Accessibility links

რა შესთავაზა „წიგნების თაობამ“ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილ ბავშვებს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მუშაობა ქუთაისის ლიტერატურულმა კლუბმა „წიგნების თაობამაც“ პირველ აპრილამდე შეაჩერა. კლუბი 5-დან 13 წლამდე 150 ბავშვს აერთიანებს. ჩვეული რეჟიმით მუშაობის დროს, ბავშვები კვირაში სამჯერ, რამდენიმე საათით იკრიბებიან, პედაგოგებთან ერთად წიგნებს კითხულობენ და შემდეგ წაკითხულის გაანალიზებას ცდილობენ.

იძულებითი არდადეგების შემდეგ, კლუბის ფეისბუკის გვერდზე 13 მარტს ასეთი შეტყობინება გამოჩნდა:

„ბავშვები სახლში?! ჰო და, ჩვენც იქ ვართ, სადაც ბავშვები არიან!

დავრჩით მარტო შენობაში
აღარ გვქონდა საქმე,
მაგრამ, კარგად რომ დავფიქრდით...
ვთქვით: ვერ მოიცდის საქმე!

გადმოვდეთ ყველა საყვარელი წიგნი და თქვენს გასამხნევებლად გამოვემართეთ.

რჩევა-რჩევაში ჩვენი საყვარელო პოემა „შემოგვეკითხა“. ვიხალისეთ, ვიცინეთ, შეცდომებიც დავუშვით, ახლა კი, თქვენი გაღიმების დროა. თუმცა, გართობასთან ერთად, საქმეც გავაკეთეთ და ყოველ საღამოს, შედეგებს გაგიზიარებთ.

გადაივლის ეს კორონა
ჩვენ შევხვდებით ისევ,
მანამდე კი, ბავშვებო,
მოუსმინეთ წიგნებს!“

კლუბის დამფუძნებლებმა სახლში დარჩენილი ბავშვებისთვის მათი საყვარელი ნაწარმოებების გახმოვანება დაიწყეს, ილუსტრაციებით გადაფარეს და „ვიდეო ამბები“ უწოდეს. პირველი, რაც ბავშვებს შესთავაზეს, ანა კემპის და სარა ოგილვის „თავნება პრინცესა“ იყო.

„ვიდეო ამბები“ ორ დღეში 7 ათასამდე მომხმარებელმა ნახა. ლიტერატურული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო საკანდელიძე გვეუბნება, რომ ფეისბუკის გვერდზე პირველი ვიდეოამბის გამოქვეყნებას ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა, არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების მხრიდანაც.

პირველი ზღაპარი კლუბში ჩაწერეს და თავადვე დაამონტაჟეს. მეორე ვიდეოამბავზე კი თავადაც დისტანციურად იმუშავეს. სოფოს თქმით, „ვიდეო ამბები“ გათვლილია 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა კომენტარებიდან ჩანს, რომ მათ სხვადასხვა თაობის მაყურებელი ჰყავს: „ვფიქრობდით, დაგვედო თუ არა, იმიტომ რომ არის შეცდომებიც. ჩვენ არ ვართ პროფესიონალები. მაგრამ გამოხმაურება იმდენად კარგი იყო, სტიმული მოგვცა, რომ კიდევ ჩაგვეწერა. ვფიქრობთ, დავიხვეწოთ და ჩავრთოთ ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ეხლა ვჭირდებით ყველაზე მეტად ბავშვებს და მშობლებსაც, რომლებსაც შვილები სახლში ჰყავთ და უნდა გადაატანინონ ეს რთული სიტუაცია“. სოფო საკანდელიძის თქმით, უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც გეგმავენ პატარა მოთხრობების ვიდეოამბად ჩაწერას და ილუსტრირებას.

ლიტერატურული კლუბის პედაგოგი ანა შალიკიანი, რომელიც „ვიდეო ამბების“ ერთ-ერთი გამხმოვანებელი და მემონტაჟეა, გვეუბნება, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ: „ვიდეოზღაპრების კიდევ ერთი სიკეთე ისიცაა, რომ არა მხოლოდ ჩვენი კლუბის ბავშვებს ვფარავთ, არამედ სხვებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, მოისმინონ ეს ზღაპრები და სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარონ სახლში ყოფნის პერიოდი“.

ანა შალიკიანი მიიჩნევს, რომ ლიტერატურული კლუბის წევრების ინიციატივა დისტანციური სწავლების ერთგვარი მცდელობაცაა. „წიგნების თაობის“ წარმომადგენელები აპირებენ, რომ „ვიდეო ამბების“ გამრავალფეროვნებისთვის მოხალისეებად დაიხმარონ მსახიობები და სხვა მსურველები, რომლებიც დისტანციურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის „ვიდეო ამბების“ მომზადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG