Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირი აქვს „ნოვიჩოკს“ ლატვიასთან და ქართული წარმოშობის რუს ბანკირთან


არტურ ტალანოვი. ლატვია
არტურ ტალანოვი. ლატვია

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწოდა, შეისწავლოს „ნოვიჩოკით“ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ლატვიური კვალი, ვინაიდან ამ ქიმიური ნივთიერების ერთ-ერთი შემქმნელი იქ ცხოვრობსო.

მართლაც არსებობს ადამიანი, რომელიც ბალტიის ამ ქვეყანას აკავშირებს საბჭოთა სამხედრო-ქიმიურ აგენტთან, თუმცა ის არა „ნოვიჩოკის“ შემქმნელი, არამედ ბალტიის ფლოტისა და რიგის "ომონის" ყოფილი ოფიცერია, რომელიც მოგვიანებით განგსტერი გახდა, შემდეგ კი მოსკოვში გადასახლდა, შეუერთდა „ედინაია როსიას“ და მოსკოვის მახლობლად პატარა სოფლის მმართველის თანამდებობაც მიიღო.

საფრანგეთის გაზეთმა Le Monde-მა 22 სექტემბერს გამოაქვეყნა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საუბრის მოკლე შინაარსი, რომლის მიხედვით, პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ ნავალნიმ თავად მოიწამლა თავი „ნოვიჩოკით“ და ახსენა ლატვიაც, როგორც ქვეყანა, სადაც საწამლავის კვალს უნდა ეძებდნენ.

ალექსეი ნავალნიმ სარკასტულად უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა "კარგი ვერსია" შესთავაზა საზოგადოებას. დარწმუნებით, ძნელი სათქმელია, რატომ ახსენა ვლადიმირ პუტინმა კონკრეტულად ლატვია მაკრონთან საუბარში.

ნოვიჩოკის შექმნის პროცესში მონაწილე არც ერთი ცოცხალი ადამიანის საცხოვრებლის შესახებ არაფერია ცნობილი, არც ლატვიაში, არც ბალტიის სხვა ქვეყნებში.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადა ნივთიერების ერთ-ერთმა შემქმნელმა, ვლადიმირ უგლევმა, რომელიც ანაპაში ცხოვრობს, მასაც არაფერი სმენია, რომ მისი რომელიმე კოლეგა, ლატვიაში გადასულიყო საცხოვრებლად. შესაძლოა, ეს ქვეყანა პუტინმა ახსენა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეთა კოლექტიურ ცნობიერებაში ბალტიის ქვეყნებს შორის სწორედ ლატვია ლიდერობს "რუსოფობიის" დონის მიხედვით - ლატვიის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ეთნიკური რუსები არიან და მათ მიმართ ლატვიის ხელისუფლების პოლიტიკას მუდმივად აკრიტიკებს ოფიციალური რუსული მედია. თუმცა „ნოვიჩოკს“ ლატვიასთან სხვა, საინტერესო კავშირიც აქვთ.

კიველიდის მკვლელობა

1995 წელს „როსბიზნესბანკის“ ხელმძღვანელი ივან კიველიდი და მისი მდივანი ზარა ისმაილოვა ქიმიური საბრძოლო აგენტის პირველი მსხვერპლი იყვნენ თანამედროვე რუსეთში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ნოვიჩოკით“ კიველიდის ოფისის ტელეფონის ყურმილი იყო დამუშავებული. კიველიდის და ისმაილოვას მკვლელობაში „როსბიზნესბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრ ვლადიმერ ხუციშვილს დასდეს ბრალი.

სასამართლოს საქმის მასალებში "ნოვიჩოკის" სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კიველიდის მკვლელობისთვის გამოყენებული ნივთიერება შექმნილი იყო სარატოვის მხარეში, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალში (ГосНИИОХТ). იქ მუშაობდა „ნოვიჩოკის“ შემქმნელი, ქიმიკოსი პიოტრ კირპიჩოვი, რომლის ხელმძღვანელობით ვლადიმირ უგლევი და ლეონიდ რინკი ქმნიდნენ ახალი ტიპის საბრძოლო ქიმიურ აგენტს.

მთავარი ეჭვი იმ შხამის საწარმოდან გატანის გამო სწორედ ლეონიდ რინკზე მიიტანეს. ბანკირის მკვლელობის საქმეში, ფედერალური უსაფრთხოების ბიუროსთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით, მან აღიარა, რომ შემადგენლობით და თვისებებით „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერების სინთეზირება მოახდინა გასაყიდად, მათ შორის კრიმინალური სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. რინკის თანახმად, 1995 წლის გაზაფხულზე მან ამ ნივთიერების ერთ-ერთი ამპულა მიჰყიდა ლატვიის მოქალაქეს, ყოფილ სპეცრაზმელ არტურ ტალანოვს, რომელსაც მისი გამოყენება სურდა კონკურენტებისგან თავის დასაცავად. აღიარების მიუხედავად, რინკი კიველიდის მკვლელობის საქმის მოწმედ დარჩა მხოლოდ. ახლა აქტიურად საუბრობს კრემლის მომხრე მედიაში, უარყოფს „ნოვიჩოკით“ ალექსეი ნავალნის, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შესაძლებლობებს. 2007 წელს ვლადიმერ ხუციშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კიველიდის მკვლელობისთვის, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იგი ვადამდე, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

ლეონიდ რინკი, 2018 წლის აპრილი
ლეონიდ რინკი, 2018 წლის აპრილი

განგსტერი "ლადაზე"

FSB-ს ოფიცრებთან საუბრის დროს, ლეონიდ რინკმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. ერთი ვერსიით, მან ტალანოვს 5000 დოლარად მიჰყიდა საწამლავის ორი ამპულა, შემდეგ კი ტალანოვმა, მისი მეგობრის, იური ერმოლენკოს მეშვეობით გადაყიდა ეს ამპულები ხუციშვილზე. ამის შესახებ თავად ტალანოვიც საუბრობდა, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმედ დაიკითხა.

სხვა ვერსიით, ერმოლენკო შუამავალი იყო რინკისგან ერთი ამპულის საწამლავის ყიდვის დროს, მაგრამ ტალანოვისთვის გადაცემის ნაცვლად, მან იგი კიველიდის მკვლელს მიჰყიდა. ეს ყველაფერი 1994-1995 წლებში მოხდა და უკვე 1996 წელს არტურ ტალანოვს კვლავ პრობლემები შეექმნა, მაგრამ არა რუსეთში ან ლატვიაში, არამედ ესტონეთში.

როგორც ესტონური გაზეთი Postimees წერდა, 1996 წლის მაისის შუა რიცხვებში ლატვიის ოთხი მოქალაქე წავიდა მეზობელ ქვეყანაში, რომ დიდძალი თანხა შეეტანათ ანგარიშზე „ჰანსაპანკის“ ბანკში. ისინი ორი მანქანით გადაადგილდებოდნენ; წინ მიდოდა „მაზდა“ ფულით, რომელსაც თან მიჰყვებოდა „სუბარუ“ დაცვით. ლატვია-ესტონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მანქანები ჩასაფრებაში მოჰყვნენ: ნიღბიანი კაცი გადმოხტა გზის პირას გაჩერებული „ლადადან“ და ცეცხლი გაუხსნა „მაზდას“, ხოლო მეორე მანქანიდან „სუბარუს“ მიმართულებით დაიწყეს სროლა.

დაცვის ერთ-ერთმა წევრმა მოახერხა პირველი თავდამსხმელის განიარაღება და დაჭრა; სხვა თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. დაჭრილ-განიარაღებული განგსტერი არტურ ტალანოვი აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც 1997 წელს ჩატარდა ესტონეთში, მან თქვა, რომ დაჭრის შემდეგ სუნთქვა შეეკვრა და ნიღაბი მოიხსნა, როდესაც მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა. სასამართლომ ჰუმანიზმი გამოიჩინა და ტალანოვს მიუსაჯა 7 წელი პირობითი სასჯელი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

"მოსკოველი კაზაჩოკი"

ასე შეარქვა არტურ ტალანოვს ბურიატულმა გამოცემა "ნომერ პირველმა" 2014 წელს, როდესაც რიგის ყოფილი მკვიდრის სახელი და გვარი კვლავ ამოტივტივდა მედიაში, ამჯერად რუსეთში. ტალანოვი, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, ერთი წლით ადრე, 2013 წელს, გახდა სატრანსპორტო-სააქციო საზოგადოება „ქალაქის მარშრუტების“ აქციების 51%-ის წილის მფლობელი. ტალანოვი მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციის გეგმებზე საუბრობდა, ხოლო ადგილობრივები მას მოსკოველ მძარცველს უწოდებდნენ და კომპანიის გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. თუ იურიდიული პირების მონაცემთა ბაზა Контур.Фокус-ს დავუჯერებთ, ტალანოვი ლატვიიდან რუსეთში, სულ მცირე, რვა წლით ადრე გადაბარგდა საცხოვრებლად. 2005 წლიდან მის სახელით რეგისტრირებულია 10-ზე მეტი იურიდიული პირი, რომლებიც ვაჭრობით და სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფენ ძირითადად მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოს.

არტურ ტალანოვი ბავშვობაში
არტურ ტალანოვი ბავშვობაში

„ედინაროსი“ "ნოვიჩოკის" აურათი

მას შემდეგ, რაც ბურიატიაში სატრანსპორტო ბიზნესში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, არტურ ტალანოვმა გადაწყვიტა წასულიყო პოლიტიკაში. მისი სახელი კვლავ გამოჩნდა 2016 წელს, როდესაც ტალანოვი გახდა „ედინაია როსიას“ კანდიდატი, რამენსკის რაიონის როდნიკის ურბანული დასახლების ხელმძღვანელის პოსტზე. როდნიკი სოფელია მოსკოვიდან რამენსკოისკენ მიმავალ გზატკეცილზე, პრესტიჟული დასასვენებელი დასახლება მალახოვკის სიახლოვეს. ტალანოვმა ვერ მოიგო არჩევნები, თუმცა როდნიკის დასახლების უფროსის მოადგილე გახდა, შემდეგ კი მცირე ხნით უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც კი იყო. 2019 წლის სექტემბერში ტალანოვის სახელი გამოჩნდა ადგილობრივი არჩევნების შესახებ სტატიებში, სადაც ის, როგორც ერთიანი რუსეთის ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის წევრი, სავარაუდოდ, ცდილობდა ხელი შეეშალა პარტია „იაბლოკოს“ დამკვირვებლებისთვის ხმის მიცემის პროცესში.

რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა არტურ ტალანოვს როდნიკის ურბანული დასახლების ადმინისტრაციის საჯაროდ ხელმისაწვდომი ტელეფონის ნომრების მეშვეობით.

ნავალნისთან შეხვედრები არ იგეგმება

თავად ალექსეი ნავალნი, რომელიც ამასობაში გაწერეს ბერლინის Charite-ს კლინიკიდან, თავის ინსტაგრამში აღწერს გამოჯანმრთელების პროცესს: ”გეგმები ჯერ მარტივია: ფიზიოთერაპევტი ყოველდღე. შესაძლოა სარეაბილიტაციო ცენტრი. ერთ ფეხზე დგომა, კონტროლის დაბრუნება თითების მოძრაობაზე. წონასწორობის შენარჩუნება. სასაცილოა, მე ვოცნებობდი, კარგად მესწავლა კატერით ვეიკბორდინგი, ამ ზაფხულს ვერ მოვასწარი; ახლა კი ცალ ფეხზე დგომას ვსწავლობ... "

პოლიტიკოსი ჯერ არ საუბრობს რუსეთში შესაძლო დაბრუნების შესახებ, თუმცა ადრე ამ განზრახვის თაობაზე New York Times იუწყებოდა, წყაროებზე დაყრდნობით. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნავალნის რუსეთში შესვლისას დაბრკოლება არ შეხვდება და არავინ აპირებს, დაკითხოს მისი ნების საწინააღმდეგოდ: ”აქ შეხვედრები არ იგეგმება, თუ თავად პაციენტს არ სურს და განზრახული არ აქვს იგივე ინფორმაცია გაუზიაროს ჩვენს სამართალდამცველებს, რასაც ის აქტიურად უზიარებს მათ კოლეგებს გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან”, - პასკოვის სიტყვებს სააგენტო TASS ავრცელებს.

როგორც The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, ალექსეი ნავალნიმ უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე მისი მოწამვლის გამოძიებაში, თუმცა ჯერჯერობით ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არც კი აღძრულა და წინასწარი გამოძიებისთვის გამოყოფილი 30 დღე უკვე ამოწურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG