Accessibility links

რა პრობლემებია აგროდაზღვევის პროგრამაში?


წყალდიდობა კახეთის რეგიონში. 2019 წლის 5 მაისი

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური კომისიები ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან. სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიყენებული ზიანის აღწერა არ დაწყებულა და არც იგეგმება, რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი ტიპის ზარალისთვის ბიუჯეტში თანხები არ არის გათვალისწინებული.

რა პრობლემებია აგროდაზღვევის პროგრამაში?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:55 0:00
Direct link

არადა, მდინარეებში წყლის დონის მომატების შედეგად, ლაგოდეხში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და ყვარელში ასეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაიტბორა, განადგურდა ვენახები, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი ნათესები.

ფერმერები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სტიქიამ მათ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა. ფერმერ მამუკა შეყელაძის თქმით, მოსავლის დაზღვევა ვერ მოასწრო ვერც მან და ვერც დაზარალებულთა უმეტესობამ, რადგან თავად კომპანიებმა სადაზღვევო პოლისების გაყიდვა გვიან დაიწყეს. კიდევ ერთი ფერმერი, ვინც მსგავს პრობლემაზე ლაპარაკობს, დავით გოგაშვილია.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტის“ უფროსი მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა, უკვე 4 წელზე მეტია, დაიწყო, თუმცა ვერ ვითარდება. კოჭლამაზაშვილის თქმით, რისკების დაზღვევის არეალი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს:

„აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო ბოლო 5 წელია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მისი განვითარება შეჩერდა. პროდუქტის პოპულარიზაცია არის შეჩერებული. ფერმერი რეალურად ვერ იღებს სარგებელს. ეს არის პრობლემა. უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებმა და სახელმწიფომ უნდა ილაპარაკონ და შეთანხმდნენ, ვინ რაზეა წამსვლელი. სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას და გარკვეული კომპენსაცია გაზარდოს“.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის კომპანიები უფრო ადრე დაიწყებენ სადაზღვევო პოლისების გაყიდვას, ვიდრე წელს. ერთადერთი, რასაც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაზარალებულ კახელებს სთავაზობს, ბანკებთან შუამდგომლობაა, რათა მათ აგროკრედიტები გადაუვადონ.

„ბანკები მზად არიან ითანამშრომლონ ყველა იმ ფერმერთან, ვისაც იაფი ან აგროკრედიტი აქვს აღებული და სტიქიის გამო დაზარალდა. საფინანსო ორგანიზაციები თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმუშავებენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის, „ალდაგის“, წარმომადგენელმა გიორგი მესაბლიშვილმა გვითხრა, რომ „ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახები უკვე შეისწავლეს და ზარალის ანაზღაურება დაწყებულია, ხოლო დატბორვის შედეგად დაზიანებული ბაღების შესწავლა ახლა მიმდინარეობს“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში კი გვითხრეს, რომ კახელ ფერმერებს მათთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ, რა სახის პრეტენზიები აქვთ პროგრამის მიმართ და, შესაბამისად, მათი ხარვეზების შესახებ არაფერი იციან.

აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერის, ნატალია ხარატიშვილის, თქმით, 2014 წლიდან სადაზღვევო პოლისები ყოველთვის აპრილის შუა რიცხვებიდან გაიცემა და მომხმარებლებისთვის ეს ფაქტი ცნობილია. ხარატიშვილისავე განცხადებით, პროგრამა აზღვევს არა ნერგს, არამედ მოსავალს და თუკი ნერგს ნაყოფი ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი, ფერმერებს სადაზღვევო პოლისები შეძენილიც რომ ჰქონოდათ, მათ ზარალი მაინც არ აუნაზღაურდებოდათ:

„სადაზღვევო კომპანიებმა 17 აპრილიდან დაიწყეს პოლისების გაყიდვა. შესაბამისად, ნებისმიერ ფერმერს ამ დროიდან შეეძლო მიემართა იმ 8 სადაზღვევო კომპანიისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის, და შეეძინათ სადაზღვევო პოლისი. დღემდე არც ერთ ფერმერს ჩვენთან, სამინისტროში, ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაუფიქსირებია. აქედან გამომდინარე, ვამბობთ: არ ითვლება, რომ ეს პროგრამა დაგვიანებით დაიწყო. ეს არ არის ნერგების დაზღვევა, ეს არის მოსავლის დაზღვევა. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება დაზიანებული ნაყოფი და არა ნერგზე მიყენებული ზიანი“.

რა რაოდენობის ზარალი მიიღო კახეთში მოსახლეობამ ბოლო დროის სტიქიის შედეგად, სავარაუდოდ, ცნობილი არ გახდება, რადგან ხელისუფლება ზარალის დათვლას არ აპირებს. ცალკეული ფერმერები კი ამბობენ, რომ ნარგავები თითქმის 10 დღე წყალში იდგა, განადგურდა და არანაირ მოსავალს არ ელოდებიან, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG