Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უთხრა მაჩალიკაშვილებზე ​დეპუტატებს სუსის ხელმძღვანელმა?


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

სუსის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა 3 მაისს დეპუტატებს მიაწოდა მოცულობითი და სრულიად დამაჯერებელი ინფორმაცია ტერორიზმთან დაკავშირებულ ფაქტებზე და მათ შორის - თემირლან მაჩალიკაშვილზეც - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის ამ შინაარსის კომენტარი 7 მაისს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. დეპუტატი ამბობს ასევე, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ აღარ გაჰკვირვებია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსი.

თქვა თუ არა სუსის ხელმძღვანელმა პარლამენტის დახურულ სხდომაზე იმაზე უფრო მეტი მაჩალიკაშვილებზე, ვიდრე მანამდე საჯაროდ თქმულა?

სუსის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე 3 მაისს წარსდგა და პარლამენტის სხდომის დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

7 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, ირმა ინაშვილის კომენტარზე დაყრდნობით, რომ სუსის ხელმძღვანელისგან დეპუტატებმა მიიღეს მოცულობითი და ისეთი დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ შეკითხვა აღარავის გასჩენიათ.

  • არავითარი საფუძველი არ მაქვს, სარწმუნოდ არ მივიღო ის ინფორმაცია, რაც დახურულ შეხვედრაზე გაახმოვანა სუს-ის უფროსმა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
  • ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, ძალიან ბევრ ეპიზოდზე მივიღეთ სიღრმისეული განმარტებები, დარბაზში არცერთ დეპუტატს შეკითხვა აღარ დარჩა, რა მოხდა პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით.
  • სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო.
  • ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი...
  • ამის დამადასტურებელი მასალები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

ირმა ინაშვილის ამ შინაარსის კომენტარები 7 მაისს არაერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა და მათ შორის იყო: ipress, 2020 NEWS, newsreport.

“აიპრესის” ცნობით, ირმა ინაშვილმა განაცხადა ასევე, რომ სუსის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადება მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი.

"მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პარლამენტში ვახტანგ გომელაურთან დახურული შეხვედრისას საუბარი იყო არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას საქართველოში და სატელეფონო ჩანაწერის ეპიზოდი ამ კონტექსტში ჯდება“.

რომან გოცირიძეს ახალი არაფერი გაუგია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რაც თქვა პარლამენტის დახურულ სხდომაზე, ამის თქმის უფლება არავის აქვს, მაგრამ მაჩალიკაშვილის საქმეზე 3 მაისს არ თქმულა იმაზე მეტი, ვიდრე საზოგადოებამ იცის, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ.

„იქ არ თქმულა ისეთი რამ, რაც არ ყოფილა გავრცელებული საჯაროდ, მათ შორის - თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში, ვინ დახვდა. საუბარი იყო საბანკო ანგარიშებზე.

ყველაფერი ეს საზოგადოებას ჰქონდა მოსმენილი მანამდეც. იყო დეტალები, რისი თქმაც საჯაროდ არ შეიძლება, მაგრამ ეს უფრო არა მაჩალიკაშვილს, არამედ საქართველოში მოქმედ სპეცსამსახურებს ეხებოდა“.

რა უთხრა ირმა ინაშვილმა რადიო თავისუფლებას?

8 მაისს ირმა ინაშვილს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ვახტანგ გომელაურმა დახურულ მოსმენაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ილაპარაკა ორ საქმეზე - პანკისსა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციებზე.

გააცნო თუ არა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს კონკრეტული დეტალები ტერორისტულ აქტის დაგეგმვაში თემირლან მაჩალიკაშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ?

ამ შეკითხვის საპასუხოდ ირმა ინაშვილი ამბობს: „თემირლანზე იყო საუბარი, მაგრამ მე არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი, რომ შევაფასო თემირლანის მონაწილეობა ან არმონაწილეობა საქმეში“.

რაც შეეხება 7 მაისს სუსის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, ირმა ინაშვილის თქმით, „თუკი ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან და უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.

რა მოვლენას დაემთხვა აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება

რატომ გაავრცელა სუსმა აუდიოჩანაწერი სწორედ ახლა? ამ შეკითხვას რომან გოცირიძე სვამს. დეპუტატი ფიქრობს, რომ მასალების გამოქვეყნება დროში საგანგებოდ დაამთხვიეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა პარლამენტის სხდომაზე 14 მაისისთვის დაიგეგმა.

„ცოტა უცნაური დამთხვევაა... საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი საშუალება, სადაც შესაძლებელია ამ საკითხის გამოძიება ისე, რომ ჰქონდეს ნდობა. როცა არ არის გამოძიებული გახმაურებული საკითხები და დიდია უნდობლობა, ჩვენ ხელაღებით ამის (ჩანაწერის) დაჯერება არ შეგვიძლია.

მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ ჩანაწერში, ის ვერაფრით ვერ ახსნის და ვერ გაამართლებს თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ საწოლში მკვლელობის ფაქტს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG