Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ ამერიკის ცაზე - რა ვიცით მათზე?


ამოუცნობი მფრინავი ობიექტი პენტაგონის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ კადრებში
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი პენტაგონის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ კადრებში

თებერვლის პირველ ნახევარში შეერთებული შტატების მთავრობამ ჩრდილოეთ ამერიკის ცაზე მფრინავი ოთხი ობიექტი ჩამოაგდო. პენტაგონის თანახმად, პირველი მათგანი ჩინური საჰაერო მზვერავი ბურთი იყო, დანარჩენი სამი ობიექტი კი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ… ამოუცნობია.

იმდენად ამოუცნობი, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გენერალმა ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს - ვერც „უცხოპლანეტელებს“ ან რაიმე სხვა განმარტებას გამორიცხავს. რა ვიცით სინამდვილეში ჩამოგდებულ ობიექტებზე?

სამი გაურკვეველი მფრინავი ობიექტი

2023 წლის 4 თებერვალს აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო გამანადგურებელი F-22-ის გამოყენებით ჩამოაგდეს ჩინეთის გიგანტური უპილოტო საჰაერო ბურთი, რომელიც 28 იანვრიდან იმყოფებოდა ამერიკის ცაში.

ჩინეთის მტკიცებით, საჰაერო ბურთი „ამინდის კვლევებს“ აწარმოებდა და შემთხვევით მოხვდა ამერიკის ცაზე, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ მას სინამდვილეში სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის იყენებდნენ.

ჩინეთის „საჰაერო ბურთის“ ჩამოგდება. 4 თებერვალი
ჩინეთის „საჰაერო ბურთის“ ჩამოგდება. 4 თებერვალი

ამის შემდეგ 9 დღის განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს კიდევ სამი უპილოტო მფრინავი ობიექტი, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის თავზე, სხვადასხვა სიმაღლეზე მოძრაობდნენ.

  • პარასკევს, 10 თებერვალს, ალასკის ჩრდილოეთში ამერიკულმა F-22-მა ჩამოაგდო მორიგი ობიექტი, რომელიც „პატარა მანქანის“ (ახსენეს ფოლკსვაგენის "ხოჭოს" ფორმაც) ზომის იყო. მისი წარმომავლობა თუ სხვა დეტალები უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ობიექტი „ცილინდრული ფორმის“ იყო და ამძრავი და მაკონტროლებელი სისტემის გარეშე ფუნქციონირებდა.
  • შაბათს, 11 თებერვალს, კანადისა და ამერიკის საერთო ბრძანებით, F-22-მა ჩამოაგდო მორიგი ობიექტი - ამჯერად კანადის თავზე, იუკონის ტერიტორიაზე, - ამერიკის საზღვრიდან დაახლოებით 160 კმ-ში. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თანახმად, ეს უკანასკნელი ობიექტი „მცირე, ცილინდრის ფორმისა“ იყო;
  • კვირას, 12 თებერვალს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, მიჩიგანში, ჰურონის ტბის თავზე მოძრავი მორიგი ობიექტი ჩამოაგდეს - ამჯერად რვაკუთხედის ფორმისა. საქმეში ამჯერად გამანადგურებელი F-16 ჩაერთო. აშშ-ის თანახმად, მართალია, სამხედრო საფრთხეს არ ქმნიდა, თუმცა საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო ავიაციას, ვინაიდან დაახლოებით 6000 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა.

რა გაირკვა ამ დროისთვის?

აშშ-ის მთავრობის ცნობით, ჩამოგდების ადგილები ისე შეარჩიეს, რომ ხმელეთზე თავიდან აიცილეს ადამიანებისთვის ზიანის მიყენება. პირველი ობიექტის ნაწილები უკვე ამოღებულია. ამჟამად მიმდინარეობს სხვა ობიექტების მოპოვების სამუშაოები.

ალასკაში ჩამოგდებული ობიექტის მოძებნა-მოპოვებას უამინდობა და თოვლი უშლის ხელს; იუკონთან ჩამოგდებულ ობიექტს კანადელები და ამერიკელები ერთად ეძებენ. რაც შეეხება ჰურონის ტბის ინციდენტს - ამერიკელი სამხედროები, რომლებიც სპეციალური საყვინთი აღჭურვილობით იქნებიან შეიარაღებული, მალე გაემართებიან ობიექტისაკენ. დამატებითი ინფორმაცია თანდათანობით გახდება ცნობილი.

ჩინეთი, - რომელმაც პირველი ობიექტის, „საჰაერო ბურთის“ ჩამოგდებაზე პროტესტი გამოხატა, - აცხადებს, რომ ბოლო სამ ობიექტზე არანაირი ინფორმაცია არა აქვს, და თავის მხრივ შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს ჩინეთის ცაზე მზვერავი „საჰაერო ბურთების“ გაშვებაში.

შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩარლზ შუმერმა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციამ იუკონის ინციდენტის შემდეგ, ჰურონის ინციდენტამდე, გარკვეული დეტალები გაანდო, განაცხადა, რომ მეორე-მესამე ობიექტები, სავარაუდოდ, ბურთები იყო, „გაცილებით პატარები პირველ ბურთზე“ და ორივე მათგანი დაახლოებით 12 200 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდებოდა.

თუმცა მათი ფორმის შესახებ განსხვავებული ცნობებიც მოიპოვება. „[როდესაც] ჩვენ მათ ვუწოდებთ „ობიექტებს“ და არა „ბურთებს“, ამას თავისი მიზეზი აქვს“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალმა გლენ ვანჰერკმა, რომელიც ამავე დროს აეროკოსმოსური თავდაცვის სარდლობის მეთაურია.

„ვერაფერს გამოვრიცხავთ“

გენერალმა გლენ ვანჰერკმა, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობს, 12 თებერვალსვე განაცხადა, რომ პენტაგონისთვის ჯერჯერობით უცნობია არათუ ის, თუ როგორ ახერხებდნენ ობიექტები ჰაერში გაჩერებასა და გადაადგილებას, არამედ მათი წარმომავლობაც.

მან არ გამორიცხა არც „უცხოპლანეტელების“ საკითხი. სიზუსტისათვის, თვალი გადავავლოთ „როიტერსის“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ჟურნალისტისა და გენერალ ვანჰერკის კითხვა-პასუხი ისმის:

ჟურნალისტი: „რადგან თქვენ ჯერაც ვერ გვეუბნებით, თუ რა არის ის ობიექტები, რაც ჩამოვაგდეთ, იბადება კითხვა: გამორიცხავთ უცხოპლანეტელებს ან არამიწიერ არსებებს? და თუ გამორიცხავთ, რატომ? [ამ კითხვას გისვამთ, რადგან] ყველა ამას გვეკითხება…
გენერალი გლენ ვანჰერკი: გმადლობთ ამ შეკითხვისთვის… მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დავუთმობ უშიშროებასა და კონტრდაზვერვას. მე ამ დროისთვის არაფერს გამოვრიცხავ. ვაგრძელებთ ყოველი საფრთხის, პოტენციური, უცნობი საფრთხის შეფასებას, რაც უახლოვდება ჩრდილოეთ ამერიკას, და ვცდილობთ მის იდენტიფიცირებას“.

ამ კომენტარმა დროებითი ალიაქოთი გამოიწვია ამერიკული საზოგადოების ნაწილში, - მათ შორის სოციალურ ქსელებში, მაგალითად, „რედიტზე“, რომლის მომხმარებლებსაც ძალიან უყვართ შეთქმულების თეორიები.

Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმაც არ დააყოვნა და ტვიტერზე ხუმრობით დაწერა, ნუ ღელავთ, ჩემმა უცხოპლანეტელმა მეგობრებმა ჩამომაკითხესო [თვითონ მასკი შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია - ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული კონსპირაციის თანახმად, ილონ მასკი უცხოპლანეტელი რეპტილიაა, რომელიც მშობლიურ პლანეტა მარსზე დაბრუნებას ცდილობს].

უფრო რეალისტურად:

ერთი შეხედვით, საკითხმა, რაც წლების განმავლობაში ანტიმეცნიერულად მიიჩნეოდა, საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის დღის წესრიგში შემოაღწია. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

„როიტერსის“ ცნობით, პენტაგონის წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა, - რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, - მათ განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს არ უნახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ობიექტები „არამიწიერია“.

მოგვიანებით, 13 თებერვალს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ ობიექტებთან დაკავშირებით „არ არსებობს არანაირი ... მინიშნება უცხოპლანეტელების ან არაამქვეყნიური აქტივობის შესახებ“.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ პენტაგონელი მაღალჩინოსანი, რომელიც მათ ანონიმურობის გარანტიით გაესაუბრა, აცხადებს, რომ ჩინური საჰაერო ბურთის გამოჩენისა და ჩამოგდების შემდეგ, ანალიტიკოსებმა შეცვალეს რადარებიდან და სენსორებიდან ინფორმაციის მიღებისა და ინტერპრეტაციის გზები - და ახლა უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ.

„მარტივად რომ ვთქვათ, [საძიებო] ფილტრები დავამატეთ“, - განაცხადა მან. ამავე დროს, არ გამორიცხა, რომ ეს ყველაფერი იყოს „მტრის მიზანმიმართული მოქმედების“ შედეგები.

„გარდიანიც“ წერს, რომ ანალიტიკოსების თანახმად, ამერიკული და კანადური უშიშროების სამსახურები გამუდმებით იღებენ დაუმუშავებელ ინფორმაციას, თუმცა ძირითადად ფოკუსირდებოდნენ მაღალი სიჩქარით მოძრავ ობიექტებზე, - როგორიცაა რაკეტები, - რის გამოც ნელა მოძრავი ობიექტები ყურადღების მიღმა რჩებოდა.

„ახლა, რა თქმა უნდა, ვეძებთ მათ. ვფიქრობ, უფრო მეტ რამეს ვპოულობთ“, - განუცხადა NBC-ს ჯიმ ჰაიმსმა, წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა. შესაბამისად, სწორედ მეთოდოლოგიაში ეს ცვლილება შეიძლება იყოს პასუხი იმაზე, თუ რატომ აღმოაჩინეს ამ მოკლე პერიოდში ამდენი ობიექტი.

ანგარიში UFO-ებზე

CNN-ის ანალიტიკოსი ეროვნული უშიშროების საკითხებში, პიტერ ბერგენი წერს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, საკითხში გასარკვევად, ამერიკის ეროვნული უშიშროების დირექტორის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშს უნდა გადავავლოთ თვალი.

ანგარიშს, რომლის 12-გვერდიანი, არასაიდუმლო ვერსიაც 12 იანვარს გამოქვეყნდა, ჰქვია „2022: ყოველწლიური ანგარიში ამოუცნობი საჰაერო ფენომენის შესახებ“. ამერიკის მთავრობა ტერმინი „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ (UFO) ნაცვლად, ბოლო წლებში იყენებს ტერმინს - „ამოუცნობი საჰაერო ფენომენი“ (UAP).

ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ასეთი იყო: ამოუცნობი საჰაერო ფენომენის დაფიქსირების შემთხვევები 2021 წლის მარტიდან 2022 წლის აგვისტომდე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, დაფიქსირდა 247 შემთხვევა და, ძირითადად, ამ ფენომენს აშშ-ის საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების პილოტები და პერსონალი გადააწყდებოდა ხოლმე. ეს იმ ფონზე, რომ 2004-21 წლებში, ანუ 17 წლის განმავლობაში, მსგავსი ფაქტების რაოდენობა სულ 144 იყო.

პენტაგონი
პენტაგონი

ანგარიშის თანახმად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პენტაგონის ბოლო წლების პოლიტიკის ფონზე, - ისინი პერსონალს მოუწოდებენ, ნებისმიერი „ანომალია“ დააფიქსირონ, - „ნაკლებად სტიგმატიზებულია“ ამოუცნობი საჰაერო ფენომენის შესწრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

აღნიშნული 247-დან, ეროვნული უშიშროების დირექტორის თანახმად, 171 შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ობიექტების სახელდება და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამასთან, მათგან რამდენიმე ობიექტი ხასიათდებოდა „უჩვეულო საფრენი თვისებებით ან მუშაობის შესაძლებლობებით“.

ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ ეს შემთხვევები ფიქსირდება ისეთ საჰაერო სივრცეში, სადაც შესვლა აკრძალულია და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს უკავშირდება „მოწინააღმდეგის [მიერ ინფორმაციის] შეგროვების აქტივობებს“.

ამავე სამსახურის 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება არაამქვეყნიური სიცოცხლის არსებობის დასადასტურებლად.

ამით, CNN-ის ანალიტიკოსის თანახმად, ავტორები მიანიშნებენ, რომ ეს ობიექტები შესაძლოა მესამე ქვეყნების მიერ ჯაშუშობის/თვალთვალისთვის გამოიყენებოდეს.

მედიის თანახმად, ბოლო ინციდენტების შემდეგ, კონგრესის წევრების ნაწილი, - როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, - მოუწოდებენ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, გამოიჩინონ უფრო მეტი გამჭვირვალობა და ნათელი მოჰფინონ ბოლო პერიოდის მოვლენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG