Accessibility links

site logo site logo

საქართველო "ასტრაზენეკას" ვაქცინის დამატებით დოზას მიიღებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 თებერვალს


ტიკარაძის თქმით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობით მიღების შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი ინფორმაციით, მწარმოებელმა დაუდასტურა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზის გამოყოფის შესახებ.

ასტრაზენეკასვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად ჩვენ გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას ასევე მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და ასევე კოვაქსპლატფორმიდან მოხდება ამ საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ასტრაზენეკა“ მეორე საერთაშორისოდ აღიარებული მწარმოებელია, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჩამოიტანენ. COVID-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

იმუნიზაციის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კოვიდგადატანილი ადამიანების სიმპტომების კვლევა იწყება. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას აცნობა, რომ მისი გუნდი ამ მიმართულებით პაციენტების დიაგნოსტიკაზე, კვლევასა და მკურნალობის პროგრამაზე იწყებს მუშაობას. წაიკითხე მეტი ანი ბურდულის სტატიაში.

რა (ვერ) გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი მოკვდა - როგორ ტოვებს სისტემა ძალადობის მსხვერპლს მარტო

10 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების გამო შს სამინისტრომ საქმე აღძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუას მონაყოლის თანახმად, პოლიციამ მოზარდზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ, სულ მცირე, ორი თვით ადრე იცოდა. პოლიციისთვის ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის ვინაობაც, რომელსაც ოჯახის წევრები ძალადობაში ადანაშაულებდნენ და რომელიც პოლიციამ მხოლოდ ბავშვის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

რატომ ვერ დაიცვა ბავშვი ვერც პოლიციამ, ვერც ოჯახმა, ვერც სკოლამ, ვერც სოციალურმა სამსახურმა ძალადობისა და შემდეგ უკვე თვითმკვლელობისგან? წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

სოხუმი რუსეთს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას სთხოვს, თბილისი არაფერს ამბობს

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებაში იზრდება სომხეთთან დამაკავშირებელი იმ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის მომხრეთა რაოდენობა, რომელმაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

ამ პროცესს სათავეში უდგას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ასტამურ ლოგუა. რუსულენოვანი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ სოხუმიდან მოსკოვში სპეციალური მოთხოვნაც გაიგზავნა. ოკუპირებული აფხაზეთი ცდილობს, მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სადაც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთის შუამავლობით და რეგიონის კიდევ ორი დიდი ქვეყნის მხარდაჭერით, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე დაიწყო საუბარი. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველო არ გახდება იმ კავშირის წევრი, სადაც რუსეთია; თუმცა არ აზუსტებენ, შეეხო თუ არა საუბარი აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სტუმრობის დროს.

ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში, წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას გირაოს გადახდის დამატებითი ვადა დღეს, 12 თებერვალს ეწურება. მან 5 თებერვალს ბრიფინგზე თქვა, რომ „არ გადაიხდიდა“ და „ვერ დაიჭერდნენ“. პროკურატურამ ერთი კვირის წინ თქვა, რომ თუ პარლამენტის წევრი ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს თანხას, უწყება მის დაპატიმრებას მოითხოვს.

გუშინ კი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდა ნებისმიერ პირს შეუძლია. უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამისთვის აუცილებელია ბრალდებულის პირადი მონაცემების მითითება.

ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა ნიკა მელიას პასუხი. მან განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურთან კავშირის გარეშე ვერავინ გადაიხდიდა მისთვის შეფარდებულ გირაოს.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაქცინაცია და გარეჯის თემა - სინოდის განჩინება დღეს გამოქვეყნდება

ხუთშაბათს, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. როგორც საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სინოდის წევრებმა „ბევრი საკითხი მცირე დროში“ განიხილეს.

სხვა განსახილველ თემებს შორის იყო ვაქცინაციის თემა და „რიგი ზნეობრივი საკითხები“. უფრო მეტი ამ თემებზე სინოდის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გახდებოდა ცნობილი, თუმცა მან გუშინ დაიგვიანა. მოგვიანებით ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ სინოდის განჩინება იმ დღეს აღარ გამოქვეყნდებოდა. მისი თქმით, ტექსტის დასრულება ვერ მოესწრო, განხილულ საკითხთა სიმრავლის გამო.

ცნობილია, რომ გუშინ განსახილველ თემებს შორის იყო დავითგარეჯის საკითხიც. აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა: არ არიან მრავლად ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარება დავითგარეჯის საქართველოსადმი კუთვნილებაზე. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე, აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა შეთანხმებას ხელი“.

სინოდის სხდომის პარალელურად საპატრიარქოსთან აქციას მართავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, რომელიც სინოდს ახსენებდა მათ მიერ დადებულ პირობას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროსაბჭოს კომისარმა ახსნა-განმარტება მოითხოვა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრისგან

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ახსნა-განმარტებას ითხოვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების თაობაზე. მან შეშფოთება გამოხატა მასობრივი დაკავებებისა და სამართალდამცველთა სისასტიკის გამო.

მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. კერძოდ, მომიტინგეთა მიმართ დაირღვა მათი უფლება, მათ წინააღმდეგ არ მომხდარიყო ძალადობა, ასევე დაირღვა შეკრების თავისუფლების უფლება. მიატოვიჩმა OVD-Info-ზე დაყრდნობით ყურადღება მიაქცია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა დიდ რაოდენობას.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?"- ქართული ფილმი ბერლინალეს მთავარ კონკურსში მოხვდა

თითქმის 30 წლის შემდეგ ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში იქნება ნაჩვენები, ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველო-გერმანიის ერთობლივი პროდუქციაა და მისი სახელწოდებაა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი სურათი არ შერჩეულა.

წაიკითხე მეტი.

მოსწავლე ნიღბით - მითები, რეალობა და ორჯერ ძვირი საბავშვო პირბადეები

ქეთის შვილი მეორე კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება მეხუთე კლასიდან დააწესეს, ქეთი ამბობს, რომ შვილს სკოლაში პირბადით გაუშვებს.

ქეთიმ 7 წლის შვილს, უკვე დიდი ხანია, ნიღბის სწორად მოხმარების წესები ასწავლა და ფიქრობს, რომ ბავშვს სკოლაში პირბადით სიარული არ უნდა გაუჭირდეს.

როდესაც საქმე ეხება ბავშვებსა და პირბადეებს, ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნიღაბი, პირველ რიგში, მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული და ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პირბადის ზომა.

დღეს, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში საბავშვო პირბადეები ჩვეულებრივ პირბადეებზე ორჯერ ძვირი ღირს. თუკი ერთი ჩვეულებრივი, ე.წ. სამედიცინო ნიღბის შეძენა მომხმარებელს მაქსიმუმ 20 თეთრად შეუძლია, ერთ საბავშვო ნიღაბში 40 თეთრის გადახდა მოუწევს. სააფთიაქო ქსელის ბარათის ქონის შემთხვევაში კი - 38 თეთრის. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ნიღბებს ყველა სააფთიაქო ქსელში ვერ შეიძენთ.

რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს ბავშვის პირბადეებთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა მათი ფასების გადახედვა სკოლების გახსნისთვის? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ალექსანდრ ბანდიუკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში უსამართლოდ დევნიან და საქართველოს მფარველობას სთხოვს. ის შიშობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რუსულ ციხეში მარტივად მოიშორებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG