Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმე

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

18 თებერვალს, დილის 10:30-ზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. ეს მომენტი გამვლელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

კადრში ჩანს, რომ ნიღბიანი პოლიციელები, სპეციალური სამოსით, გოჩა კილაძეს, ბორკილებდადებულ დასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

„დაურეკე ვალერი გელბახიანს, ვალერი გელბახიანს დაურეკე!“, - ისმის ელისო კილაძის შეძახილი.

ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავების კადრები
please wait
ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავების კადრები

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

ვალერი გელბახიანი ელისო კილაძის ადვოკატია, ის და დაკავებულის ძმა ჟურნალისტის სახლის ჩხეკას დაესწრნენ. გამომძიებლები და სპეციალურ სამოსში გამოწყობილი პოლიციელები და გამომძიებლები ჩხრეკას ექვს საათში ასრულებენ და ტატიშვილის ქუჩას ტოვებენ.

ადვოკატი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ გამომძიებლებმა სახლიდან კომპიუტერები, ტელეფონები და ყველა სახის ინფორმაციის მატარებლები დალუქეს და წაიღეს.

ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლის ჩხრეკა 6 საათი გაგრძელდა.
please wait
ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლის ჩხრეკა 6 საათი გაგრძელდა.

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

რა ხდება?

ელისო კილაძის დაკავებიდან, ერთ საათში პროკურატურაში გამართულ ბრიგინგზე, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ „ქოლცენტრების“ მორიგი დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი ადამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

ეს ათი ადამიანია:

  1. ელისო კილაძე
  2. ოთარ ფარცხალაძე
  3. გიორგი მიქაძე
  4. დავით მიქაძე
  5. ირაკლი სეხნიაშვილი
  6. მიხეილ ჩოხელი
  7. ბენ ანორი
  8. თორნიკე ჯანელიძე
  9. გიორგი კამლაძე
  10. გივი ჯიბლაძე


დანაშაულებრივ „ქოლცენტრში“ გულისხმობენ კარგად ორგანიზებულ თაღლითურ სისტემას. სპეციალურად მომზადებული ოპერატორები, ძირითადად ახალგაზრდები, პოტენციურ მსხვერპლებს მოტყურებით ფულს სძალავენ. ასეთი ცენტრები ხშირად ინიღბებიან საბროკერო ან IT კომპანიების სტატუსით, თუმცა მათი ერთადერთი მიზანია, დაარწმუნონ ადამიანები (როგორც წესი, უცხო ქვეყნის ხანდაზმული მოქალაქეები) თავიანთი ფინანსური დანაზოგი კრიპტოვალუტაში ან „სარფიან“ აქციებში დააბანდონ. ასეთი გზით მოპარული ფული ოფშორულ ანგარიშებსა და ციფრულ საფულეებში „იკარგება“.

ვინ ვინ არის?

ელისო კილაძე

მეზობელმა გადაიღო ელისო კილაძის დაკავების ამსახველი ფოტო
მეზობელმა გადაიღო ელისო კილაძის დაკავების ამსახველი ფოტო

ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორია. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული სკანდალური თუ ექსკლუზიური ცნობები, რომელთა გადამოწმება უმეტესად რთული ან შეუძლებელი იყო, ჟურნალისტის ფარული წყაროების ცნობებს ეყრდნობოდა. „სახელმწიფო სტრუქტურებში ჩიტები მყავს“, - ამბობდა ელისო კილაძე.

ბოლო დროს აშუქებდა კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს და სასამართლო პროცესებს. აცხადებდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებულის, დავით მიქაძის მეგობარია.

ძმები დავით და გიორგი მიქაძეები

ბიზნესმენები დავით და გიორგი მიქაძეები, ყოფილ გენპროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის არიან დაკავებულები.

დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე საქართველოში არ არიან, მათ ახალი ბრალი „ქოლცენტრების“ საქმეზე დაუსწრებლად წარუდგინეს.

დავით მიქაძეს კიდევ ორი ბრალდება აქვს წარდგენილი - ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძეზე მუქარისა და 2021 წელს თავის დაცვის უფროსთან, დავით ჩუბინიძესთან ერთად ცეცხლსასროლ იარაღების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეებზე. დავით ჩუბინიძე დაკავებულია, დავით მიქაძე ბრალდებებს არ აღიარებს და „ამ ვითარებაში [საქართველოში] ჩამოსვლას არ აპირებს“.

ბიზნესმენი ძმები არაერთი კომპანიის წილს ფლობენ. გიორგი მიქაძე სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია თბილისში ხუთ რესტორანს ფლობს. გიორგი მიქაძისაა კომპანია სეგურო-ს 34%-იანი წილი, რომელიც სასურსათო პროდუქტები შემოაქვს და ყიდის. . მისია კომპანიები "ბეთანია 2008" და "სიღნაღი 2008", ფლობს 33%-იან წილს კომპანია გრიფი-ში.

დავით მიქაძე ცხრა კომპანიის მეწილე და ორი კომპანიის დირექტორია. მათ შორისაა მაიფონი, რომელიც კომპანიებს VOIP სატელეფონო სერვისებს აწვდის. VOIP ტექნოლოგია ინტერნეტით სატელეფონო ზარების მიღებისა და გაგზავნის სერვისია, მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ყიდის სატელეფონო კომუნიკაიიც მოწყობილობებს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიონი ლარი იყო.

ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები.
ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები.

ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ძმებ მიქაძეებთან ერთადაა ბრალდებული ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში. ის რუსეთშია და პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. იგივე მოხდება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეც.

ოთარ ფარცხალაძე ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როცა 37 წლისა საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა — მხოლოდ 39 დღით (21 ნოემბერი – 30 დეკემბერი).

პოსტიდან გადადგა გახმაურებული სკანდალების ფონზე: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი განათლება და დიპლომი; „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ 2001 წელს ის გერმანიაში „ბოტასების ქურდობისთვის“ გაასამართლეს. მისი სახელი ფიგურირებდა ძალადობის ეპიზოდებში (გენერალური აუდიტორის ცემის საქმე, სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმე), თუმცა სასამართლოში ბრალდებები ვერ დამტკიცდა.

ფარცხალაძეს აქვს გავლენიანი კავშირები: ბერა ივანიშვილი მისი შვილიშვილის ნათლიაა;

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა რუსული სპეცსამსახურებთან კავშირის გამო. დასანქცირებულ ფარცხალაძეს პარტიასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებიც იცავდნენ. ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში.

დღეს ფარცხალაძის სახელი პერიოდულად ჩნდება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ლობირებასთან დაკავშირებულ მასალებში; ის აფუძნებს მოძრაობას „რუსი ქართველები“ და მონაწილეობს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის დისკუსიებში.

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.

ამ ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი „ქოლცენტრებსაც“ ეხება. პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2021-2023 წლებში საქართველოში არსებული „ქოლცენტრების“ შედარებით „მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი“, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.


„აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

2026 წლის 18 თებერვლის ბრიფინგზეც პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდებაზე საუბრისას იდენტური ფორმულირება გამოიყენა. ერთი განსხვავებით, ამ ქოლცენტრების მცირე ჯგუფის მფარველად, მასთან ერთად ოთარ ფარცხალაძეც დაასახელა.

სუს-ის უფროსობამდეც და მას შემდეგაც, ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ფიგურად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში - „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად თუ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

2016 წელს ლილუაშვილი პარლამენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა [ვანი და ხონი], ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან, სუსში ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო.

2019 წლიდან 6 წლის განმავლობაში 2025 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.

ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა პარლამენტში მისულ შს მინისტრს, რომ დაწყებულიყო გამოძიება თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე - ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეების გამოსავლენად. ხაბეიშვილმა მაშინ კონკრეტული გვარები დაასახელა, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილიც. ამ თემაზე მასალები მზადდებოდა მედიაშიც.

გრიგოლ ლილუაშვილმა ქოლცენტრებთან კავშირის ბრალდების გამო ხაბეიშვილისა და ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ ის გაამართლა.


მიხეილ ჩოხელი

ფოტოზე: მიხეილ (მიშა) ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძე
ფოტოზე: მიხეილ (მიშა) ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძე

მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძის დიდი ხნის მეგობარია. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მთავარ პროკურორად დანიშვნამდე სწორედ ამ უწყებას ხელმძღვანელობდა ოთარ ფარცხალაძე.

  • მიხეილ ჩოხელი 2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი;
  • მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.


მიხეილ ჩოხელი დაახლოებით 2014-16 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

ის თან ახლდა ოთარ ფარცხალაძეს 2017 წლის 13 მაისს - გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე ძალადობის ინციდენტისას. სწორედ ჩოხელი დააჯარიმეს ამ საქმეზე.

ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 22 ოქტომბერს ჩხრეკისას 2 904 900 აშშ დოლარი „ამოიღეს“.

თორნიკე ჯანელიძე, გიორგი კამლაძე, გივი ჯიბლაძე

სამივე დეველოპერულ კომპანია „სვეტთანაა“ დაკავშირებული. თორნიკე ჯანელიძე და გივი ჯიბლაძე დირექტორები იყვნენ. ორივე მათგანი 2018 წელს თაღლითობისა და მოქალაქეების კუთვნილი 3.5 მილიონის მითვისების გამო გაასამართლეს. მოგვიანები დაზარალებულებთან შეთანხმებით მათ პროკურატურამ საპროცესო გაუფორმა.

თორნიკე ჯანელიძე საეჭვო რეპუტაციის მქონე შპს „ნომადაოს“ მმართველი პარტნიორია. სარეკლამო სტატიებისა და სიუჟეტების თანახმად, ეს კომპანია მომხმარებლებს ტურისტულ სერვისებს სთავაზობს, პროკურატურამ კი იქ 2023 წელს ჩხრეკა ჩაატარა და დალუქა, როგორც ქოლცენტრი.

შპს „სვეტთან“ და შპს „ნომადაუსთანაა“ დაკავშირებული კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი კამლაძე. შპს „ნომადაუ“ იმავე შენობაშია, სადაც ელისო კილაძის მედიის ოფისი.

„ერთი სართულით ზევით“, - ამბობს ბენ ანორის ადვოკატი, ზურაბ თოდუა.

თავის მხრივ, ბენ ანორი ფლობს იმ შენობას, სადაც ეს ორივე ოფისია. „ქრონიკა პლუსიც“ და „ნომადაუც“ ბენ ანორს იჯარას უხდიდნენ. ადვოკატ, ზურა თოდუას თქმით, ერთსა და იმავე დღეს და ერთდროულად შეუწყვიტეს გადახდა. ამის შემდეგ იწყებს დავას ებრაელი ბიზნესმენი.

დღეს ეს მრავალსართულიანი შუშის შენობა დაკეტილია. ფოტო გადაღებულია 2026 წლის 18 თებერვალს
დღეს ეს მრავალსართულიანი შუშის შენობა დაკეტილია. ფოტო გადაღებულია 2026 წლის 18 თებერვალს

ბენ ანორი

ბენ ანორი ამბობს, რომ საქართველოში დეველოპერული ბიზნესითაა დაკავებული. „ყიდულობს უძრავ ქონებას, არემონტებს და აქირავებს“.

მისი მტკიცებით, ამიტომ იყიდა შენობა საბურთალოზე, ფანჯიკიძის პირველ ნომერში. ამ შენობაში მესამე და მეოთხე სართულები დაუთმო „ქრონიკა პლუსსა“ და შპს „ნომადაუს“.

ბენ ანორი სოციალულ ქსელში ზურაბ თოდუას გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ 2023 წლის მარტში ელისო კილაძეს საოფისე ფართი 5 000 დოლარად მიაქირავა.

„ივნისის თვემდე კილაძე კეთილსინდისიერად იხდიდა იჯარის გადასახადს და თანხის დანიშნულებაში წერდა კიდეც „იჯარა“, შესაბამისად მისი მტკიცება, რომ ბენ ანორთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა და ეს იყო სიტყვიერი შეთახმება ბიზნესპარტნიორებს შორის, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს:

„დავალიანება 155 000 დოლარია“.

2026 წლის 8 იანვარს ბენ ანორმა ელისო კილაძე თავის ბიზნესცენტრში აღარ შეუშვა, რაც ჟურნალისტმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლად მიიჩნია და პროკურატურას მიმართა.

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ამ საქმეზე მუშაობისას მოიპოვა ფარული ჩანაწერები, რომელიც ერთი მხრივ, ელისო კილაძის მიერ ბენ ანორის დაშინების გეგმას ააშკარავებს, მეორე მხრივ, კი ადასტურებს, რომ ჟურნალისტმა სულ მცირე ქოლცენტრის არსებობისად ა მსაობის შესახებ იცის, ამ სულად მონაწილეოსბ მის მუშაობაში.

„ცალსახად, საუბარია ორ რამეზე. ერთი არის, როგორც წაართვეს ისრაელის მოქალაქეს და ინვესტორს ბენ ანორის ქონება. საქმე ეხება ფანჯიკიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობას, რის გამოც 3-მა ადამიანმა პასუხი აგო, მაგრამ ელისო კილაძეც მონაწილეობდა ამ დანაშაულში და მას არ უგია პასუხი ამაზე. მეორე ნაწილი არის „ქოლცენტრებთან“ სავარაუდო კავშირები.

აშკარად გამოკვეთილია, რომ თურმე, ვიღაცა მათი ჯგუფიდან გაბრაზებულა და გადასულა უკრაინაში. ელისო კილაძე კი ვიღაცას ჰპირდება, რომ მაგას ავუყირავებ უკრაინაში ყველაფერს, რადგანაც ხელი მიმიწვდება მთავრობასთან და ქუჩასთანაცო“.

ზურაბ თოდუა, ბენ ანორის ადვოკატი
ზურაბ თოდუა, ბენ ანორის ადვოკატი

ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა, დადებითი პასუხი კი 17 თებერვალს მოვიდა. დასკვნა ადვოკატმა დაუყოვნებლივ პროკურატურაში მიიტანა, მეორე დღეს კი ელისო კილაძე დააკავეს.

„გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთების მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება“.

ამ ჩანაწერში ელისო კილაძე გია ჯიბლაძეს ესაუბრება, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორს. ისიც დაკავებულია.

გამოდის, რომ ბენ ანორი პროკურატურის თანახმად, ქოლცენტრების მართვაში იმათთან ერთად მონაწილეობდა, ვის წინააღმდეგაც დავა წამოიწყო?

- მიუხედავად პროკურატურის მტკიცებისა, რომ ბენ ანორიმ ჯიბლაძე-ჯანელიძე-კამლაძესთან ერთად გამოძიებასთან ითანამშრომლა და დაეხმარა „დანაშაულის გახსნაში“, ადვოკატი ზურა თოდუა ბრალს არ ეთანხმება.

„ბენ ანორი ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით, მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის პროგრამა „ლიდს 8“. ეს არის ლეგალური პროგრამა, რომლის ავტორი არის თავად ბატონი ბენი. ის მას ყიდის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ნებისმიერს შეუძლია იყიდოს და თურმე, პროგრამის მომხმარებლები „ქოლცენტრებიც“ ყოფილან. ის არ უარყოფს იმას, რომ პროგრამა მისია და თვითონ გაყიდა. ექსელის“ მსგავსი პროგრამაა, მეტი არაფერი. ამას უთვლიან მას როგორც ჩანს, „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად“, - ამბობს ადვოკატი.

ცნობილია, რომ პროკურატურა, მათთვის, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ვის რა როლი ჰქონდა გამოძიების ვერსიით?

პროკურატურის მტკიცებით, 2020-2023 წლებში ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფები, რომლებიც თაღლითური შემოსავლებით ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდა, ხოლო ქოლ-ცენტრების ნაწილის გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრებიმფარველობდნენ.

როგორ?

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მოაწყვეს ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით.

„ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით რთავდნენ ვაჭრობაში და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით ეუფლებოდნენ“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები პროკურატურის მტკიცებით ასე იყო განაწილებული:

  • ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირება;
  • კრიმინალური საქმიანობის პოლიციისგან და კონკურენტებისგან დაცვა-მფარველობა;
  • გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერა და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნება.


გამოძიების ვერსიით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით „ქოლცენტრებს“ მფარველობდნენ, იცავდნენ სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან. „მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც“.

ჟურნალიტს ელისო კილაძის როლს ამ სქემაში პროკურატურა ასე წარმოაჩენს:

თუ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების რისკი გაჩნდებოდა, ელისო კილაძე ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით „დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას ცდილობდა“. ამხელდა „კონკურენტ ქოლცენტრებს“, ამჟღავნებდა მათ ადგილმდებარეობას და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას. „ემუქრებოდა“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით და „აშანტაჟებდა, რათა გადმოებირებინა“.

გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის ფუნქცია კი პროკურატურის ცნობით, ამ სტრუქტურის გამართული ფუნქციონირება იყო.

ისინი წყვეტდნენ გაფართოებულიყო თუ არა ქოლცენტრი ან შეეცვალა თუ არა ადგილმდებარეობა, აღრიცხავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, გასცემდნენ ხელფასებს და ბონუსებს, ითვლიდნენ პარტნიორებისთვის და მფარველებისთვის მისაცემ გასამრჯელოს.

საბოლოოდ, პროკურატურის ცნობით, 2020-2023 წლებში „ორგანიზებული ჯგუფის წევრები“ „მოტყუებით დაეუფლნენ“ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.

არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად, ვის რა მოცულობის თანხის გათეთრებას თუ თაღლითობით შოვნას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, ვირტუალური აქტივები „დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე“.

ამ საფულეებს განკარგავდნენ „ჯგუფის წევრები“, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული „ხმარდებოდა … ხელფასების და ბონუსების გაცემას“.

„ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მიხეილ სადრაძე, პროკურორი
მიხეილ სადრაძე, პროკურორი

ათივე ბრალდებულს მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 12 წელი ემუქრებათ პატიმრობა. პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს, გარდა გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძისა. მათთვის გირაოა გათვალისწინებული.

ბრალდებულებიდან საქართველოში არაა: ოთარ ფარცხალაძე, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი.

ვინ (არ) აღიარებს დანაშაულს

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ახალი ბრალი არ წარუდგენიათ.

კითხვაზე - ანუ ის, რაც პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, იყო თუ არა გამეორება უკვე წარდგენილი ეპიზოდის, რისი განხილვაც სასამართლოშია, ადვოკატი პასუხობს, რომ „არ იცის“.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ბრალი მას წარდგენილი არ აქვს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კი ინფორმირებული არ ვარ“, - განაცხადა მან.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი ამბობს, რომ სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა, კომენტარს არ გააკეთებს.

ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ის უკვე გადაიყვანეს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ „ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გაიცნო, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული აქვს - ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს“.

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.

ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).

ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა - ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“.

საქმე 20 ტომისგან შედგება, ამბობს ელისო კილაძის ადვოკატი, ნათია კორკოტაძე. ადვოკატებისთვის მოსალოდნელია, რომ ათივე დაკავებულს ბრალს ხვალ წარუდგენენ. სასამართლო სხდომები კი ხვალ საღამოსვე ან ზეგ დილიდან გაიმართება.

პროკურატურას ბრალის წარდგენიდან 48 საათი აქვს იქამდე, სანამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG