Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 მარტს


რა შეზღუდვები იხსნება დღეს?

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.

ორშაბათიდან გაიხსნება:

  • საჯარო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
  • გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

ქვეყანაში უკვე აღდგენილია საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გახსნილია სასტუმროები სამთო კურორტებზე.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ჯერ 8 და 15 მარტს არის დაგეგმილი, შემდეგ კი 1 აპრილს.

ქუთაისში ათასობით ადამიანი ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა

„არა გიგანტურ ჰესებს“, „არა ნამახვანჰესს“, „დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა“ - ამ მოთხოვნებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ „რიონის ხეობის დამცველები“, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 126 დღეა გრძელდება - 126 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

წაიკითხე და ნახე მეტი.

შაქარაშვილის საქმე: დღეს ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან სასამართლოში

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთი ბრალდებულის დაცვის მხარეს საბოლოო სიტყვა მიეცემა. ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება მკვლელობაში ბრალდებულების საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგაც გამოცხადდეს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე მოიცავს 12 ტომს. საქმის მასალების უდიდესი ნაწილი უცნობია, რადგან, ერთი მხრივ, გამოძიებამ ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი, მეორე მხრივ კი, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომები მედიისთვის დაიხურა.

ხუთი თვის განმავლობაში, სასამართლო დარბაზში გამოიკითხა მკვლელობის საქმის 100-მდე მოწმე.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თბილისში ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

28 თებერვალს, საღამოს, თბილისში ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.

მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს იქ არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.

მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქისიანს დაუპირისპირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, 1 მარტს მიტინგზე გავიდნენ ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე.

პარასკევს სომხეთში ოპოზიციის მომხრეთა აქციები გაიმართა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა გენშტაბის ხელმძღვანელის მოხსნის განკარგულებაზე, რასაც ფაშინიანი ითხოვს.

ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მასობრივი აქციები ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. განცხადებას ხელს აწერდნენ გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, მისი მოადგილეები, სამმართველოებისა და კორპუსების უფროსები.

წაიკითხე მეტი.

„მშობლებმა უბრალოდ ბეჭედი აჩუქეს“ - ადრეული ქორწინებები საქართველოში

8 თებერვალს აზერბაიჯანელმა აქტივისტმა გიუნელ მოვლუდმა თავის ფეისბუკის გვერდზე გოგონასა და ორი ყმაწვილის ფოტო გამოაქვეყნა.

„ძვირფასო კოლეგებო საქართველოდან, ეს რა არის? 11 წლის გოგონასა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა - საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან ფონიჭალიდან. რა, საქართველოშიც ჩვეულებრივ ამბად იქცა ეს? - დაწერა აქტივისტმა, – ეს სულაც არ არის რომელიმე ქვეყნის ჩვეულება. ადრეული ქორწინება აზერბაიჯანშიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც საქართველოში. იმედი მაქვს, შესაბამისი ინსტანციები ამას და სხვა მსგავს საქმეებსაც სათანადოდ გამოიძიებენ“.

საქართველოს შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება არასრულწლოვნის ქორწინებაზე იძულების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 150.1 მუხლი, თავი 2, პუნქტი ა), რომელიც ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აქტივისტი რაველ მამედოვი განმარტავს, რომ მსგავსი ნიშნობები აქტუალურია სხვა პრობლემის გამო: გოგონებს ცოლად მოყვანის მიზნით იტაცებენ.

„იქ, სადაც მშობლების შეთანხმებით ნიშნობა ხშირია, ხშირია მოტაცებაც. ბევრი ოჯახი ამბობს, რომ ნიშნობას სწორედ ამიტომ აწყობენ: თუ გოგო დანიშნულია, აღარ მოიტაცებენ. ამბობენ, რომ ისევ ბავშვის გამო აკეთებენ ასე“.

წაიკითხე მეტი სამაია რზაევას სტატიაში.

ჯანმო, უკვე წლებია, აცხადებს, რომ ანტიბიოტიკების გაუაზრებელი გამოყენება სწრაფად გვაახლოებს პოსტანტიბიოტიკურ ეპოქასთან, რომლის დროსაც უმნიშვნელო ტრავმები და მარტივი ინფექციებიც კი შესაძლოა კვლავ სასიკვდილო გახდეს. არსებობს ალტერნატივა? შეუძლიათ თუ არა ბაქტერიოფაგებს, რომელთა წარმოებაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, ანტიბიოტიკებს სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიონ?

წაიკითხე მეტი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG