Accessibility links

რა გადაარჩენს ლარს?


საქართველოს ეროვნულ ვალუტას მორიგი მძიმე დღეები უდგას. ერთი თვის წინ დაწყებული ვარდნა დღემდე გრძელდება და ლარის კურსიც დოლართან შეფარდებით ჯიუტად უახლოვდება 3.0 ნიშნულს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ივლისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი 1$ - 2.9010 ₾ ეკონომიკის ექსპერტებს ოპტიმიზმის საფუძველს არ უტოვებს. ვითარებას ამძიმებს მზარდი ინფლაცია: ფასები თვალშისაცემად გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე (9,6 %). ბოლო ერთი თვის განმავლობაში 15-20 თეთრით გაძვირდა ავტომობილის საწვავის ფასი.

რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ლარის კურსი?

ლარის გაცვლით კურსზე, ძირითადად, გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: 1. ეროვნული ბანკის პოლიტიკა; 2. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომიკურ მდგომარეობაში იგულისხმება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლარის გაუფასურების მიზეზად ასახელებენ ასევე რეალობასთან შეუსაბამო ისეთ მიზეზებსაც, როგორიცაა რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის საჯარო განცხადება ან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია.

„ძალიან ცუდია, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის რეალურ მიზეზებად ამას მიიჩნევენ. გადაბრალების ნაცვლად მთავრობა უნდა იყოს დაკავებული სავალუტო შემოდინებების ალტერნატიული გზების მოძიებით, რადგანაც თუ ერთი რომელიმე სფეროდან გვაკლდება სავალუტო შემოდინება, უნდა მოხდეს მისი დაბალანსება სხვა რომელიმე ახალი წყაროდან“, - ამბობს გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.

როგორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა?

საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ე.წ. საგარეო შოკია. იგულისხმება რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირება და აღნიშნულ შემცირებასთან დაკავშირებული მოლოდინი. სების გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ექნება, რაც, ბუნებრივია, აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, ლარის კურსზეც, თუმცა 24 ივლისს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არც ინფლაციის მაჩვენებელი და არც ლარის გაცვლითი კურსი არ იძლევა შეშფოთების საფუძველს.

ლარი ყოველთვის ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას: როცა უჭირს ეკონომიკას, ლარი უფასურდება. თუ ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, ლარიც შედარებით მყარდება. ამიტომ ლარის გაუფასურებისათვის ყურადღების არმიქცევა არ გამოვა...
გიორგი კეპულაძე

„დღეს არსებული გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს”, - ნათქვამია სების განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 4,3 % იყო და სების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია რეფინანსირების განაკვეთის (6.5 %) შეცვლა.

„თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას”, - ვკითხულობთ სების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი არ ცდილობს ლარის კურსის გამყარებას სავალუტო რეზერვების გაყიდვის ხარჯზე, რადგანაც სების ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „ადეკვატური რეზერვები ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას, რითაც ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როდესაც ქვეყანას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია. შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე გაცვლით კურსზე ზემოქმედება გაცილებით ძლიერი იქნებოდა“.

გვჭირდება თუ არა საერთოდ ლარი?

ეკონომისტ გია ჯანდიერის დაკვირვებით, ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკი უპასუხებს დოლარის შესყიდვით.

„აკი ახლახან გვიპატაკეს კიდეც, რომ სავალუტო რეზერვი 700 მლნ დოლარით გაიზარდა. ცხადად ჩანს, რომ რაღაც არასწორად ხდება ამ ქვეყანაში. შემთხვევით არ არის, რომ „ტივტივა კურსის“ ნაცვლად „მცურავ კურსს“ უწოდებენ. არსებულ რეალობას მცურავი უფრო შეესაბამება, მართლაც მიაცურებენ ლარს სადღაც საშინელებისკენ“, - ამბობს გია ჯანდიერი, რომლის თქმითაც, უკეთესი იქნება, თუკი საქართველო საერთოდ უარს იტყვის მონეტარული პოლიტიკის ფუნქციაზე.

„მონეტარული პოლიტიკის ეს ფუნქცია საერთოდ უნდა გაუქმდეს. უნდა გადავიდეთ ევროზე ან დოლარზე, ამით ერთხელ და სამუდამოდ განეიტრალდება მონეტარული რყევებით გამოწვეული რისკები“, - მიაჩნია გია ჯანდიერს.

სოსო ფხაკაძე
სოსო ფხაკაძე

ლარის გაუფასურება მტკივნეულია იმის გამოც, რომ საქართველო დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა (ასევე მაღალია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა), იმპორტზე დამოკიდებულება და ლარის გაუფასურება კი ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას. „ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემაც ბოლო დროს საწვავის გაძვირების მიზეზად ორი ძირითადი ფაქტორი დაასახელა: საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა და ლარის გაუფასურება.

"პროდუქციას აშშ-ის დოლარებში ვყიდულობთ და მისი გაყიდვა და შემოსავლის მიღება ლარებში ხდება. შემდეგი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება ლარების კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ეს ადეკვატურ ასახვას პოვებს შიდა ბაზარზე ფასების ზრდაში", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რას აკეთებს მთავრობა?

ლარი - საქართველოს ეკონომიკის ერთადერთი ინდიკატორი - რეალურად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას. გიორგი კეპულაძის თქმით, ლარის კურსი ერთგვარი თერმომეტრია საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ლარი ყოველთვის ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას: როცა უჭირს ეკონომიკას, ლარი უფასურდება. თუ ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, ლარიც შედარებით მყარდება. ამიტომ ლარის გაუფასურებისათვის ყურადღების არმიქცევა არ გამოვა, პრობლემების სხვისთვის გადაბრალება ვერ გამოასწორებს ვითარებას. მთავრობამ უნდა იმუშაოს და ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება მოახდინოს“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

საქართველოს მთავრობა არ აღიარებს, რომ ეროვნულ ეკონომიკას პრობლემები აქვს. მუდმივად საუბარია ეკონომიკის ზრდაზე. წელსაც, პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკა 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, თუმცა, როგორც ეკონომისტი გია ჯანდიერი ამბობს, რეალურად საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება.

„მთავრობა დიდი ხანია საუბრობს, რომ ზრდა გვაქვს, მაგრამ თუ ავიღებთ საქსტატის ინფორმაციას, ვნახავთ, რომ საქართველოს მშპ არ აღემატება 17 მლრდ დოლარს და, ფაქტობრივად, იმავე ნიშნულზეა, რაზეც იყო 6 წლის წინ. ამიტომ თავის მოტყუებაა

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი

ლაპარაკი 4 %-იან რეალურ ზრდაზე. სხვა ამბავია, რომ ეს 4 პროცენტიც არ არის საკმარისი ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. როგორ გინდა ამ 4 %-ით ინვესტორების მოზიდვა?“ - კითხულობს გია ჯანდიერი, რომლის თქმითაც, სუსტ და სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკას ემატება უამრავი პრობლემა როგორც რეგიონში, ასევე ქვეყნის შიგნით, ემატება უფსკრულისკენ მცურავი ეროვნული ვალუტა.

გია ჯანდიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე (რამაც, საერთო ჯამში, უნდა დაასტაბილუროს ლარის კურსი) დადებითად ასევე ვერ აისახება ბიზნესის წინააღმდეგ გადადგმული ისეთი მკვეთრი ნაბიჯები, როგორიცაა თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებისათვის ბრალის წაყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG