Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, როცა ერთ-ერთს აირჩევენ - ვინ რას გააკეთებს პირველად?


საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს მიხელ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ ასეთ კონკრეტულ გეგმაზე მედიასთან არ უსაუბრია. ამ ორიდან რომელიც უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოქმედება შეეძლება. და განსხვავებით წინა პრეზიდენტებისგან, ახალი კონსტიტუციით მისი უფლებამოსილებები მნიშვნელოვად შეზღუდულია. და მაინც, ამ პირობებში ვინ რა ბერკეტს გამოიყენებს?

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, რომელიც ქვეყნის ახალ მთავარ კანონზე მუშაობდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. თუმცა, მიუხედავად ამისა, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, შეეცდება დაიცვას თავისი პარტიის ინტერესები და შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელითაც კი ილაპარაკოს. მაგრამ ფორმალურად, მან უნდა დატოვოს პარტია. კანონი ამასვე მოსთხოვდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიმე პარტიის წევრობის შემთხვევაში.

ავთანდილ დემეტრაშვილი არ იზიარებს არსებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგან, მისი სიტყვებით:

  • თუ ირაკლი კობახიძე არის პარლამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბახტაძე კი მთავრობისა, პრეზიდენტი არის მთელი სახელმწიფოს მეთაური, პირველი პირი იერარქიაში.
  • საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.
  • ის მთავარსარდალია - შეზღუდული უფლებამოსილებით, რადგან უშიშროების საბჭო აღარ ჰყავს, თუმცა, საომარი მდგომარეობის დროს, ის რეალურად ხდება სახელმწიფოს მეთაური. ამ დროს იქმნება უსაფრთხოების საბჭოც. მისი დეკრეტები კი ამ დროს ყოვლისმომცველია და უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს.

რას გააკეთებს ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, თუ ის პრეზიდენტი გახდება? რის შესაძლებლობას აძლევს მას კონსტიტუცია?

1) ის შეეცდება შექმნას პოლიტიკური კლიმატი საქართველოში და ამ პროცესში მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მოტივი - მმართველი პარტიის და პარლამენტის მიმართ უნდობლობა.

(დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს ხალხს და პარლამენტს, წელიწადში ერთხელ წარდგეს მოხსენებით პარლამენტის წინაშე, სადაც შეუძლია ილაპარაკოს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მისცეს რეკომენდაციები მთავრობას, რაც, მისი აზრით, აქამდე არ გაუკეთებია გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტის უფლება - მიმართოს ხალხს, არცერთი საკანონმდებლო აქტით არ არის ლიმიტირებული).

2) შესაძლოა, გამოიყენოს ექსკლუზიური უფლებამოსილება - შეიწყალოს მსჯავრდებულები.

ვაშაძემ უკვე განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, საპასუხო მოქმედებები უკვე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ. როგორც ავთანდილ დემეტრაშვილმა გვითხრა, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში უკვე გაიელვა სააკაშვილის სახელმა, ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს ვაშაძე, იმ დროისთვის აღძრული იქნება ახალი სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის მიმართ, რის გამოც მისი შეწყალების უფლება პრეზიდენტს არ ექნება, რადგან მას შეუძლია შეიწყალოს მხოლოდ მსჯავრდებული პირი.

3) შესაძლოა, ვაშაძემ გამოიყენოს მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

4) პირდაპირ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი.

რას გააკეთებს ამ უფლებამოსილებებით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, თუ ის პრეზიდენტი გახდება? ავთანდილ დემეტრაშვილი შენიშნავს, რომ ზურაბიშვილი არ არის მარტივად სამართავი ფიგურა, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი რესურსი გამოიყენა, სასწორზე საკუთარი ავტორიტეტიც დადო, რის გამოც, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, ექნება მადლიერების გრძნობა მმართველი გუნდის მიმართ. და მეორე - მისი, როგორც პარლამენტის წევრის საქმიანობაში, ავთანდილ დემეტრაშვილი ვერ იხსენებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ის დაუპირისპირდა მმართველ გუნდს.

კონსტიტუციონალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რომელიც უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ის ამ კონსტიტუციის პირობებში იქნება დაახლოებით ისეთივე პრეზიდენტი, როგორიც გიორგი მარგველაშვილია.

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხს, ეს, ვახუშტი მენაბდის სიტყვებით, მთლიანად მმართველი გუნდის ხელშია. „თუ მას უნდა ვადამდელი არჩევნები, მაშინ თვითდათხოვნის ინიცირებას გააკეთებს, ტექნიკურად შექმნის ისეთ ვითარებას, როცა პრეზიდენტი ვალდებული იქნება გაუშვას. მაგრამ თუ მას ამის გაკეთება არ უნდა, მაშინ პრეზიდენტს არავითარი ქმედითი ბერკეტი არ გააჩნია პარლამენტის დათხოვნისთვის“.

თუ მომავალი პრეზიდენტი იქნება გრიგოლ ვაშაძე, მას ექნება ორი არჩევანი, - გვითხრა „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა: მძაფრი დაპირისპირება ხელისუფლებასთან ისე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აღქმული იყოს როგორც ხელისუფლების შეცვლის პრელუდია. და ეს, ზურაბიშვილის შეფასებით, გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას.

და მეორე ვარიანტი - ვაშაძემ თქვას, რომ ის ყველას პრეზიდენტია, აჩვენოს, რომ მისი კომპეტენტურობა აღემატება მთელი ხელისუფლებისას. ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი იქნება, - გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

„მესიჯით, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება და არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, მოიგებდა ქვეყანაც, ვაშაძეც და თავად „ნაციონალური მოძრაობაც“.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ქცევას გაპრეზიდენტების შემთხვევაში - დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ მას, სავარაუდოდ, არ ექნება დაპირისპირება მმართველ გუნდთან, რადგან ის საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ ივანიშვილის მორჩილების და იმის გამო აირჩიეს, რომ განდგომის შემთხვევაში ვერ შეძლებდა ოპოზიციური ძალების მობილიზებას თავის გარშემო.

„თუ ის ახლა გახდება პრეზიდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნება“ გაიყვანს და ცხადია, ამ პირობებში, წარმოუდგენელია ის იქცეს ქვეყნის ლიდერად. მას პარტიის ლიდერად გახდომა გაუჭირდა და ეს მით უფრო წარმოუდგენელია“, - ასე ფიქრობს დავით ზურაბიშვილი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG