Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ პარლამენტში შემსვლელებს ელის - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 თებერვალს


ეძებენ პარლამენტში შესვლის მსურველ 20 ოპოზიციონერს

„ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი, 4 – „ევროპელი სოციალისტები“ და 2 „მოქალაქეები“. ეს პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობაა, თუმცა 2 თებერვლის შემდეგ კარგი ღიაა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, კარიც მათთვის დატოვეს ღია.

ვის გულისხმობს მმართველი პარტია, ამას არ აზუსტებს. ამ 20 დეპუტატს ეძებდა გუშინ ყველა - თავად პარტიები და მედია.

ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლის ღია მზაობას გამოხატავს მხოლოდ იაგო ხვიჩიას „გირჩის“ სამი დეპუტატი. თუმცა მათ მიერ წამოყენებული პირობები ჯერ ისევ დაუკმაყოფილებელია.

3 თებერვალს მედიასთან პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისა და შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და მმართველი პარტიის განცხადებების ფონზე, რას ფიქრობენ ოპოზიციურ პარტიებში პარლამენტში შესვლაზე? - წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პროკურატურაში "კარტოგრაფების საქმეზე" დავით დარჩიაშვილი გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "კარტოგრაფების საქმისგან" გამოყოფილ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დავალებების მიმცემი მაღალჩინოსნების პოვნაა, გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი პარლამენტარი, დავით დარჩიაშვილი. ის პროკურატურამ მოწმის სახით დაიბარა გამოძიებაში და, როგორც დარჩიაშვილმა თქვა, გამოკითხვაზე შესვლამდე გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ აქვს მისი საპარლამენტო საქმიანობის დროს გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, კონკრეტულად კი, განცხადებაზე, რომელიც, მისივე განმარტებით, "ქართული დასის" დამფუძნებლის, ჯონდი ბაღათურიას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა ჟილეტით, რომელსაც ეწერა - BACK IN the USSR.

დღეს კი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა. გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, გუშინ გაკეთებული ტესტებიდან 4,3 %-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კი - 3,87 %. მისივე განმარტებით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ბოლო 14 და 7 დღის მონაცემები. შეზღუდვების შემსუბუქებისკენ ნაბიჯი კი მაშინ უნდა გადაიდგას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული ინფორმაცია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

მიუხედავად კლებისა, საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, რომ რესტორნებისა და კვების ობიექტების გახსნის დრო ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, კვების ობიექტების ნაწილი 6 თებერვალს აპირებს პროტესტის ნიშნად არ დაემორჩილოს მთავრობის გადაწყვეტილებას და მაინც გაიხსნას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იაპონიის ელჩი ანაკლიის პროექტზე - „იაპონიის მთავრობა განიხილავს სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს“

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა განიხილავს სამომავლოდ ანაკლიის პორტის ინვესტირების საკითხს.

იაპონიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველო ასრულებს დერეფნის როლს არა მარტო ენერგიის, არამედ საქონლის გადაზიდვის თვალსაზრისითაც, - თქვა ელჩმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - რა იმედი აქვს ანაკლიის პროექტის განხორციელების, როცა მასზე სერიოზული კითხვებია, იმამურა აკირამ განაცხადა:

იაპონიის მთავრობამ შეისწავლა ანაკლიის პორტის საკითხი და იყო ასეთი თვალსაზრისი, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საჭიროა გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინვესტიცია გადაზიდვების გასაუმჯობესებლად, თუ არა და, ანაკლიის პორტში ინვესტიციას ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირმა დაგმო ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯა

ევროკავშირი ოთხშაბათს გამოეხმაურა რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წელი და რვა თვე მიუსაჯა კრემლის კრიტიკოსს, რომელსაც ძველი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. ნავალნის ბრალად ედება პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა.

როგორც საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, ნავალნის ბრალად ედება გამოუცხადებლობა იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა მანამდე რუსეთში საბრძოლო ქიმიური იარაღით მოწამვლის შემდეგ.

ბორელი ასევე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ თავად ის პირობითი სასჯელიც დაგმო 2017 წელს, რომლის პირობების შეუსრულებლობასაც ედავებიან ნავალნის. ევროსასამართლოს მაშინდელი განჩინებით, ნავალნის ეს სასჯელი „თვითნებური და აშკარად არაგონივრული“ იყო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რუსული ნემსი - Sputnik V-ის პერსპექტივა მსოფლიოსა და საქართველოში

COVID19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შემქმნელი მეცნიერები, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შუალედური დასკვნის თანახმად, ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა. გამოკვლევის დოკუმენტი 32 მეცნიერის ავტორობით, 2 თებერვალს, ერთ-ერთ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 7 სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, გამოკვლევაში ჩართული 18-დან 60 წლის 21 977 მოხალისეთა შორის, ვაქცინამ 91%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა. 60 წელს ზევით 2144 მოხალისეებში კი ვაქცინის 91,8%-იანი ეფექტიანობა დაფიქსირდა. კვლევები ჩატარდა მოსკოვის 25 საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში.

მეცნიერები იტყობინებიან, რომ ვაქცინა სრულად იცავს ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმებისგან. მათივე მტკიცებით, ვაქცინირებულ პაციენტებს 1,3-1,5-ჯერ უფრო მეტი ანტისხეული გამოუმუშავდათ, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

რომელი ქვეყნები აპირებენ რუსული ვაქცინის შესყიდვას და რას აცხადებს ამ საკითხზე საქართველო? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

რუსეთის პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოქცევის შესახებ ვიდეოჩანაწერები მთელ მსოფლოს მოედო, მაგრამ კრემლის მომხრე მედიას პოლიცია გამოჰყავს წესრიგის კეთილ დამცველად, რომელიც ხალხს ჩაის და პირბადეებს სთავაზობდა. ერთი მედიასაშუალება ციმბირში, კრასნოიარსკში, მომხდარზე წერდა, ვითომ დემონსტრანტებს პოლიციამ „შესთავაზა“ „დაკავებულებისთვის გამზადებულ ავტობუსში გამთბარიყვნენ“.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG