Accessibility links

site logo site logo

რაც ჩანს და არ ჩანს - პოლიტიკური სქემები არჩევნებისთვის


არჩევნებამდე 6 კვირა რჩება და ამ დროში, 2 ოქტომბრამდე, ამომრჩევლებთან ერთად, ბევრ რამეში გარკვევა თავად პოლიტიკურ ძალებსაც უწევთ.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი თუ არახელმომწერი ოპოზიციური პარტიების უდიდეს ნაწილს ერთი მიზანი აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში ვერ მიიღოს 43%-ზე მეტი და შედეგად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. პარტიები ამ მიზნისკენ არცთუ მარტივად გასაგები გათვლებითა და ზოგ შემთხვევაში - განსხვავებული ტაქტიკით აპირებენ სვლას.

გამარჯვებაში სრულიად დარწმუნებული „ქართული ოცნება“ კი სულაც არ თვლის, რომ მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული 43%-იანი დათქმა. ამ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი 28 ივლისს ცალმხრივად დაუსვა.

  • რა გეგმები და მოლოდინები უკავშირდება 43%-იან ზღვარს?
  • რა სტრატეგიითა და ტაქტიკით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთად იდგნენ 2020 წლის არჩევნებამდეც და ბოიკოტის ეტაპზეც?
  • ვინ ვისთან არის, ვინ ვის განუდგა?

ერთად თუ ცალკე

18 აგვისტოს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბათუმში საერთო კანდიდატები წარადგინა. თუკი ბოლო დღეებში ერთობლივ პრეზენტაციებს ძირითადად ოთხი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ მართავდა, ამჯერად წრე გაფართოვდა და გამოჩნდნენ შეთანხმებული კანდიდატები ასევე - „ლელოდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დგას, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელმაც მომავალი არჩევნებისთვის ახალი სახელი - „მესამე ძალა“ დაირქვა.

„ახალი პლატფორმა - „მესამე ძალა“ ამომრჩევლებს ახალ მიზიდულობის ცენტრს სთავაზობს“, ამ ძალას თავისი გზა აქვს და „ყველგან თავისი საკუთარი კანდიდატები“ ეყოლება, - გვითხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

მათ შორის დედაქალაქის მერის პოსტისთვის, საკუთარი კანდიდატების წარდგენა „სტრატეგია აღმაშენებელს“ 30 აგვისტოსთვის აქვს დაგეგმილი. მანამდე ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.

  • 2 ოქტომბერს ამომრჩევლებმა საქართველოს მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი.
  • პარტიული სიების, საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა, ცესკოს გრაფიკის თანახმად, 2 სექტემბერს ამოიწურება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის წარადგენს კანდიდატებს „ლელო“ და ეყოლება თუ არა მას საკუთარი კანდიდატი - თბილისის მერის პოსტისთვისაც. პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, შესრულებულია დიდი სამუშაო და ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია ყველა კანდიდატი. მაგრამ ჯერჯერობით პასუხგაუცემელია შეკითხვა - ყველგან წარადგენს თუ არა პარტია საკუთარ კანდიდატებს.

უკვე ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებზე სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედებს პარლამენტში შესვლის გამო სხვა ოპოზიციურ პარტიებზე სასტიკად განაწყენებული „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ოფისიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც და შემდგომ პერიოდში ოპოზიციური ერთობის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო.

„თან პარლამენტში იყო მოკალათებული და თან ცალი ფეხი აქეთ გედგას, ასე ერთიანობა არ გამოვა. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს... თუ სხვა პარტიები ამ ბრძოლაში არ იქნებიან თავგანწირულები, პირად ინტერესებს არ გადადებენ გვერდზე და არ გამოეცლებიან თბილ სავარძლებს, სხვაგვარად ყალბი რიტორიკაა ყველაფერი... როცა ნდობა იკარგება, აღარ გამოდის ერთობა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა.

მისი თქმით, პარტიას საკუთარი კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლება. ამასთან:

  • პარტიას უკვე შერჩეული ჰყავს დედაქალაქის მერობის კანდიდატი - მიხეილ ქუმსიშვილი;
  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ლაშა ჩხარტიშვილია დასახელებული;
  • ლეიბორისტული პარტია საკრებულოების წევრობის კანდიდატთა სიებში ჩასაწერად ეპატიჟება ნებისმიერ უპარტიო პირს და ეს შეთავაზება ჯერ ისევ ძალაშია.

შეთანხმების სქემები

უკვე აფიშირებული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი საერთო ოთხმა პარტიამ გამონახა და მათ შორის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“.

ამ ოთხეულმა თბილისის 10 ოლქისთვის შეთანხმებული კანდიდატები 17 აგვისტოს წარადგინა, თუმცა ენმ-მა მაჟორიტარების ყველა ადგილი თბილისში დანარჩენ სამ პარტიას დაუთმო. ენმ-ის ლიდერი - ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად არის დასახელებული.

გადაწყვეტილია, რომ: ელენე ხოშტარიას „დროა“ გლდანში, ვაკესა და კრწანისში იბრძოლებს; „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წარმოდგენილი იქნება მთაწმინდის, საბურთალოს, დიდუბისა და ნაძალადევის ოლქებში; ხოლო „ევროპული საქართველო“ ჩუღურეთში, ისანსა და სამგორში. ამასთან:

  • „დროას“ ლიდერი - ელენე ხოშტარია დასახელებულია საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებულ კანდიდატად;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი - ცოტნე კობერიძე თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად.

ამ ეტაპისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავთ ენმ-სა და „ევროპულ საქართველოს“. მათგან ზოგი შეთანხმებული კანდიდატია, მაგრამ არა ყველა. მაგალითად, როგორც ერთმა, ასევე მეორე პარტიამ მერობის თავ-თავიანთი კანდიდატები წარადგინეს:

  • სამტრედიაში,
  • გორში,
  • კასპში,
  • თეთრიწყაროში,
  • ადიგენში.

16 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულ მერობის კანდიდატებს, მაგალითად: ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახმეტაში, ლანჩხუთში, მესტიაში და სხვაგან.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ლანჩხუთის მერის პოსტზე ოპოზიციის ამ ნაწილის საერთო შეთანხმებული კანდიდატი იქნება „ტრიბუნას“ წარმომადგენელი, იურისტი, უფლებადამცველი და მეწარმე ლია მუხაშავრია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას „ლელოც“ უჭერს მხარს.

„ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ 18 აგვისტოს გვითხრა, რომ - ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ტყიბულის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ „ტრიბუნას“ საუკეთესო ვარიანტის შეთავაზება შეუძლია.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე თავიდანვე ამბობდა, რომ აუცილებელი არ იყო ოპოზიციას ყველგან საერთო, შეთანხმებული კანდიდატები ჰყოლოდა და ახლაც ამავე პოზიციაზე რჩება.

როგორც ბობოხიძე გვეუბნება, ამ ეტაპისთვის მიღწეული შეთანხმებებით კმაყოფილია „არსებული შესაძლებლობებიდან“ გამომდინარე, რადგან შეთანხმება „სხვადასხვა მასშტაბით“ მოხერხდა პრაქტიკულად ყველა დონეზე და მერების გარდა, სოფლებისა და თემების მაჟორიტარებზე „შეთანხმება მოხდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის“.

თმცა ის გაცილებით უფრო კმაყოფილი იქნებოდა, პარტიული სიების წარდგენა ყველა ოპოზიციურ პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში რომ შეეძლოს.

„პატარა პარტიებს უჭირთ ეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი პარტია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიებში უბრალოდ ვერ იქნება... არ ვიცი, ასეთ დროს რას იზამს ამ პარტიების ამომრჩეველი... მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი დაუჯერებს თავის რჩეულ პარტიას და მისი რჩევით სხვა ოპოზიციურ პარტიას დაუჭერს მხარს“ - ეუბნება აკაკი ბობოხიძე რადიო თავისუფლებას.

არჩევნების პროპორციულ ნაწილს, ანუ პარტიული სიებით ბრძოლას მომავალ არჩევნებში ოპოზიციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ერთმანეთთან შეთანხმებული თუ ცალკე მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მომავალ არჩევნებს განიხილავს რეფერენდუმად, „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩადებული დათქმის შესაბამისად.

დათქმის თანახმად, თუკი მმართველი პარტია არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს, ქვეყენაში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

თუმცა ეს შეთანხმება ორიოდე კვირის წინ ცალმხრივად „ანულირებულად“ გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ და ის თვლის, რომ ამ მხრივ პოლემიკაც უნდა დასრულდეს.

რეფერენდუმი?

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტი 28 ივლისს გაუქმებულად გამოაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მრავალჯერ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

  • მმართველი პარტია აცხადებს, რომ მისი შედეგი 43%-ზე მაღალი იქნება და ამის დასტურად ბოლო პერიოდის შიდაპარტიული კვლევის შედეგსაც იშველიებს.
  • 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 46,3%-ს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისა“ - 23,3%.
  • ბოლო თვეებში ჩატარებული სხვა არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, „ოცნების“ შედეგი 25-დან 32%-მდე მერყეობს.

რა მოხდება მაშინ, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს 43%-იან ზღვარს და მიიღებს ვთქვათ - 40%-ს? მოუწევს თუ არა მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმის მიუხედავად, რომ ის „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ცალმხრივად გამოეთიშა?

ყოფილი პოლიტიკოსი და ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის ნოყიერი ნიადაგი გაჩნდება; თუმცა საბოლოო შედეგი კიდევ ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

ირაკლი მელაშვილის თქმით:

  • თუ, ვთქვათ, ხელისუფლებამ მიიღო 40%, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 60%-ს ეს ხელისუფლება არ უნდა;
  • თუკი ხალხმა ხელისუფლების მიმართ მაღალი მხარდაჭერა არ გამოხატა, მეტი საფუძველი ექნება ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს და მიიღოს, რადგან საერთაშორისო ზეწოლაც გაიზრდება;
  • მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გავიდა „მიშელის დოკუმენტიდან“, ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და მათ სულ არ აინტერესებთ, ვინ გამოეთიშა ამ შეთანხმებას თვითნებურად... მათ აქვთ საკმაოდ ბევრი ქმედითი ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.

მელაშვილი ასევე გვეუბნება, რომ არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება საერთო მდგომარეობაზე ქვეყენაში და, მისი შეფასებით, ამჟამად გაზრდილი გაჭირვება, გაუარესებული სოციალური ფონი და კოვიდის ფართო გავრცელება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს 43%-იან ზღვარს, მელაშვილის აზრით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ორგანიზებულად მოქმედებას და როგორი იქნება საზოგადოების აღქმა.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის გეგმით, ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრისას, ერთ-ერთი უმთავრესი სასაუბრო თემა სწორედ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა და არჩევნებზე მოსვლის აუცილებლობა იქნება.

საკითხი იმდენად სერიოზულად დგას, რომ მომავალი არჩევნებისთვის სახელიც კი შეიცვალა ნინო ბურჯანაძის პარტიამ და საარჩევნო ბიულეტენში ჩაიწერა - „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ვადამდელი არჩევნები ჰაერივით სჭირდება საქართველოს“ და სხვა პარტიებთან შეთანხმებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG