Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის მზიდი კედლები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?


გინახავთ ლეგოს კონსტრუქტორი? თუ კი, მაშინ იოლად მიხვდებით, როგორ შენდებოდა ტიპური კორპუსები საბჭოთა კავშირში. დიდი მზა დეტალებით აწყობილ სახლებს ერთი რამ აქვთ საერთო - მზიდი კედლების მოშლა კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.

შენიშვნა: სტატია შესწორებულია. მასალის პირვანდელ ვერსიაში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ 1) ე.წ. “მოსკოვური პროექტის” სახლები იგივეა რაც ე.წ. “სტალინკები”, ასევე 2) ნახაზებზე ნაჩვენები შენობის კონსტრუქციები გვხვდება საქართველოში. სტატიის ამ ვერსიაში, ნახაზები გასწორებულია. დამატებულია შესაბისი განმარტებები.

ბათუმში 8 ოქტომბერს საბჭოთა დროინდელი საცხოვრებელი სახლის დანგრევას 9 ადამიანი შეეწირა, თხუთმეტამდე ოჯახი გარეთ დარჩა.

გამოძიების ვერსიით, ამავე სახლში #1 ბინის მფლობელმა და ორმა მუშამ „მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი” კედლები. ამან დაარღვია ხრუშოვკის ტიპის შენობის „სიმტკიცე და მდგრადობა”.

უსაფრთხოების რეგულაციებით, მზიდი კედლების დემონტაჟი ან მათი ნებისმიერი სახით ცვლილება, სულ რომ პატარა ნახვრეტსაც აკეთებდეთ, სახიფათოა და სპეციალისტების ჯგუფთან უნდა შეთანხმდეს.

რა არის მზიდი კედელი?

ბინის მზიდ კედლებს „უჭირავთ” ზედა სართულის იატაკი, ანუ ამავე ბინის სახურავი, და კონსტრუქციის სხვადასხვა ნაწილი. მათზე მეტი დატვირთვა, მეტი წონა მოდის, ვიდრე სხვა, არამზიდ კედლებზე. შესაბამისად, მზიდ კედელს თუ მოშლით, სახლი, ან მისი ნაწილი მაინც, დიდი ალბათობით, ჩამოინგრევა.

სახიფათო მათემატიკა

მზიდი კედლის მოშლა „იმ ტოტის მოხერხვაა, რომელზეც ზიხარ”, - ეუბნება არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი რადიო თავისუფლებას.

იგი ყვება, რომ საბჭოთა საქართველოში მშენებლები ფრთხილობდნენ. მათ იცოდნენ, რომ მასალების დამზადებაზე ზემოთ მდგომები ხელს ითბობდნენ, აკლებდნენ ცემენტს, აგურები კი ხშირად უხარისხო იყო. სახლს რამე რომ მოსვლოდა, პასუხს არა „დიდკაცებს”, არამედ ისევ მშენებლებს მოსთხოვდნენ.

ლევან კალანდარიშვილი განმარტავს, რომ ყოველი შენობის უკან მათემატიკური გათვლა დგას. ბათუმში ხუთსართულიან ხრუშჩოვკას უკვე დაშენებული ჰქონდა ორი სართული. ცხადია, ამან გაზარდა ზეწოლა მზიდ კედლებზე.

მისი თქმით, „ექსპლუატაციის თითქმის ამოწურულ ვადას დამატებული მიშენებული ორი სართული” უკვე უდრის საფრთხეს. ამ ტოლობისთვის მზიდი კედლის გამოკლებას თავისუფლად შეეძლო, საფრთხე კატასტროფად ექცია.

„მოსკოვური პროექტი”, ხრუშჩოვკა, „ჩეხური პროექტი” - როგორ ამოვიცნოთ მზიდი კედელი?

სტალინის დროს დაპროექტებული სახლები (ე.წ. “სტალინკები”) ელიტებისთვის იყო, მათ აშენებას დიდი დრო სჭირდებოდა. მათი სიმაღლე საშუალოდ 6-10 სართულია. თუმცა საქართველოში გვხვდება 11, რუსეთში კი 12-სართულიანი "სტალინკებიც".

მეორე მსოფლიოს ომის მერე, საბჭოთა კავშირში საცხოვრებელი სახლები ისედაც ჭირდა, ამიტომ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცეკას ახალმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა იაფი ასაწყობი სახლების, ე.წ. ხრუშჩოვკების აშენება დაიწყო. მათ რამდენიმე კვირაში აშენებდნენ, დაახლოებით ისე, როგორც აწყობენ ლეგოს - დეტალებს აერთებენ ერთმანეთთან. სართულების რაოდენობა 2-დან 6-მდე მერყეობს. მკვლევრები ამბობენ, რომ სწორედ ხრუშჩოვკების წყალობით საბჭოთა ადამიანს პირველად გაუჩნდა პირადი სივრცის განცდა.

წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი
წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი

„ამ სტილის შენობებში, კედელი თუ არის 30 სანტიმეტრზე სქელი, მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, - ამბობს იგი, - კარებისთვის, ან დერეფნისთვის… მინიმალური [ჩარევისთვის] გათვლილი არის, მაგრამ [არ შეიძლება] ადგე და მთლიანად მოხსნა…”

70-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოში , ე.წ. მოსკოვური პროექტის (7-9 სართული) და ე.წ. "ჩეხური პროექტის", (8-10) კორპუსების მშენებლობა დაიწყეს.

წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი
წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი
წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი
წყარო: ტექნიკური უნივესიტეტის არქივი

არქიტექტორი სანდრო მურვანიძე ამბობს, რომ ამ სახლების „აწყობის” ტექნიკა კიდევ უფრო მეტად ჰგავს ლეგოს. მათ ასაშენებლად წინასწარ ჩამოსხმულ ბეტონის პანელებს იყენებდნენ. მისი თქმით, შემდეგ„ჩარჩოები იკვრებოდა და ამ ჩარჩოებზე ეკიდებოდა ფასადი. ეს ყველაფერი გამზადებული მოდიოდა და ეკიდებოდა აწყობილ სისტემაზე”.

სამივე ტიპის შენობაში მზიდი კედლის ამოცნობა მისი სისქით შეიძლება. ისინი არამზიდ კედლებზე უფრო სქელია, არქიტექტორების თქმით, დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის.

იმის გასარკვევად, მზიდი კედელი რომელია, პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რა პროექტში ცხოვრობთ. ამისთვის შეგიძლიათ:

  1. მოძებნოთ ინფორმაცია ინტერნეტსა და არქივში, ან
  2. უმჯობესია, მიიღოთ რჩევა კომპეტენტური ადამიანისგან (კონსტრუქტორისგან, არქიტექტორისგან, ან მშენებლისგან).

არქიტექტორები ამბობენ, რომ მზიდი კედლები თანამედროვე შენობებშიც მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმდენად. ახალ კორპუსებში დატვირთვა ბეტონის კოლონებზე მოდის.

კიდევ როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოება? სანდრო მურვანიძე გირჩევთ, თუ გაიგებთ, რომ რომელიმე მეზობელი რემონტს აკეთებს, მიხვიდეთ და შეამოწმოთ. „რამე საშიში თუა, ეგრევე ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეთ”, - ამბობს იგი.

უბედურ შემთხვევებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Disaster Doc-ის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ წელს საშუალოდ 8 სახლი ინგრევა და ამ მიზეზით 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება. უკანასკნელ 50 წელიწადში სულ ჩამოინგრა 181 სახლი. აქედან 32 ინდოეთში. ყველაზე ხშირი მიზეზებია სტიქიური უბედურებები, ამ მიზეზს მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს დაშვებული შეცდომები მოჰყვება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG