Accessibility links

რა გველის: კარგი, ცუდი თუ უფრო ცუდი ეკონომიკური მომავალი


PMC კვლევითი ცენტრი ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც გათამაშებულია 3 - ოპტიმისტური, ნაკლებად პესიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარები საქართველოს ეკონომიკისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. კარგ შემთხვევაში, ანუ ოპტიმისტური სცენარში ეკონომიკური აქტივობები სრულიად შეჩერებულია 2,5 თვის განმავლობაში, ცუდ შემთხვევაში, ანუ ძალიან პესიმისტურ სცენარში კი - 6 თვით. პირველ შემთხვევაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს 4,3%-ით შემცირდება, მეორე შემთხვევაში - 12,9 პროცენტით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის დონე რეკორდულ მასშტაბს აღწევს და ზუსტად იმის გათვლა, როგორი იქნება საბოლოო ეკონომიკური ზარალი ან როდის დასრულდება დაღმასვლა, შეუძლებელია. ამიტომაც იქმნება გათვლები სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

2020 წელს საქართველოში რეალური მშპ-ის 4%-იან შემცირებას ვარაუდობს მსოფლიო სავალუტო ფონდი - ეს რეგიონში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. პროგნოზი გაკეთებულია ტურიზმისა და ფულადი გზავნილების სფეროში შემოსავლების მკვეთრი კლებით - ეს ორი სფერო საქარღველოს ეკონომიკაში მაღალ წილს იკავებს და 2019 წელს მშპ-ს 28,2%-ს შეადგენდა. 2020 წლის მარტის მონაცემები, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, უკვე იძლევა პროგნოზის საფუძველს: ტურისტების რაოდენობა შემცირებულია 56,1 %-ით, ფულადი გზავნილების - 9%-ით. მომდევნო თვეებში ტურისტები და ფულადი გზავნილები კიდევ უფრო შემცირდება.

საქართველოს ღია ეკონომიკა მოწყვლადია საგარეო ვაჭრობის შოკების მიმართაც. 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, ხოლო 2020 წლის თებერვალთან შედარებით, 5.8%-ით. დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ასევე მცირდება სამომხმარებლო მოთხოვნა, რისი კიდევ უფრო გაღრმავებაც არის ნავარაუდევი უმუშევრობის მოსალოდნელი ზრდისა და ხელფასებისა და გზავნილების შემცირების შედეგად.

მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი უმუშევართა რაოდენობას გაზრდის და კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საკმაოდ დიდ თვითდასაქმებული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც, 2019 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის 44%-ს შეადგენენ. PMC კვლევითი ცენტრის პროგნოზების მიხედვით, კარგ შემთხვევაში უმუშევრობის დონე 14,1%-მდე გაიზრდება, ძალიან ცუდ შემთხვევაში კი - 22,7%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიმისტური გათვლებით, სამსახურს დაკარგავს ამჟამად დასაქმებულთა 6,3%, ძალიან პესიმისტური გათვლებით კი - 14,4%. რაც შეეხება ყველაზე მოწყვლად სექტორებს, ყველაზე მეტად დაზარალდება შემდეგი სექტორები:

  • ხელოვნება, გართობა და დასვენება;
  • განთავსება და საკვების მიწოდება;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
  • მომსახურების სფერო.

კრიზისს შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს და ნაკლებად დაზარალდება შემდეგი სფეროები:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
  • სახელმწიფო მმართველობა;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა.

PMC კვლევითი ცენტრის გათვლებით, ეკონომიკა შეზღუდვების არსებობისას ყოველ მომდევნო კვირაში უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე წინა კვირაში. შესაბამისად, შეზღუდვების გახანგრძლივება არა მარტო ჯამური დანაკარგის, არამედ ყოველი მომდევნო კვირის დანაკარგის ზრდასაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეკონომიკური შეზღუდვები, მით უფრო დიდი იქნება ზიანი, შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმა და ეტაპებს შორის ინტერვალები კავშირში უნდა იყოს ვირუსის გავრცელების რისკის შეფასებასთან და უნდა განხორციელდეს ისე, რომ ეკონომიკის ამოქმედებას პანდემიის განმეორებითი ტალღის წარმოშობა არ მოჰყვეს. ამ მხრივ, PMC კვლევითი ცენტრი თვლის, რომ საქართველომ ევროპული ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს.

PMC კვლევითი ცენტრის სიმულაციამდე არსებობდა სხვა მსგავსი გათვლებიც. აპრილის დასაწყისში საინვესტიციო კომპანია “გალტ ენდ თარგეტის” მიერ მომზადებული მსგავსი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ოპტიმისტურ სცენარში ეკონომიკა 2,7 %-ით მცირდებოდა, პესიმისტურში - 6%-ით. ყველაზე მოწყვლად სფეროდ ამ დოკუმენტში ტურიზმის სფეროა დასახელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG