Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო სარტყელი ირანის გარშემო


აშშ-ს, ბოლო მონაცემებით, ირანის საზღვრის მახლობლად, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურესა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჯამში, სულ მცირე 67 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, თავისი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

ამას ემატება ექვსი ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენი „B-52”, რომლებიც, ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსის“ ცნობით, ირანის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის პირობებში პენტაგონმა სწორედ ამ დღეებში გადაისროლა ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიას ბაზაზე.

აღსანიშნავია, რომ 15 კილომეტრის სიმაღლეზე მფრინავ ხომალდებს შეუძლია სხვადასხვა - მათ შორის ბირთვული - შეიარაღების გადატანა.

აშშ-ის ინფორმაციით, აშშ-ის გეგმაში შედის სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზირებისათვის სამხედრო აეროდრომის მშენებლობა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ბაღდადის დასავლეთით დაიდებს ბინას. გარდა ამისა, აშშ გეგმავს ერაყში აქამდე არსებული ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის გაძლიერებას არა მხოლოდ პირადი შემადგენლობით, არამედ ასევე შვეულმფრენებით.

მანამდე გავრცელდა ცნობა, თითქოს პენტაგონი გეგმავდა ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას. Reuters-ი და AFP ემყარებოდნენ ერაყში აშშ-ის ჯარების მეთაურის, გენერალ უილიამ სილის წერილს. მასში ნათქვამი იყო, რომ აშშ-მა აუწყა ერაყს ამერიკის ჯარების დისლოკაციის შეცვლის შესახებ. დოკუმენტის სანდოობა დაადასტურეს ერაყულმა წყაროებმა.

მაგრამ აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმღვანელმა განაცხადა, რომ ეს იყო წერილის ცუდად ფორმულირებული შავი ვარიანტი.

ასეა თუ ისე, ერაყში ამჟამად აშშ-ის 6 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება რამდენიმე ბაზაზე, მათ შორის ბაღდადის მახლობლად მდებარე აინ ალ-ასადის ბაზაზე, რომელზეც 8 იანვარს ასევე მიიტანა სარაკეტო იერიში ირანმა.

ამ სამხედრო ობიექტის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზას 2018 წელს სტუმრობდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2019 წელს კი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ვითარების ესკალაციის კვალობაზე ერაყში განლაგებულ ქვედანაყოფებს პენტაგონი გააძლიერებს ირანის მახლობლად, კუვეიტში მდებარე მძლავრი სამხედრო ბაზიდან, სადაც 13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

ამდენივე - 13 ათასი - ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ირანის მოსაზღვრე ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორ ყატარში. სოლიდურად - 7 ათასი სამხედრო მოსამსახურით - არის წარმოდგენილი აშშ პატარა ბაჰრეინში. ხუთი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დაბანაკებული არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე არაბთა გაერთიანებულ საამიროში.

თუ არ ჩავთვლით ავღანეთში აშშ-ის სარდლობით მოქმედ ნატოს კოალიციურ ძალებსა და სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ 14 ათას ამერიკელ ჯარისკაცს, პენტაგონს შედარებით მცირე - 2 500-კაციანი - ქვედანაყოფი ჰყავს განთავსებული ნატოს წევრ თურქეთში.

ირანთან სამხედრო ვითარების გართულების შემთხვევაში აშშ-ს ერაყის მიმართულებით შეუძლია სწრაფად გადაისროლოს ასევე იორდანიასა და საუდის არაბეთში მყოფი სამხედრო ძალა, თითოეულში 3-3 ათასი პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი სამხედრო ტექნიკით.

სტატისტიკისათვის უნდა ითქვას, რომ, ყველაზე ცოტა, 606 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ომანში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გამოცხადებული საბოლოო გამარჯვების შემდეგ, პენტაგონმა მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო ყოფნა სირიაში, სადაც დღესდღეობით 800 ამერიკელი ჯარისკაციღა რჩება.

სხვათა შორის, 2019 წლის ბოლოს აშშ-ის არმიის შენაერთების ნაწილი ვაშინგტონმა სირიიდან სწორედ ერაყში გადაისროლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG