Accessibility links

რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან?


ვანო მერაბიშვილი სასამართლოში. 2013 წლის 22 მაისი

ვინ, რატომ და როგორ ჩაერია ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო პროცესში? - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხს შესაძლოა მივაგნოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიების შემთხვევაში და ამიტომ შს სამინისტრომ ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ძირითადი შეკითხვები უკავშირდება ამჟამად ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს. ხორავას ქუჩის ამბის ეპიზოდებში მონაწილეობდნენ როგორც მისი შვილი, ასევე მისი მეუღლის დისშვილი. ფართოდ არის გავრცელებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ზეგავლენა სუბელიანმა სწორედ ვანო მერაბიშვილის ეპიზოდზე საიდუმლო ინფორმაციის ფლობის წყალობით მოახერხა. 2013 წლის დეკემბერში, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს, მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, 2017 წლის დეკემბერში კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის დროს, პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

„ხორავას ქუჩის საქმის გაცნობის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა რწმენა იმისა, რომ მირზა სუბელიანმა მოახდინა ზეგავლენა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. ზეგავლენაში იგულისხმება მტკიცებულებების განადგურება, დანაშაულის კვალის წაშლა და მოწმეებზე ზეწოლა. შესაბამისად, ალეკო ცქიტიშვილი არაადეკვატურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე სუბელიანი ამჟამად მხოლოდ შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

ალეკო ცქიტიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

როგორ მოახერხა მირზა სუბელიანმა საგამოძიებო პროცესზე ზეგავლენა ისე, რომ მას ამაში არავინ შეუშალა ხელი და ადეკვატურად არც მას შემდეგ დაისაჯა, რაც მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის, მხარდასაჭერად ხალხი გამოვიდა ქუჩაში? მართალია, თავად კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ იმხანად სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი ფლობდა ინფორმაციას 2013 წელს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით და ხორავას ქუჩის საგამოძიებო პროცესში აქტიურობის დროს მას წინააღმდეგობა სწორედ ამის გამო არ შეხვდა.

არის თუ არა ეს მართლაც ასე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მიიჩნევს სახალხო დამცველი. 14 ივნისს, TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, ნინო ლომჯარიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ გამოიძიოს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე, მით უმეტეს, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების აუცილებლობა მაინც დადგება დღის წესრიგში.

სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეში „აშკარად ჩანს თეთრი ძაფები“ და რომ ეს საქმე ძირეულად უნდა იქნეს გამოძიებული. შს სამინისტროსა და საპარლამენტო კომისიის პარალელურად, ამ საქმის გამოძიებას ომბუდსმენის ოფისიც აგრძელებს.

ნინო ლომჯარია: მე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით კითხვები მაქვს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება არაერთხელ მოითხოვა ყოფილმა ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმაც, მაგრამ მას ამ გზაზე მუდმივად ძლიერი წინააღმდეგობა ხვდებოდა იმდროინდელი თანამდებობის პირებისგან. ნანუაშვილი ჩვენთან საუბრისას იმასაც იხსენებს, თუ როგორ გამოაცხადა ის სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ და ვანო მერაბიშვილის მოკავშირედ იმხანად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმის გამო, რომ ომბუდსმენმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატს. წულუკიანი ნანუაშვილს მოწმეს უწოდებდა.

„სამწუხაროდ, რადგან არ მოხდა საქართველოში ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიება და ადეკვატური რეაგირება, საქმე განიხილა სტრასბურგის სასამართლომ და ქვეყანას დაუმტკიცეს ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უჩა ნანუაშვილმა, რომლის რწმენითაც, ქვეყანაში გარეშე პირთა თვითნებობისგან ნებისმიერი პატიმარი უნდა იყოს დაცული.

ყოფილი ომბუდსმენი კვლავაც ძველ აზრზე რჩება, რომ ობიექტურად და ძირეულად უნდა იქნეს გამოძიებული ვანო მერაბიშვილის ეპიზოდი, რაც სინათლეს მოჰფენს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, „სუბელიანი იმხანად იყო ერთ-ერთი პირველი თანამდებობის პირი, რომლის ხელშიც შესაძლებელია მოხვედრილიყო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ვიდეოკადრები ანდა, სულ მცირე, ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG