Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საქართველო ევროპის ნაწილია, “ქართული ოცნება” - არა” - ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე იმსჯელეს

საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა 26 თებერვალს ბრიუსელში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა 26 თებერვალს ბრიუსელში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

“სრული ავტორიტარიზმისკენ”, ევროინტეგრაციის კურსის შეცვლა, უფლებების დარღვევა, ოპონენტებისა და აქტივისტების დევნა - 26 თებერვალს ევროპარლამენტის კომიტეტში განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც ახალ რეზოლუციას დაედება საფუძვლად. იმსჯელეს სანქციების დაწესების მნიშვნელობაზეც.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილია ასევე რეზოლუციის პროექტი, რომელიც 26 თებერვალს განხილულ ანგარიშს ეყრდნობა. ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 18 მარტია მითითებული.

კომიტეტში კენჭისყრა მაისის დასაწყისში, ხოლო პლენარულ სხდომაზე - ივნისშია დაგეგმილი.

საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი, რომელიც, თავის მხრივ, ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს ეყრდნობა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა. ლიეტუველი ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლიდერების კრიტიკის ერთ-ერთი გამოკვეთილი და უცვლელი სამიზნეა.


“[ევროკომისიის] 2025 წლის ანგარიში შეფასებულია ყველაზე უარესად კანდიდატი ქვეყნისთვის, ოდესმე მომზადებულ ანგარიშებს შორის, [ევროკავშირის] გაფართოების ისტორიაში”, - მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ, თავისი გამოსვლის დასაწყისში მოიყვანა ციტატა ევროკომისიის შეფასებიდან და დასძინა, რომ უკეთესად ვერ კი აღწერდა საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას.

ევროპარლამენტარმა თქვა ისიც, რომ "საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა დარჩა". მანამდე, საქართველოს საკითხის განხილვის დასაწყისში, ეს სიტყვები წარმოთქვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმაც, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

2025 წლის 4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“.


რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტარი
რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტარი

იუკნევიჩიენეს თქმით, არ უკვირს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს საქართველოს “პრორუსულ მთავრობას”.

„ღრმად ვწუხვარ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები უფრო ადრე ვერ დააწესეს. ეს უზარმაზარი შეცდომა იყო… ანგარიშში არის გაფრთხილება, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და აკრძალვებმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ თანამდებობის პირებს დაეკისრებათ“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. გამოსვლაში მან ახსენა დაპატიმრებული ჟურნალისტი, სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ინსპირატორი. ევროპარლამენტარმა გამოთქვა იმედი, რომ ანგარიშის პროექტის ტექსტს მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვანი ელემენტები დაემატება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

სიტყვით გამოვიდნენ სხვა ევროპარლამენტარებიც.

“საქართველო ევროპის ნაწილია, მაგრამ “ქართული ოცნება” - არა”, - განაცხადა გერმანელმა ტობიას კრემერმა, რომელიც მოელის ახალი წინადადებების განხილვასაც - “თუ როგორ უნდა დაუწესდეს ეფექტიანად სანქციები “ქართული ოცნების” მთავრობას, საქართველოს მოსახლეობის დაზიანების გარეშე”.

“როდესაც ჩვენ „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, უკვე აღარ გვჭირდება ლექსიკონი, უბრალოდ თბილისში უნდა გავფრინდეთ…

ამ დროისთვის, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან ერთად მიდიან, საკუთარ თავს დამოკიდებულს ხდიან პუტინზე…

„ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ, დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია, თუ დადასტურდება, რასაც BBC იუწყება, მაგრამ მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ეს ასეა”, - ეს ციტატაც კრემერის გამოსვლიდან არის.

“როდიდან გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი?! შესაძლოა მას შემდეგ, რაც მათ განგაში ატეხეს მსოფლიოში სადამის [ჰუსეინი] ქიმიური იარაღის შესახებ”, - ეს სიტყვები პოლონელ ევროპარლამენტარს, გჟეგორ ბრაუნს, ეკუთვნის. მასვე ეკუთვნოდა ერთადერთი განსხვავებული შეფასება საქართველოში დღეს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„თქვენ [ევროპარლამენტარები] ამბობთ, რომ ეს დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა... შესაძლოა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება საღ აზრს; ისინი უყურებენ, ისინი უსმენენ, ისინი ხვდებიან, რამდენად ცუდია ევროკავშირის პროექტი; ისინი ხედავენ ენერგიაზე ფასების მატებას, ომის მხარდაჭერას და ისინი უბრალოდ ირჩევენ მშვიდობას და სუვერენიტეტს”, - განაცხადა ბრაუნმა. ის წარმოადგენს Konfederacja Korony Polskiej-ს - პოლონეთის უკიდურესად მემარჯვენე პარტიას, რომელიც მონარქისტულ და ტრადიციონალისტურ პოლიტიკას ემხრობა.

დანიელი ევროპარლამენტარის, ვილი სონდეილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელი იქნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, როდესაც „ქართული ოცნება“ პირით რუსეთისკენ არის მიტრიალებული, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.

ესპანელ ევროპარლამენტარს, ნაჩო სანჩესს, რომელიც მომხსენებელს სრულად ეთანხმება, დამატებითი რჩევა აქვს ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის საქართველოში, რათა “გამოიჩინონ დიდსულოვნება და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ”. ევროპარლამენტარი აზუსტებს, რომ არ გულისხმობს საარჩევნო ალიანსებს.

“ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის” (EEAS) წარმომადგენელმა, ემერიკ დიუპონმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს” და რომ აშკარაა "სერიოზული უკუსვლა" დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით.

აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებს შორის EEAS-ს წარმომადგენელმა დაასახელა დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ასევე - ყოვლისმომცველი, მდგრადი რეფორმების გატარება. აქვეა მოთხოვნა "ევროკავშირისა და მისი ელჩების წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის” შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებების გათვალისწინებით, დიუპონმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, მხარი კვლავ დაუჭირონ “საქართველოს დემოკრატიულ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს”.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში წარმოდგენილია ასევე რეზოლუციის პროექტი, რომელიც 26 თებერვალს განხილულ ანგარიშს ეყრდნობა. დოკუმენტი 16 თებერვლით არის დათარიღებული.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა ლიდერებისა და გამოკვეთილი ფიგურების სანქცირების აუცილებლობას:

„ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნების“ საკვანძო ლიდერებისთვის, მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლნი არიან საქართველოს განგრძობად დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - დაუსჯელობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

ევროპარლამენტი მოხარულია, რომ, ამ საკითხის მიმართ ევროკავშირში ერთსულოვნების არარსებობის მიუხედავად, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს საქართველოში თანამდებობის პირების წინააღმდეგ და მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მისდიონ მათ მაგალითს.

ეს არ არის ევროპარლამენტის პირველი რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირების სანქცირების მოთხოვნით. მსგავსი მოთხოვნებით, ერთ-ერთი ბოლო რეზოლუცია 2025 წლის 9 ივლისს 490 ხმით დამტკიცდა.

გასული წლის ნოემბრის მიწურულს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

“ქართული ოცნების” ლიდერები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს “ჩალის ფასი აქვს”. ევროპარლამენტის დოკუმენტებს “გაჩალისფასებული” უწოდა “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, თებერვალში, პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-ის" მიერ წამოწყებული დებატების ფარგლებში.

„რასა იუკნევიჩიენეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა, ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა, ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა 26 თებერვალს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან.

ევროპარლამენტარი იუკნევიჩიენე “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლიდერების კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სამიზნეა. სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 26 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ იუკნევიჩიენე ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა.

"შეგახსენებთ მან [რასა იუკნევიჩიენემ] თქვა, რომ "ქართული ოცნება“ არის ინფექცია და ეს არის ფაშისტური განცხადება. მან ასევე თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს. ასე რომ, მთავარი პრობლემა არის, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით [გაკეთებული]", - განაცხადა პაპუაშვილმა.

კიდევ რა წერია

რეზოლუციის პროექტის ტექსტში ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ - „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარების პირობებში“.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ტექსტის თანახმად, „ღრმა იმედგაცრუება“ უკავშირდება; კონკრეტულად აღნიშნულია, რომ:

  • „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ შედეგიანად შეატრიალა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი;
  • უკუსვლა იყო ყველა იმ 9 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით, რაც წარმოადგენდა პირობებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად;
  • აბსურდულია „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ ევროინტეგრაცია რჩება მთავარ პრიორიტეტად, მაშინ, როდესაც „უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედიები წარმართავენ ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას - ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ“.


„ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახდენს სტრატეგიულ შეტრიალებას - ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ“, - ვკითხულობთ პროექტში, სადაც ასევე მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შემდგომი "ბორდერიზაცია" - როგორც ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ტექსტის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ“. ხაზგასმულია ასევე დემოკრატიული საფუძვლების განგრძობადი ნგრევა, დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური უფლებებისა და პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევებით.

მითითებულია, რომ:

  • „ქართულმა ოცნებამ“ არ გადადგა ნაბიჯები პირობების შესაქმნელად - ევროკავშირთან დიალოგისთვის;
  • ევროპარლამენტი თვლის შეუძლებლად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ვიდრე არ მოხდება „მათი ამჟამინდელი რეპრესიული კურსის, აკრძალვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული დეზინფორმაციის მკაფიო ცვლილება“.
  • ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, ჰქონდეთ ერთიანი, კოორდინირებული მიდგომები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
  • ევროპარლამენტი გმობს „შეუჩერებელ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირის, წევრი ქვეყნების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ“.


ტექსტში ლაპარაკია ასევე ბოლო პერიოდში დამტკიცებული, ამკრძალავი კანონების შესახებ, მათ შორის - გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიისთვის. ხაზგასმულია, რომ ცვლილებებით გაფართოვდა “გრანტის” ცნება, დაფინანსება შეუძლებელია მთავრობის ნებართვის გარეშე და დარღვევებისთვის დაწესდა 6-წლამდე პატიმრობა. აქტიური სამოქალაქო საზოგადოების სრულად დამორჩილების მცდელობას ევროპარლამენტი განიხილავს კიდევ ერთ ნაბიჯად “ავტორიტარულ რეჟიმად” ჩამოყალიბებისკენ.

პროექტში ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას “ყველა პოლიტპატიმრისა და სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლად გათავისუფლების” შესახებ. აქვეა მოწოდება ყველა დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მყისიერად გათავისუფლებაზე. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკას, მათ შორის - ფიზიკური თავდასხმის, მუქარების, უკანონო დაკავების გზით და გმობს საპატიმრო სასჯელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე [“წულუკიანის კომისია”] გამოცხადებაზე უარის თქმის გამო.

ცალკეა ხაზგასმული შეშფოთება პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ - როდესაც მათ “სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის” აკრძალვა მოითხოვეს, ესენი არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ლელო - ძლიერი საქართველო”.

ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას, 24 წევრი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე და მოუწოდებს თბილისს, სრულად ითანამშრომლოს ექსპერტების მისიასთან.

უვიზო მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, ტექსტში ხაზგასმულია წევრი ქვეყნების ვალდებულება, შეასრულონ დაწესებული აკრძალვები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება მოხსენიებულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის“ ქმედებების პირდაპირ შედეგად - „ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევისთვის“ - და აღნიშნულია ასევე, რომ „საქართველოს ხელისუფლების განგრძობადი უმოქმედობის“ გამო, შესაძლოა სავიზო აკრძალვები საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს.

„[ევროპარლამენტი] წუხს, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვების დაწესება შეუძლებელი იყო უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო“, - წერია რეზოლუციის პროექტში.

ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის პოზიციებთან და სანქციების თაობაზე [ევროკავშირის] საბჭოს გადაწყვეტილებებთან, შემცირებულია 40%-მდე და „საქართველო არა სისტემატურად უერთდება საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“.

„[ევროპარლამენტი] საქართველო ჯერ ისევ არ შეერთებია სანქციების უმრავლესობას რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა აღკვეთილ იქნას საქართველოს ტერიტორიის ან/და საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება, ევროკავშირის მიერ დაწესებული ამკრძალავი ზომებისთვის გვერდის ასავლელად“, - წერია პროექტში.

ოფიციალურ ვებსაიტზე, კომიტეტის ანგარიშისთვის და შესაბამისად - რეზოლუციის პროექტისთვის ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 18 მარტია მითითებული.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს კომიტეტში ხმის მიცემას 4 ან 5 მაისს შევძლებთ, ვიდრე გვექნება პლენარულ სხდომაზე დებატები და კენჭისყრა, ივნისში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა კომიტეტის სხდომის მიწურულს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG