Accessibility links

რა გამოიკვეთა ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითად მიზეზად


საბავშვო სათამაშოები

ბოლო მონაცემებით, ტყვიის შემცველობამ იკლო იმ ბავშვებში, რომლებსაც, 2018 წელს ჩატარებული კვლევით, სისხლში  სახიფათო მეტალი აღმოაჩნდათ.

მაშინ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 2-7 წლის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალი აქვს, რაც დასაშვებ ზღვარს სცდება. ამ მონაცემების მიღების შემდეგ ჩატარებულმა საგანმანათლებლო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და განმეორებითმა კვლევამ ტენდენცია კლებისკენ გამოავლინა, ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე:

„განსაკუთრებული მატება სადაც გვქონდა, ასეთი 16 ოჯახი იყო. იქ შევიდნენ სპეციალისტები და ექიმები, შეისწავლეს ყველა ბავშვი, ოჯახის წევრები, გარემო, სადაც ცხოვრობდნენ. ხელმეორედ 2019 წელს ამერიკიდან სპეციალური აპარატურით ჩამოსულმა დაქირავებულმა ჯგუფმა შეისწავლა ეს 16 ოჯახი და, ასევე, საკონტროლო 25 ოჯახი. სწორედ მაშინ პირველად გაჟღერდა, რომ ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული სუნელები და ეს უკვე ბევრი კვლევით მტკიცდება“.

საკვებში გამოსაყენებელი სუნელების გარდა, გამოკვლეულ ოჯახებში ტყვიის შემცველობის სხვადასხვა საგანი აღმოაჩინეს და რეკომენდაციები მისცეს, ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„მაგალითად, იყო შემთხვევები, მონადირეების ოჯახებში ბავშვის საწოლთან თოფები ეკიდა და ტყვიები იყო იქვე. ასევე ტყვიის კაკლის სატეხები ნახეს. გაისინჯა საღებავები, რითაც კედლები იყო შეღებილი. ამ ყველაფერზე სპეციალური პროტოკოლით აძლევდნენ დარიგებას. ამ დარიგებამ და ხშირმა საუბარმა, რომ ტყვია პრობლემაა და მას უნდა მოვერიდოთ, იმუშავა“.

ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ე.წ. რადიოზოტოპიური კვლევების შედეგებიც გამოქვეყნდა. ჩამოთვლლილია რამდენიმე წყარო, რომელიც შესაძლებელია იყოს სისხლში ტყვიის არსებობის მიზეზი:

„არ არის გამოკვეთილი, რომ მიზეზი მხოლოდ სუნელებია. იქ ლაპარაკია, რომ 2005 წლამდე, როდესაც ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ტყვიის შემცველი ეთილირებული ბენზინი, ამის ნარჩენები აღმოჩნდა, რადგან დიდხანს რჩება ნიადაგში და მისი აქროლვის შემდეგ შესაძლოა ეს იყოს პრობლემა. ასევე იქ, სადაც შახტებთან ახლოს ცხოვრობენ ადამიანები. არის აგრეთვე მრავალი ასეთი ფაქტორი. ძალიან სერიოზული კორელაცია აღმოჩნდა რკინადეფიციტურ ანემიასა და ტყვიის მატებას შორის - სადაც მაღალია ტყვია, იქ ანემია უფრო ადვილად ვითარდება ორსულებსა და ბავშვებში“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

აჭარაში მცხოვრებ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 85 %-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვთ. ზოგადად კი, დასავლეთ საქართველოში (გურია-იმერეთი) ასეთი დონე უფრო ხშირია, ვიდრე აღმოსავლეთში. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბევრი ვერსია გამოითქვა, თუ რატომაა უფრო მაღალი მაჩვენებელი აჭარაში - მათ შორის, ხომ არ იყო ეს დაკავშირებული სახლების შეღებვასთან გემბანის საღებავებით, რომელშიც ტყვიის შემცველობაც მაღალია და მას აქტიურადაც გამოიყენებდნენ. თუმცა, მისივე თქმით, პირდაპირი კავშირი მაინც ფალსიფიცირებულ სუნელებსა და საბავშვო დაბალფასიან სათამაშოებთან დგინდება:

„მალე შემოვა რეგულაცია, რომლითაც არ იქნება დასაშვები ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული სათამაშოები და, ასევე, რემონტის დროს გამოსაყენებელი საღებავები შეძენისას. სერტიფიცირებული იქნება, რომელიც ტყვიას არ შეიცავს. ანუ მთავარი პრევენციაა, იმიტომ რომ მაღალი დონის შემცველობის შემთხვევა, რომელიც მწვავე მოწამვლას იწვევს, არ გვინახავს. გვაქვს ქრონიკული შეხება ტყვიის წყაროებთან, რომელიც ქრონიკულ მოწამვლას იწვევს და ამას უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად. მთავარი მაინც ადამიანებში შესაბამისი ცოდნის არსებობაა“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცოდნა კი იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ რომელი საგნებია ტყვიის შემცველი და უკვე დადგენილ წყაროებს მოერიდონ - მაგალითად, ფალსიფიცირებული სუნელებისა და უხარისხო საბავშვო სათამაშოების გამოყენებას.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ შემუშავებულია ეროვნული რეაგირების გეგმა, რომლის მიხედვით, 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის მიხედვით, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავენ. წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ატომურ- აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში - სისხლში, წყალში, საკვებში და სხვა - ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსაზღვრისთვის. ერთი აპარატი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კვლევების ჩასატარებლად გადაეცა. ლაბორატორიული მოწყობილობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ფონდმა შეიძინა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ამბობს, რომ სპეციალური საკვლევი აპარატი სამინისტროს საველე პირობებში კვლევევბის ჩატარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში, რადგან ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, ქალაქ ბათუმში:

ნინო ნიჟარაძე
ნინო ნიჟარაძე

„მოლოდინი გვქონდა, რომ უფრო მეტი იქნებოდა ქალაქის ტერიტორიაზე, თუმცა არ არის ასე. ძირითადად გავრცელებულია მუნიციპალიტეტებში და სოფლებში - ყველგან, მათ შორის ქობულეთში. თუმცა გარემოს შეფასება და წყაროს ძებნა ძალიან რთული საკითხია, მაგრამ დაწყებულია კვლევა და მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ასაკის ბავშვების კვლევა კვლავ მიმდინარეობს, ვისაც რაღაც სამედიცინო ჩვენება აქვს. ამის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ოჯახებში გარემოს შეფასება და პრაქტიკულად ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ აღმოვაჩინოთ წყარო, რომ მის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ“, - ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

​აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებით, მსოფლიოში 540 000 ადამიანის სიკვდილი ტყვიით ინტოქსიკაციით არის გამოწვეული. ტყვიამ, შესაძლოა, შეაფერხოს ბავშვის ტვინის განვითარება, დააქვეითოს ინტელექტის კოეფიციენტი, გამოიწვიოს ანტისოციალური ქცევა; შესაძლოა, ბავშვს გაუჭირდეს სწავლა.

სისხლში ტყვიის შემცველობა ორგანიზმს მიდრეკილს ხდის ისეთი დაავადებებისადმი, როგორიცაა ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG