Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რეჟიმით მოწმდება კორონავირუსის გამო, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთი?


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველომ ჩინეთიდან გავრცელებული ახალი სახეობის კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ამ ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა და, ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრებზე პრევენციულ ზომებს მიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ „საზღვრებზე დაიწყო ე.წ. თერმული სკრინინგი, ანუ ჩინეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს დისტანციურად ეზომება ტემპერატურა და თუ ის 38 გრადუსზე მეტია, პაციენტს კონსულტაციას საზღვარზე უწევს ეპიდემიოლოგი და საგანგებო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროებს, თუ არა პირი სამედიცინო დაწესებულებაში ევაკუაციას“.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთი მონაკვეთი ლაგოდეხთან გადის. ამ გზით აზერბაიჯანიდან საქართველოში არაერთი ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის. როგორ კონტროლდება საზღვრის ეს ნაწილი?

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი
საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი

ლაგოდეხში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მცხოვრები და იქ მომუშავე მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის მხრივ, რაიმე ცვლილებას ვერ ამჩნევენ. მათი ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში აზერბაიჯანიდან საქართველოში რამდენიმე ავტობუსით ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის მოქალაქეები.

დაგხვდათ თუ არა საზღვარზე ექიმი? - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე 31 იანვარს, დღისით გადმოსულმა რამდენიმე მგზავრმა უპასუხა, რომ არა, ისინი არავის შეუმოწმებია. ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ სამედიცინო შემოწმება აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტზე გაიარა.

როგორც გავარკვიეთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე ეპიდემიოლოგი გამოძახებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, თუ საბჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები აცნობებენ, რომ საზღვარზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთიდან, აზერბაიჯანის გავლით მოდიან.

შემოწმება საზღვარზე
შემოწმება საზღვარზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსი ნუნუ ნოზაძე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არიან და მათი მოვალეობა არ არის სახელმწიფო საზღვარზე მუდმივად ყოფნა: „მაგრამ, იმის გამო, რომ ასეთი სიტუაციაა, დროებით, სანამ შემოსავლების სამსახური ეპიდემიოლოგს აიყვანს და დასვამს საბაჟოზე, რაც შემეძლო დახმარება, ეს იყო მაქსიმალური, რომ გამოძახებით გასულიყვნენ ეპიდემიოლოგები და დახმარებოდნენ. ჩემი თანამშრომლები იქ მუდმივად ვერ იქნებიან, რადგან ჩვენთანაც გრიპის სეზონია“.

ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, გამოძახებიდან მაქსიმუმ 10 წუთში მორიგე თანამშრომელი უკვე საბაჟოზეა: „მოწმდება ჩინეთიდან მომავალი მგზავრები, ეს ქართველი იქნება, აზერბაიჯანელი თუ რუსი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მოწმდება და განსაკუთრებით ჩინელები“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე შეამოწმეს და არცერთ მათგანს არ ჰქონია

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მათ შორის აღმოჩნდნენ ჩინეთის უჰანიდანაც, ანუ იმ ქალაქიდან, საიდანაც ახალი სახეობის ვირუსის გავრცელება დაიწყო: „სიმპტომების მატარებელი არ ყოფილა, მაგრამ იყო დაზიანებული კერიდან მომავალი, ანუ უჰანიდან, და უკან გააბრუნეს.“

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე ეპიდემიოლოგი გამოძახებით მიდის. როგორც გვითხრეს, ამ ეტაპზე ეს რეჟიმი საკმარისია და თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, გვაცნობებენ.

30 იანვარს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ჩინეთის ცხრა და საქართველოს ერთი მოქალაქე. ისინი ჩინეთიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდნენ. ათიდან სამს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ახალი სახეობის კორონავირუსის მთავარი სიმპტომი - პნევმონია - არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG