Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის კრემლის მიზანი - აღიარება თუ სათადარიგო ბერკეტი ზეწოლისთვის?


უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, რუსეთის დუმამ კი პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთ იარაღად შესთავაზა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ოლქების - ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

პუტინი ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა ნიადაგი მომზადებულია და, ანალიტიკოსების აზრით, ეს გადაწყვეტილება მან შესაძლოა ნებისმიერ დროს მიიღოს. 2008 წლის 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება კრემლის მიერ სწორედ დუმის მიმართვის საფუძველზე მოხდა.

  • უღირს თუ არა პუტინის რუსეთს დონბასის ორი ე.წ. სახალხო რესპუბლიკის აღიარება?
  • რა შეიძლება დააკარგვინოს რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადებამ?
  • რა ასწავლა მოსკოვს საქართველოს გაკვეთილმა?

რუსეთის დუმის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში წერია, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება უკვე გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც „გამოხატეს სურვილი ილაპარაკონ და წერონ რუსულად“, არ ეთანხმებიან უკრაინის ხელისუფლებას, „რომელიც არღვევს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

რუსი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ეს ორი სეპარატისტული რეგიონი უკვე 8 წელია ომის შიშით ცხოვრობს; უკრაინის ხელისუფლება არ უხდის პენსიებს, სოციალურ დახმარებებს და ამ ხალხს კიევმა „სრული ეკონომიკური ბლოკადა“ დაუწესა.

დუმამ 15 თებერვალს მიმართა პრეზიდენტ პუტინს - ერთპიროვნულად გადაწყვიტოს აღიარების საკითხი, რაც, რუსი დეპუტატების დასკვნით, მოიტანს:

  • გარე საფრთხეებისგან ამ „რესპუბლიკებში“ მცხოვრებთა უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიებს;
  • საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებასა და რეგიონალურ სტაბილურობას „გაეროს წესდების შესაბამისად“.
  • ამ ორი „სახელმწიფოს“ შემდგომ საერთაშორისო აღიარებასა და განვითარებას.

დუმის დადგენილება პრეზიდენტ პუტინს უკვე მაგიდაზე უდევს და შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს კანონმდებლების მიერ მისთვის მინიჭებული ერთპიროვნული უფლებამოსილება.

„როსია 1“-ის ეთერში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის მრჩეველი როდიონ მიროშნიკი ამბობს, რომ დუმის გადაწყვეტილებაზე ახლა „მთელი დონბასი ლაპარაკობს“, მაგრამ, მისი თქმით, იმასაც აცნობიერებენ, რომ პროცესი მყისიერად ვერ დასრულდება და მიმართვა უფრო კიევის დასანახად მოხდა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის იმ შემთხვევისთვის - „თუკი გატოკდებით...“ - თუ გატოკდებიან, უკვე გასაგებია, რომ ეს ტერიტორიები აღიარებულ იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ და თან ეს მომენტალურად მოხდება“, - ამბობს მიროშნიკი.

თუმცა პროდასავლელი ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს სვლა მიზნად ისახავდეს აღიარებისთვის საჭირო ნიადაგის მომზადებას კერძოდ იმ შემთხვევისთვის, თუკი, ბოლო კვირების მწვავე დაძაბულობის შემდეგ, რუსეთს საბოლოოდ უკან დახევა და სახის შენარჩუნებაზე ზრუნვა მოუწევს.

საქართველოს მსგავსად?

მოვლენები 2008 წლის საქართველოს მსგავსი სცენარით ვითარდება - მაშინაც რუსეთის დუმამ მიმართა იმდროინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ აღიარების აუცილებლობის ხაზგასმით. შემდეგ კი, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მაგალითს იხსენებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგიი კისლიცაც გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშისა და გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

  • რუსეთს ამ ეტაპზე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; ხოლო დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ანექსირებულ ყირიმთან ერთად, უკრაინის მთელი ტერიტორიის 7%-ს შეადგენენ.
  • სხვადასხვა წყაროს ცნობით, მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში იმაზე მეტი მცხოვრები აღირიცხებოდა (თითქმის 4.5 მილიონი), ვიდრე მთელ საქართველოში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მრავალი წელია ხარჯავს ფულს, თუმცა ცხოვრების დონეს მაინც ბევრი არაფერი ეტყობა; ხოლო რუსი დეპუტატები არცთუ იშვიათად გულისწყრომასაც გამოხატავენ და აფხაზებსა და ოსებს „მუქთამჭამელებადაც“ მოიხსენიებენ.

მალე 14 წელი შესრულდება და რუსეთის სვლამ საფუძველი ვერ დაუდო საყოველთაო საერთაშორისო აღიარების პროცესს, რის იმედსაც რუსი დეპუტატები ახლა დონბასთან მიმართებით გამოხატავენ. ამ დრომდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ნაბიჯი თითქოს ვანუატუმ და ტუვალუმაც გადადგეს, მაგრამ მათ საბოლოოდ - აღიარება უკან წაიღეს.

7 თებერვალს, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკამ, კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიმართვის საფუძველზე, სამომავლოდ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამ ლოგიკით, ლუკაშენკო პუტინს უარს არც დონბასის შემთხვევაში ეტყვის.

პუტინის პოზიცია და არჩევანი

დუმის გადაწყვეტილებას, დონბასის ორი „სახალხო რესპუბლიკის“ აღიარებასთან დაკავშირებით, უარყოფითად შეხვდა საერთაშორისო თანამეგობრობა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს იქნებოდა „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი“ და ეს ნიშნავს „მინსკის შეთანხმებიდან გამოთიშვას, რაც რაც კიდევ უფრო გააძნელებს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის გზების ძიებას“.

პუტინს „სახალხო რესპუბლიკების“ არაღიარებისკენ მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა; ხოლო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რუსეთის მედიის ცნობით, ასეთ მოსალოდნელობას „პოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.

ამ ეტაპზე აღიარებისგან დეკლარირებულად თავს იკავებს რუსეთის პრეზიდენტიც.

რუსეთის მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, 15 თებერვალს თქვა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებების მომხრედ რჩება და რომ დუმის დეპუტატებმა თავიანთ გადაწყვეტილებაში რუსეთის მოსახლეობის განცდები ასახეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დონბასის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, როგორც ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა (ოლაფ შოლცი) ილაპარაკა, უპირველეს ყოვლისა - მინსკის შეთანხმებების შესრულების არა ბოლომდე რეალიზებული შესაძლებლობების გამოყენებიდან გამომდინარე“, - თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

2014 წლის პირველი უშედეგო შეთანხმების შემდეგ, უკრაინის მისამართით რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მნიშვნელოვანი მსხვერპლის ფონზე, 2015 წელს მინსკში მეორე შეთანხმებაც გაფორმდა.

რუსეთი მუდმივად არღვევდა პირობებს და სამხედრო დაპირისპირების პერიოდულ განახლებაში მუდამ კიევს ადანაშაულებდა.

პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, 2015 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში ლაპარაკია დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭებაზე, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთისთვის შესაძლოა ნიშნავდეს ფედერალური ავტონომიის ძალიან მაღალი ხარისხის სათავისოდ გამოყენებას.

რაზეა მზად კიევი - ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო „მტკიცე დაპირება“, რომ მინსკის პროცესის ფარგლებში, „ძალიან მალე“ წარმოდგენილი იქნება „ყველა შესაბამისი კანონპროექტი“, რაც მათ შორის - აღმოსავლეთ უკრაინის [დონბასში] „განსაკუთრებული სტატუსის“ განსაზღვრასაც უკავშირდება.

შოლცი კიევს მოსკოვში ჩასვლამდე სტუმრობდა.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ეეჭვება, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რადგან მოსკოვი მინსკის შეთანხმებას უფრო მეტი სარგებლის მომტანად თვლის.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ამ ეტაპზე რუსეთი იყენებს, როგორც ზეწოლის საშუალებას. მინსკის შეთანხმებიდან გასვლა არ აწყობს რუსეთს, რადგან ის დაკარგავს მთელ უკრაინაზე ზემოქმედების ერთადერთ ბერკეტს... მინსკის შეთანხმებას რუსეთი იმგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს, რომ ამ ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს უნდა ჰქონდეთ ზეგავლენა უკრაინის საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ანუ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა დასავლეთისგანაც ითხოვს გარანტიის სახით, რომ - უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

მისი შეფასებით, თუკი რუსეთი ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, თუნდაც მათი შემდგომი ანექსიის მოტივით, კრემლს ბერკეტები გამოეცლება ხელიდან „მთელი უკრაინის ხელში ჩასაგდებად“ და პუტინის მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც „საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს“.

მიზანი - ანექსია?

2021 წლის 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ დონბასი საბჭოთა კავშირის დროსაც „საკუთარ თავს რუსეთის ნაწილად განიხილავდა“ და რომ დღევანდელ უკრაინას ეს ტერიტორია სულ ძალის გამოყენებით მიაკუთვნა ლენინმა, თანაც ისე, რომ - ხალხისთვის არ უკითხავთ - „სად და ვისთან ერთად სურდათ ცხოვრება“.

პროკრემლისტური ანალიტიკოსები უკვე კარგა ხანია განიხილავენ დონბასის, ყირიმის მსგავსად ანექსირების პერსპექტივებს. მაგალითად, იგივე ვლადიმირ სოლოვიოვი, თავის ერთ-ერთ გადაცემაში, არ ეთანხმება ისტორიკოსსა და პოლიტოლოგ სემიონ ბაღდასაროვს, რომლის აზრითაც, ამ ტერიტორიების მიერთება რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.

„როცა ყირიმი ბრუნდებოდა [რუსეთის შემადგენლობაში], ჩვენ ხომ რეფერენდუმი არ ჩაგვიტარებია?! ხომ გვეტყვიან - ყირიმის შემთხვევაში რომ არ ჩაატარეთო?! რა საჭიროა ეს [რეფერენდუმი]?!“, - რიტორიკული კითხვებით მიმართავს რესპონდენტს სოლოვიოვი.

დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკაა კონცენტრირებული და ჯერჯერობით არ დასტურდება მოსკოვის მიერ დეკლარირებული - ჯარის გაყვანა. ნატოს ქვეყნები ამ ფაქტს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებად განიხილავენ და კიევს, მათ შორის - თავდაცვითი იარაღითაც ეხმარებიან. ჯერჯერობით უშედეგოა დიპლომატიური ძალისხმევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG