Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მეოთხე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 სექტემბერს


ორმხრივი შეტაკებები და დაღუპულები მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 29 სექტემბერსაც გაგრძელდა მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო.

გუშინ ათეულობით ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებიან კონფლიქტის ორივე მხარეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა დაშქესანის რეგიონს აზერბაიჯანში. ამ ინფორმაციას სრულიად „ყალბი“ უწოდა ერევანმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მარნეულში თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს და ჯეიჰუნ მუჰამედალის

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" წევრები. გარდა ამისა, ფიზკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორებს ''მთავარი არხიდან" და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

მედიის წარმადგენლების გარდა თავს დაესხნენ პლატფორმა „2020"-ის წევრს, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორს გიორგი მუმლაძესაც. მან გვიან ღამით მისცა ჩვენება პოლიციის განყოფილებაში.

დაშავებულები წუხელ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წუხელვე დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე. როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.

სიახლეები დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და პოლიტიკური გამოხმაურებები წუხელ მომხდარ დაპირისპირებაზე, წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების დემოკრატიული საზომი

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ბრიუსელში თავის პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში ისევ შეახსენებენ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობას.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში არაერთხელ განახლებული სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, ექსპერტების ერთი ნაწილი ალიანსში საქართველოს უფრო სწრაფად გაწევრიანების მოთხოვნის საფუძველსაც ხედავს. თუმცა გუშინ ბრიუსელში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არც ნატოს გენერალურ მდივანს უხსენებია და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რუსეთის ზეგავლენების გაზრდის საპირწონედ ნახსენები იყო მხოლოდ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია და ამ ჭრილში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით? შესაძლებელია თუ არა მეტი მოთხოვნა და მეტის მიღება? რა როლს ასრულებს დემოკრატია? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ახალი მონაცემები კორონავირუსის გავრცელების შესახებ

დღეს ცნობილი გახდება განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ. გუშინ ვირუსის გამოვლენილმა შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია. საერთო რაოდენობას კიდევ 314 პაციენტი მიემატა, აქედან 225 აჭარიდანაა.

ვირუსი დაუდასტურდა ბათუმის სათნოების სახლის 13 მობინადრესაც.

გუშინდელი მონაცემებით საქართველოში გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 36-ს მიაღწია. აქედან 17 ადამიანი სექტემბერში გარდაიცვალა. 29 სექტემბერს კი ოთხი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

წაიკითე განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

"სამართლიანმა არჩევნებმა" 3 კვირაში საარჩევნო კამპანიის დროს 60-ზე მეტი შესაძლო დარღვევა აღმოაჩინა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდში, 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 61 შესაძლო დარღვევა აღმოაჩინა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი დარღვევების არსებობა ხელს უშლის არჩევნებში ჩართულ პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს.

"მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს. ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოვლენილი დარღვევების ტიპები ნახე აქ.

ლუკა სახლში დაბრუნდება - სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა

14 წლის ლუკა ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვთა აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და რის გამოც მისი ადგილი არც ერთ დღის ცენტრში არ მოიძებნა, ამ დრომდე კი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რჩებოდა, სახლში დაბრუნდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაევალა ბავშვისთვის უზრუნველყოს შინ თერაპია. სანამ ქვეყანაში ლუკას დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური სარეაბილიტაციო სერვისი შეიქმნება, მოსამართლე დავით წერეთელმა სახელმწიფო დაავალდებულა ლუკას გამოუყოს თერაპიული კომპეტენციის მქონე 2 დამხმარე, დღეში 12 საათის განმავლობაში, ყოველდღე, უქმე დღეების და დასვენების დღეების ჩათვლით.

წაიკითხე მეტი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ბელარუსში პოლიტიკური დატვირთვა უკვე მინერალური წყლის ყიდვამაც კი შეიძინა. ახალი აპი საშუალებას აძლევს ბელორუსებს სკანირება გაუკეთონ პროდუქტის ბარკოდს და გაარკვიონ, აქვს თუ არა მის მწარმოებელ კომპანიას კავშირი ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან.

წაიკითხე მეტი აქ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG