Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდოდა და რა მიიღო "ქართულმა ოცნებამ"


ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 14 ნოემბერი, 2019 წ.
ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 14 ნოემბერი, 2019 წ.

„ქართული ოცნების“ მოწოდება, რომ მოლაპარაკებათა შუამავალ დიპლომატებს მისი სიმართლე დაედასტურებინათ - მოწოდებად დარჩა. 11 მაისს, დღის ბოლოს, აშშ-ის საელჩომ გამოქვეყნა ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ 8 მარტის ორნაწილიანი შეთანხმება ითვალისწინებს იმ საკითხების გადაჭრასაც, „რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“. 11 მაისს ვითარება გამწვავდა. ოპონენტები ხელისუფლების განცხადებების მიღმა ხედავენ თადარიგის დაჭერას - 8 მარტს სიმწრით შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისთვის და თანაც ისე, რომ ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი 2020 წლის არჩევნები 8 მარტს შეთანხმებული სისტემით აღარ ჩატარდება? ვინ გადაიხდის ჩაშლილი შეთანხმების საფასურს? რას აპირებს ოპოზიცია და რას ურჩევენ მათ მეთვალყურეები?

ამერიკის საელჩოსა და სხვა ფასილიტატორების პოზიცია მკაფიოა - 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორი ნაწილი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, უნდა შესრულდეს ორივე ნაწილი და მათ შორის - ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც მართლმსაჯულების პოლიტიზებაზეა ლაპარაკი.

  • „მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან“;
  • „ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“.

იგივე წერია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ 8 მარტს ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაშიც - „აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“.

„ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ მხილებულია სიცრუეში... ამაზე ნათლად რა უნდა თქვან დიპლომატებმა?! პირდაპირ ხომ არ იტყვიან, გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტპატიმრებიო? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონლური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

მართალია, ამერიკის საელჩო შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებისკენ ორივე მხარეს მოუწოდებს, მაგრამ ოპოზიციისა და ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ:

  • იმ საკითხების გადაჭრა, „რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“, მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია და, შესაბამისად, საელჩოს მოწოდების ეს ნაწილი სწორედ ხელისუფლებისკენ არის მიმართული.
  • განცხადება ადასტურებს პოლიტიკური ჩარევის შემთხვევების არსებობასაც. აქ მოხმობილია მარტივი ლოგიკა: თუკი ასეთი პრობლემა არ არსებობს, არც განცხადების ეს აქცენტი იარსებებდა.

ოპოზიციის აზრით, აშშ-ის საელჩომ თავისი მკაფიო პოზიცია ჯერ კიდევ 14 აპრილს დააფიქსირა, როდესაც მყისიერად გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის 5-წლიან საპატიმრო განაჩენს.

ამერიკის საელჩოს მიერ 14 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად:

  • ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას;
  • 8 მარტის ერთობლივი განცხადება სამართალწარმოების მიუკერძოებლობის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ისახავდა მიზნად;
  • ხელმომწერმა მხარეებმა სრულად უნდა დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, ასევე 14 აპრილს გამოაქვეყნა თავისი განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - კარლ ჰარცელმა.

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“, - წერდა ელჩი ჰარცელი.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია უცვლელია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერენ 8 მარტის შეთანხმების საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ნაწილს, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს მეორე ნაწილსაც - რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უკავშირდება.

„თუ სრულად არ შეასრულებენ და არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს... თუ ორივე ნაწილი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაშლილია. ჩვენთვის მიუღებელია შეთანხმების მხოლოდ ნაწილის შესრულება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.

შესაბამისად, ის სრულად იზიარებს და იწონებს აშშ-ის საელჩოს 11 მაისის განცხადების შინაარსს.

  • 8 მარტს გაფორმებულ ორნაწილიან შეთანხმებაში გვარები დასახელებული არ არის;
  • თუმცა შეხვედრის ძალიან ბევრი მონაწილე ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეხვედრაზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლების პირობა დადო;
  • ამ დაპირებით აიხსნება ტექსტში პრეზიდენტის ხსენებაც - როგორც შეწყალების დისკრეციული უფლების მქონე პირის;
  • ამ ჩამონათვალიდან გათავისუფლებულია მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების გამო გასამართლებული ბესიკ თამლიანი.
  • ამგვარ დაპირებას უარყოფს ხელისუფლება და 11 მაისს ელჩებსაც ამის დამოწმებისკენ მოუწოდებდა.

11 მაისს ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულ მრავალრიცხოვან კომენტარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ შეუძლებელია მათი მხრიდან დადებულიყო პირობა კონკრეტული დამნაშავეების გათავისუფლების თაობაზე და რომ მათი გამოშვება-არგამოშვების საკითხზე მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტებმა უნდა იმსჯელონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ოპოზიციური პარტიის პროცესიდან გამოთიშვის შემთხვევაშიც შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 113 ხმის შეგროვება - 11 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაუშვა ამ ცვლილებების ჩავარდნის ალბათობა და მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ. ამ რადიკალური გეგმების ხელშემწყობად განიხილება ყველა ის პირი - მათ შორის ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი - ვინც ამ საკითხში ოპოზიციის მხარდაჭერას გამოხატავს.

ანდრიუს კუბილიუსზე დღეს მთელი სახელისუფლებო გუნდია გაბრაზებული 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით 7 მაისს გამოქვეყნებული ღია წერილის გამო.

„ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩაიშალოს მთლიანად 8 მარტის შეთანხმება და მორიგ ჯერზე ჩავარდეს საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი... ოღონდ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ამჯერად შემდეგ ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის - „სამოქალაქო იდეა“ - ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი.

მან ასევე გვითხრა:

  • „დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თანხმობას აძლევდა 8 მარტის შეთანხმებას, პარალელურად ფიქრობდა გამოსავალზე - ზუსტად ისე, როგორც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გაცემული დაპირების დროს და მერე ვნახეთ ის, როგორც დასრულდა“;
  • „მაშინაც პირველი წამიდან ვიყავი დარწმუნებული, რომ ამას არ გააკეთებდა „ქართული ოცნება“ - არ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და ახლაც დარწმუნებული ვარ ამაში“.

თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენოს ეს საკითხი სასწორზე და აუცილებლად უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

თუკი „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას არ შეიცვლიან, 113 ხმის მოსაგროვებლად გადამწყვეტი როლი მიენიჭება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ხმებს. როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა - ცვლილებების გასატანი ხმები შეგროვდება.

„თითოეული პოლიტიკური ლიდერისა და ჯგუფის ვალდებულება, განსაკუთრებით საპარლამენტო სივრცეში, არის ის, რომ არ მივცეთ მანიპულირების უფლება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციურ ძალებს. საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს და ჩვენ დავინახავთ - აქვს თუ არა რეალური პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“, რომ შეიტანოს რეალური ცვლილებები... ხმები საკმარისზე მეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად როგორც „ქართული ოცნებიდან“, ასევე სხვა ფრაქციებიდან და დამოუკიდებელი დეპუტატებიდან“.

პარლამენტის თავმჯდომარე 8 მარტის შეთანხმების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:25 0:00

დახურული შეხვედრის შინაარსის აფიშირებისა და საკუთარი სიმართლის დადასტურებისკენ დიპლომატიურ კორპუსს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა. 11 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნათქვამის თანახმად, ელჩებს ორი რამ უნდა გაეკეთებინათ:

  • „ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“.
  • „ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში“.

„აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს, თუმცა ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - თქვა თალაკვაძემ.

ანალიტიკოსებისთვის ცხადი იყო, რომ დიპლომატები 8 მარტის დახურული შეხვედრის დეტალების გამომზეურებას, გვარების დასახელებასა და მტყუან-მართლის გარჩევას არ დაიწყებდნენ ისე, როგორც ამისკენ მათ 11 მაისს „ქართული ოცნება“ მოუწოდებდა. ამიტომ ეს მოწოდებები უხერხულად და არაეთიკურად შეაფასა ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტმა, გიორგი რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული ოცნების“ წინასწარი გათვლა დიპლომატების შეზღუდულ უფლებებს უკავშირდებოდა.

„დიპლომატიური კორპუსი თავის მანდატს ვერ გასცდება, განსაკუთრებით საჯარო სივრცეებში, და ამ მოცემულობის ხარჯზე „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ოპოზიცია იტყუება და თუ ყველაფერი ჩაშლისკენ წავიდა, ისრები გადაიტანოს ოპოზიციისკენ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG