Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი და წერტილოვანი შეზღუდვები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ნოემბერს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა თბილისში 2 ათასს გადააჭარბა. დედაქალაქი ახლა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ერთ დღეში კი ქვეყანაში 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 36 პაციენტი, რის შემდეგაც, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

მსოფლიოში კი გრძელდება მუშაობა კორონავირუსის ვაქცინებზე. კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა შესაძლოა 90 პროცენტით იყოს ეფექტიანი - რაც ახალი გარღვევაა ბრძოლაში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ.

კვლევების კვალდაკვალ გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას და 1 მილიარდ შპრიცს მიაწვდის 92 განვითარებად ქვეყანას.

წაიკითხე მეტი.

90 დეპუტატი, ერთი პარტია, ერთი ფრაქცია - პარლამენტი 2020-202?

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა და ჯამში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: 150-წევრიან პარლამენტში სულ 90 დეპუტატი იქნება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ ერთ ფრაქციაზე მეტს ვერ შექმნის.

„ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ: პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება, გაანაწილოს საპარლამენტო თანამდებობები და კანონებიც დაამტკიცოს - ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (ანუ 76 დეპუტატი მაინც)“.

მაგრამ იმის გამო, რომ პარტია პარლამენტში 2/3-თაც (ანუ 100 დეპუტატით) არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო მუშაობა შესაძლოა შეფერხდეს რამდენიმე მიმართულებებით.

რა პრობლემების წინაშე დადგება პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე?

წაიკითხე მეტი აქ.

კორონავირუსი: შეზღუდვები, რომლებიც ამოქმედდება და შეზღუდვები, რომლებზეც მსჯელობენ

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები კვირაში შვიდი დღის ნაცვლად მხოლოდ ხუთი დღე იმუშავებენ. ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. „მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობამ მუშაობის ახალ გრაფიკზე გადასვლა შესთავაზა რესტორნების მფლობელებსაც. ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა. ​მისი თქმით, მთავრობამ მათ მუშაობის სამი ვარიანტი შესთავაზა: შაბათ-კვირას სრული გაჩერება, მხოლოდ მიტანის სერვისზე გადასვლა ან სამუშაო საათების კიდევ უფრო შემცირება.

რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა მათთვის ისეთივე მძიმე იქნება, როგორც „ლოკდაუნი“.

გუშინ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებთანაც განიხილა შეზღუდვების დაწესების საკითხი.

წაიკითხე მეტი.

ამერიკული მედია ასახელებს აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივნის ვინაობას

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს 58 წლის ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

New York Times-ი წერს, რომ ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად შეარჩია გლობალური ალიანსების დამცველი ენტონი ბლინკენი.

ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მას ეკავა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

წაიკითხე მეტი.

პანიკური შეტევა მაქვს თუ COVID-19-ის სიმპტომი?!

კოვიდპაციენტების ერთი ნაწილი სახლში მკურნალობისას აღწერს ერთმანეთის იდენტურ ეპიზოდს, როდესაც ინფიცირებიდან მეშვიდე-მეათე დღეს მოულოდნელად სუნთქვა უძნელდებათ და პანიკა იპყრობთ.

„ბინის პირობებში ჩემი ყველა გაზომვადი კლინიკური მაჩვენებელი ნორმაშია, მსუბუქ პაციენტად ვითვლები. უბრალოდ, სანამ ამას დავიჯერებდი და გავიგებდი, რომ სუნთქვის ასეთი პრობლემები დაავადებულთა 40 %- აქვს, თავს ვერ ვიწყნარებდი, პანიკას ვერ ვძლევდი”, - წერს თავის ფეისბუკგვერდზე კოვიდინფიცირებული ქეთო ნინიძე მარტვილიდან.

შეიძლება თუ არა, რომ სუნთქვის გართულება ეჩვენებოდეს პაციენტს? როგორ შეიძლება ნერვული სპაზმის რეალურისგან განსხვავება? რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ანი ბურდულმა პაციენტების, ინფექციონისტებისა და ფსიქოლოგების რჩევები შეაგროვა.

ჩვენი „მითები“ ერთი წლისაა. ჰოდა, სწორედ რომ დროა გითხრათ, თუ რა რუბრიკაა და რატომ ვაკეთებთ. ბარემ ამ წელსაც შევაჯამებთ - რომელი 3 ვიდეო იყო ყველაზე პოპულარული, რომელი - ნაკლებად პოპულარული და რომელია ავტორის საყვარელი სერია.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG