Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს ქმნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მუქარა


თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს შეისწავლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება იმის დასადგენად, შეიცავდა თუ არა ის მუქარას ან დისკრიმინაციას.

გადმოწერა
პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.
თორნიკე რიჟვაძე

ვიდეოგანცხადებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 9 დეკემბერს გამოქვეყნდა, თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ჯელალ ქიქავას, სატელევიზიო კომენტარს:

„ქიქავების და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები, პირადად ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვან ბოლომდე და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ და არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას“.

გვარზე იყო მუქარა და ამას აკეთებს არა ვიღაც გამგებელი, არამედ აჭარის პირველი პირი. საზოგადოებამ შეაფასოს, რას ნიშნავს გამოუცდელი კადრი თანამდებობაზე...
ჯელალ ქიქავა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ეს განცხადება გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერის, ჯელალ ქიქავას მიერ ტვ პირველის ეთერში გამოხატული პოზიციის პასუხად. ქიქავამ განაცხადა, რომ ბათუმში გაჭირვებული ხალხის ბუმი იყო მარტის მოვლენების დროს, როცა მათ ქალაქი კინაღამ გადაწვეს:

„როდესაც 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს იპარავდნენ და მუსლიმანობას აღებინებდნენ, აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ კი ექვს წელში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კი ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ მან რეგიონის ისტორიულ წარსულზე მცდარი შეხედულება გაახმაურა, თუმცა, მისივე თქმით, იგი არ არის მეცნიერი და ისტორიული ფაქტების ზუსტი ცოდნა არ მოეთხოვება, რეგიონის პოლიტიკურ პირს კი მეტი პასუხისმგებლობა მართებს:

„ისტორიულ რაკურსს შევეხე, მე არ ვარ ისტორიკოსი და არ მაქვს პრეტენზია, რომ ვიცოდე. არც ასტროფიზიკა ვიცი მე, მაგრამ ეს გვარზე იყო მუქარა და ამას აკეთებს არა ვიღაც გამგებელი, არამედ აჭარის პირველი პირი. საზოგადოებამ შეაფასოს, რას ნიშნავს გამოუცდელი კადრი თანამდებობაზე, რომელიც უნდა იცავდეს თითოეულ მოქალაქეს, ემუქრება მთელ გვარს“.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანი არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და სწორედ ისინი უნდა ერიდებოდნენ დაძაბული ფონის შექმნას.
ანა მდინარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის, შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერის, ჯელალ ქიქავას, სატელევიზიო კომენტარი სცდება ყოველგვარ ეთიკურ ჩარჩოებს, თუმცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხი, რომელიც მუქარას შეიცავს, მიუღებელია, რადგან შესაძლოა იგი ძალადობის წახალისებად აღიქვან:

„როდესაც ჟღერს ასეთი ფრაზები: „პირადად შურს ვიძიებ“, „პოლიტიკური ველი განთავისუფლდება“, ეს პირდაპირ უკავშირდება ძალადობას. შესაბამისად, ნებისმიერმა გაუწონასწორებელმა ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა, შესაძლოა, ეს მოწოდებად აღიქვას და ფიზიკურად იძალადოს პირზე. ასეთი ტიპის განცხადება სცილდება დადგენილ სტანდარტებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში კი სამწუხაროდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სიძულვილის ენა და დაძაბული გარემო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს სდევდა თან, მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. საიას წარმომადგენელ ანა მდინარაძის შეფასებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებამ რეგიონში ვითარება ზოგადად დაძაბა და ძალადობა წაახალისა:

„გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანი არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და სწორედ ისინი უნდა ერიდებოდნენ დაძაბული ფონის შექმნას. ნაცვლად იმისა, რომ ვითარება მშვიდად განვითარებულიყო, ამ განცხადებამ უფრო დაძაბა ვითარება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 9 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაზე განმარტება მოითხოვა, მაგრამ თორნიკე რიჟვაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა. აჭარის პირველი პირის გამოსვლაში მეტი სიცხადის შეტანას შეეცადა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და იგი არ უნდა აღიქმებოდეს ოპონენტთან პერსონალურ ანგარიშსწორებად:

„უპასუხა იმ შეფასებებს, რომელიც ეხებოდა ჩვენი რეგიონის ისტორიულ წარსულს. ეს შეფასებები იყო ძალიან სარისკო და შეურაცხმყოფელი. მთავრობის თავმჯდომარის ეს განცხადება კი პოლიტიკური კონტექსტის იყო და გულისხმობდა, რომ ასეთი პოლიტიკური ჯგუფებისა და პერსონების პოლიტიკური მარგინალიზაცია უნდა მოხდეს და არა პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც, შესაძლებელია, მოსახლეობამ ან მედიის წარმომადგენლებმა გაიგონ“.

დეპუტატის ამ შეფასებას არ ეთანხმება უმაღლესი საბჭოს წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე. მისი შეფასებით, აჭარის პირველი პირის განცხადება იყო გადამეტებული, სიტყვაგაქცეული და მოძალადეობრივი, ამიტომ თორნიკე რიჟვაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს:

„მაღალი თანამდებობის პირები ასე არ უნდა მეტყველებდნენ და ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან არ ისახავს მიზნად საზოგადოების შერიგებას და კონსოლიდაციას. პირიქით, გათიშულობისკენ, აგრესიისკენ და ძალადობისკენ წახალისებაა“.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გახმაურებული განცხადების შეფასება სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. პრემიერმა თქვა, რომ მას არ სჯერა რიჟვაძე ოპოზიციის წარმომადგენელს პირადი შურისძიებით დამუქრებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG