Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გველოდება არჩევნების შემდეგ?


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

არჩევნების ორი ტური უკვე ჩატარდა და ქვეყნის ბოლო არჩევითი პრეზიდენტის ვინაობაც ცნობილია. სალომე ზურაბიშვილი მალე პრეზიდენტის ფიცს დადებს, თუმცა არჩევნების პროცედურები ჯერ კიდევ გრძელდება.

როდის გაიმართება ინაუგურაცია

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს იმართება. ვინაიდან მეორე ტური კვირა დღის ნაცვლად ოთხშაბათს გაიმართა, გადაანგარიშება სხვაგვარად მოხდება: სამი კვირის ათვლა დაიწყება 2 დეკემბერს, რომელიც პირველი კვირა დღეა არჩევნების შემდეგ. ამის მერე კი დღეები ისე გადაითვლება, როგორც კონსტიტუციაში წერია. ასე რომ, მეხუთე პრეზიდენტი ფიცს 16 დეკემბერს დადებს.

ზურაბიშვილი აპირებს ორბელიანების სასახლეში განათავსოს საკუთარი რეზიდენცია. ამას ის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აღნიშნავდა. 29 ნოემბერს კი განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლე უფრო ევროპული სტილისაა, ვიდრე ავლაბრის.

"როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ წინაპრებით და ამიტომ ორბელიანის სასახლე ძალიან მისაღებია ჩემთვის დ, მე გონი, თუ შევხედავთ ამ სასახლეს, აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა ორბელიანის, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა - რაღაც სხვა რამეებს მაგონებს ის მასშტაბური შენობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკვე ცნობილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიც. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 9 800 000 ლარი იქნება. ადმინისტრაციაში 140 ადამიანი იმუშავებს 4 692 000 ლარიანი სახელფასო ფონდით. ისევე როგორც გასულ წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა სასახლეს, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეზიდენცია იყო.

ჩანაფიქრის მიხედვით, ორბელიანების სასახლე ჯერ კიდევ მე-4 პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, უნდა დაეკავებინა, თუმცა ბოლო მომენტში მან ავლაბრის რეზიდენცია არჩია. ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე რეაბილიტირებულია. ის 26 მილიონი ლარი დაჯდა.

რა დარჩა გასაკეთებელი ცესკოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა ხმებს ითვლის. პროცედურების ჩამონათვალი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას წინ აქვს, საკმაოდ ვრცელია. ის უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 16 თებერვლისა, როცა ცესკო ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს.

არჩევნების საბოლოო შედეგები მაქსიმუმ 18 დეკემბერს შეჯამდება და მეორე დღეს გამოქვეყნდება, მანამდე კი საოლქო საარჩევნო კომისიები შედეგებს შეაჯამებენ და ოქმებს ცესკოს გადასცემენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG