, - ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით, - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრიუსელში თბილისის კავშირებს ჩინეთთან ყურადღებით ადევნებენ თვალს:

„საგარეო პოლიტიკა არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის, [თუმცა] ასეთმა გადაწყვეტილებებმა [როგორიცაა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება], შეიძლება, გავლენა იქონიოს [კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე]... რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვაწუხებს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, ვიდრე ჩინეთთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG