Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებების 4 პროექტი - რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან?


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიურომ 11 მარტს ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათგან ერთის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატთა ექვსკაციანი ჯგუფი, ხოლო მეორე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიასა და 12 ოპოზიციონერი დეპუტატის ავტორობითაა მომზადებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ორი ინიციატივა, რომელთაგან ერთი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ეკუთვნით, ხოლო მეორე „ევროპულ საქართველოს“.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ზოგადად რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. ზემოთჩამოთვლილი ოთხი ინიციატივიდან რომელს აქვს საკანონმდებლო ნორმად ქცევის ყველაზე მაღალი შანსი, ძნელი მისახვედრი არ არის. თუმცა ოთხი კანონპროექტიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ორი - ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტები.

ირაკლი კობახიძის კანონპროექტი:

წარმოდგენილი კანონპროექტით მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია. პროცესი იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სრულდება საქართველოს პარლამენტში.

ამ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად კანდიდატი შეიძლება იყოს მოქმედი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე და სამართლის დარგის კვალიფიციური სპეციალისტი.

კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პარლამენტისთვის წარსადგენად კანდიდატი არჩეული იქნება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც.

ეკა ბესელიას კანონპროექტი:

ეკა ბესელიასა და დეპუტატთა 12 კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის 10 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და არ არის ნასამართლევი.

ამ კანონპროექტით, მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი.

საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიიღოს, ხომ არ იყო იგი იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელში მსჯავრდებული არის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან დევნილი პირი; ასევე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესში საკომიტეტო დონეზე ერთვება 9 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფი. საკომიტეტო მოსმენაზე თითოეული კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული. პლენარულ სხდომაზე კი კენჭი ეყრება ყველა კანდიდატს, მათ შორის მათ, ვისაც იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს პარლამენტი უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

რა განასხვავებს ერთმანეთისგან ბესელიასა და კობახიძის კანონპროექტებს?

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ირაკლი კობახიძის კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ნომინირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა 2/3-ით ახორციელებს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საბჭოს უმრავლესობას, არამოსამართლე წევრების ხმის იგნორირებითაც კი თავისუფლად შეუძლია სასურველი კანდიდატის გაყვანა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის კანონპროექტი შეიძლება ჩაითვალოს კლანის ინტერესებზე მორგებად.

ეკა ბესელიას კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსის მონაწილის კანონთან შესაბამისობას და გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების არანაკლებ 2/3-ით.

ამავე დროს ირაკლი კობახიძის კანონპროექტისგან განსხვავებით, ეკა ბესელიას კანონპროექტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულად აქვს დაკარგული ფილტრის ფუნქცია. ანუ კანდიდატთა კომპეტენციებისა და კეთილსინდისიერების შეფასებაც კი პარლამენტში გადადის. პირობითად 200-მა კაცმა რომ შეიტანოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება, 200-ვე შეიძლება წარედგინოს პარლამენტს.

ინფორმაციის შეზღუდვა: ამ მიმართულებით ექსპერტთა ყურადღებას განსაკუთრებით იმსახურებს ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი. ამ პროექტით კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მხოლოდ. ეკა ბესელიას პროექტით სამუშაო ჯგუფს ენიჭება ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება, ამავე მიზნით, ჯგუფი უფლებამოსილია კანდიდატზე ინფორმაცია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოიპოვოს, მათ შორის სპეციალური ვებგვერდის საშუალებით.

საკვალიფიკაციო გამოცდა: ერთგვარ ბარიერად მიიჩნევა ასევე მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისგან, ჩაბარებული ჰქონდეთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ამგვარი გამოცდა პრაქტიკულად არ აქვთ ჩაბარებული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ვინც აქტიურად უნდა მოიაზრებოდნენ უზენაესი სასამართლოს პოტენციურ წევრებად.

გია გვილავა
გია გვილავა

​"კანონის და სისტემის დახვეწის პრობლემა ნაკლებად გვიდგას. უმწვავესი პრობლემა სხვა არის. ეს არის არაკეთილსინდისიერი ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას და რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დიდი გავლენის მქონე ნაწილი,“- გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა გია გვილავამ.“- "ესაა პრობლემა.არაკეთილსინდისიერი ხალხის პირობებში გამორიცხულია კანონმა რეალური ხელშესახები ცვლილება გამოიწვიოს. აქ მთავარია პოლიტიკური ნება და ამის გარეშე არც ერთ კანონს აზრი არა აქვს,“-ამბობს გია გვილავა. მის მოსაზრებას იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი სკეპტიკურად უყურებს, როგორც უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ისე ეკა ბესელიას გააქტიურებას სასამართლოს გაჯანსაღების მიმართულებით:

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

​"უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი უნდა დარეგულირებულიყო, უნდა განხორციელებულიყო მანამდე, ვიდრე კონსტიტუციის ნორმები ამოქმედდებოდა, რადგან სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები და ამ რისკის წინაშე არ უნდა დავმდგარიყავით.ხომ იყო ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე? ვინმემ ნახა აქამდე მისი პროექტი? რაც შეეხება კვორუმს-2/3 არამოსამართლე წევრების და 2/3 მოსამართლე წევრების არსობრივად არაფერს არ ცვლის. არამოსამართლე წევრების 2/3 არის 4 ადამიანი და მე და ანა დოლიძე იქაც გამოვირიცხებით,“- გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც ფიქრობს რომ ეკა ბესელიას კანონპროექტზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამ ეტაპზე შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იგი უპერსპექტივოა.

„აქვს თუ არა ხელისუფლებას ინტერესი, სურვილი, მოტივაცია საკმარისი იმისა, რომ შეცვალოს კლანი? ხელისუფლებას რომ ამის სურვილი ჰქონოდა, მაშინ პროექტში ეს სულისკვეთება ჩაიდებოდა,“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი ამჯერად უკვე უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტზე და დასძენს, რომ „კლანის ძალაუფლება გალამაზებული პროცედურებით ვერ შეიცვლება“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების პროექტით მიმართეს პარლამენტს. მათი ინიციატივა მოიცავს 5 პრინციპს:

  • საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადებას
  • ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრისთვის კონკურსში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას
  • გასაუბრების ღიად ჩატარებას და
  • გადაწყვეტილების მიღებას კონსენსუსის გზით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა, მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენის წესს შემდეგნაირად განსაზღვრავს:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად დასახელების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება. თუკი კანდიდატი აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს, იგი ავტომატურად მოხვდება პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში. საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი, კენჭისყრაში მონაწილეობას კი არ მიიღებს თავად ის წევრი, რომელმაც განსახილველი კანდიდატი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG